საუდის არაბეთში ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ მაუწყებლობის ლიცენზია ჩამოართვეს

საუდის არაბეთში ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ მაუწყებლობის ლიცენზია ჩამოართვეს

საუდის არაბეთის ინფორმაციისა და კულტურის სამინისტრომ დრეს ყატარის თანამგზავრული ტელეარხის, „ალ-ჯაზირას“ დახურვის გადაწყვეტილება მიღო და მას სამეფოში მაუწყებლობის ლიცენზია ჩამოართვა.

„აღნიშნული ნაბიჯი მიღებულია მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“ ტერორისტული დაჯგუფებების გეგმებს აშუქებდა. ტელეკომპანიამ ზიანი მიაყენა საუდის არაბეთის სამეფოს სუვერენიტეტს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ბაჰრეინმა, საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს. ბაჰრეინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულია ყატარის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო, რაც მიმართულია ბაჰრეინის უსაფრთხოების დესტაბილიზაციაზე, შიდა საქმეებში ჩარევაზე, ტერორიზმის მხარდაჭერაზე და ირანთან დაკავშირებული დაჯგუფებების დაფინანსებაზე, რომლის მიზანი ბაჰრეინში ქაოსის შექმნაა. 

საუდის არაბეთმა თავისი გადაწყვეტილება უსაფრთხოების უზრუნველყოფით განმარტა. ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აღნიშნეს, რომ ყატართან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა მიიღეს იმ ფაქტის გამო, რომ ყატარი ხელს უწყობს „ალ ქაიდასა“ და „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგიის გავრცელებას, სინას ნახევარკუნძულზე ტერორიზმის მხარდაჭერას და ეგვიპტის შიდა საქმეებში ჩარევას.