მონტენეგრო ნატოს 29-ე წევრი ოფიციალურად გახდა

მონტენეგრო ნატოს 29-ე წევრი ოფიციალურად გახდა

მონტენეგრო ნატოს 29-ე წევრი 5 ივნისს ოფიციალურად გახდა. ოფიციალური ცერემონია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შენობაში გაიმართა, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დაესწრო.

ცერემონიის ფარგლებში მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანების ოქმი ქვეყნის პრემიერმინისტრმა დუშკო მარკოვიჩმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს თომას შენონს გადასცა. ნატოს კარები ღია რჩება - განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილე თომას შენონმა.

„მონტენეგროს გაწევრიანება ნატოში იმის დასტურია, რომ ნატოს კარი ღია რჩება იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც რეფორმების გატარება სურთ, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ ნატოს მაღალ სტანდარტებს შეესაბამებოდეს და მზად არიან წევრობასთან დაკავშირებული ყველა რისკის, ვალდებულებისა და სარგებლის მიღებისთვის“, - განაცხადა შენონმა.

„მონტენეგროს ნატოში გაწევრიანება სიგნალს აძლევს სხვა სახელმწიფოებს, ვინც ორგანიზაციაში წევრობისკენ ისწრაფვიან, რომ თუკი ქვეყანა რეალურ რეფორმებს ახორციელებს, ავითარებს დემოკრატიას, აძლიერებს მართლწესრიგს, საკუთარი სამხედრო ძალების მოდერნიზებას ახორციელებს და წვლილი შეაქვს ჩვენს თავდაცვაში, მასაც შეუძლია ალიანსში გაწევრიანება“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.