ირაკლი კობახიძის განცხადებით, იგი მზადაა მთავრობის წევრებთან კონსულტაციებისთვის

ირაკლი კობახიძის განცხადებით, იგი მზადაა მთავრობის წევრებთან კონსულტაციებისთვის

პარლამენტის ბიუროს სხდომა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვებოდა, 14-16 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს.

მომავალი კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში ექვსი კენჭსაყრელი და 35-მდე განსახილველი საკითხია, მათ შორის, რამდენიმე სარატიფიკაციო დოკუმენტი და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" 2016 წლის ანგარიში. დღის წესრიგს ასევე დაემატება იმ საკითხთა ჩამონათვალი, რომლებსაც კომიტეტები მიმდინარე კვირას განიხილავენ.

საპარლამენტო უმცირესობა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავებასთან დაკავშირებულ საქმეზე შსს-სა და სუსი-ს ხელმძღვანელების პარლამენტში მოწვევას ითხოვს. ოთარ კახიძემ საპარლამენტო უმცირესობის სახელით, კონსულტაციებში ჩართვის თხოვნით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, იგი მზადაა მთავრობის წევრებთან კონსულტაციებისთვის. „თემა თავისთავად არის აქტუალური, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენთვისაც საინტერესოა. ზოგადად, რაც შეეხება კომუნიკაციას მთავრობასა და პარლამენტს შორის, ამასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვექნება აქტიური სამუშაო და, შესაბამისად, ვეცდებით, რომ ამ საკითხის გამო გვქონდეს აქტიური კომუნიკაცია მთავრობას და პარლამენტს. პირადად მე მზად ვარ ამ საკითხში ჩემი წვლილი შევიტანო", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბიუროს წევრებმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელეს და მათი შემდგომი განხილვის პროცედურები განსაზღვრეს. ახალ საკანონმდებლო ინიციატივათა შორისაა კანონპროექტი „შრომის უსაფრთხოების შესახებ".

ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ წარმოდგენილი იყო „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის  საყოველთაო-სახალხო განხილვის შემაჯამებელი ოქმი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოქმში დეტალურადაა ასახული საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატში გამართული შეხვედრების შედეგები.

პარლამენტის ბიურომ ცნობად მიიღო 26-29 მაისს თბილისში გამართული ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის მონაწილეობის ანგარიში, დაამტკიცა ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებები და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს  წევრობის-მეურვეობის კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის დებულება. ბიურომ, პარლამენტის თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება შპს „საფინანსო კომპანია საქართველოსთან" დაკავშირებული საკითხების შესასწავლად მომხსენებელთა ჯგუფის შექმნის თაობაზე.