8+1 - ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაცვლად

8+1 - ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაცვლად

წელს ბოლო ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება. მომავალი წლიდან უმაღლეს სასწავლებლებში ახალი კონტინგენტის მიღება გამოსაშვები-საატესტატო 8 გამოცდითა და ზოგადი უნარების ერთი გამოცდით მოხდება. ამის შესახებ გუშინ "მასწავლებლის სახლში" თავად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. "...მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება. ახლა არის 8 საატესტატო გამოცდა და 4 უმაღლესში მისაღები გამოცდა. სკოლის 8 გამოცდისთვის ცალკე ემზადება ბავშვი, მერე ქირაობს რეპეტიტორს და ემზადება დანარჩენი 4 გამოცდისთვის. რეპეტიტორის ქირაობის საშუალება ბევრს არ აქვს. აღმოჩნდა, რომ საზოგადოება ისევ დავყავით პრივილეგირებულ, ცხვირაწეულ ტიპებად და დანარჩენ საზოგადოებად. ამას მე ვერასოდეს მივიღებ," - უთხრა სააკაშვილმა შეკრებილებს.

"ჩვენ დავკარგეთ დრო. განათლების სამინისტროში ამაზე კამათში რომ არ გეტარებინათ დრო, წელს უკვე ეროვნული გამოცდები აღარ ჩატარდებოდა. მომავალ წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები აღარ ჩატარდება. იქნება 8 გამოცდა და 1 ტესტი მხოლოდ უნარ-ჩვევაში, როგორც არის საფრანგეთში, გერმანიაში და ყველა ცივილურ ქვეყანაში და ამ გამოცდების შედეგებით ახალგაზრდები ჩააბარებენ უმაღლეს სასწავლებელში. ვისაც სკოლა უკვე დამთავრებული აქვს, იმათთვის ცალკე შევქმნით ტესტებს... ადრე გამოცდები იყო რატომღაც მარტო ზაფხულში. ბავშვები, რომლებიც ვერ ჩააბარებენ, წლის განმავლობაში როცა მოუნდებათ, მაშინ სცადონ გამოცდების ჩაბარება. როცა ჩააბარებენ, მაშინ ჩააბარონ," - თქვა პრეზიდენტმა გუშინდელი გამოსვლისას.

8%1 (8 საგანი და 1 ზოგადი უნარები) მოდელით უმაღლეს სასწავლებლეში სტუდენტების მიღების იდეა გასულ წელს სწორედ მაშინ გაჩნდა, როცა პირველად გამოსაშვები-საატესტატო გამოცდები შემოვიდა. როგორც ცნობილია, საატესტატო გამოცდები კატ-ის (კომპიუტერთან ადაპტირებული ტესტირებით) ტიპის საგამოცდო მოდელით ტარდება. სისტემის მიხედვით, სკოლდამთავრებული კომპიუტერთან ზის და სპეციალური პროგრამით შეკითხვებს პასუხობს. კითხვა მარტივი დავალებით იწყება და თანდათან რთულდება...

შარშანვე გამოცდების ეროვნული ცენტრის ახლა უკვე ყოფილი დირექტორი და მისი მოადგილეც (ახლა უკვე ყოფილი) ამბობდნენ, რომ საატესტატო გამოცდებით სტუდენტების უმაღლესებში მიღების იდეა მართლაც არსებობს, მაგრამ ეს ისეთი ტიპის საატესტატო გამოცდების ტესტებით, რომლებიც ახლა გვაქვს, შეუძელებლია.

პრეზიდენტმა გუშინდელი გამოსვლისას აღნიშნა, რომ სამინისტროში ამის შესახებ კამათი ყოფილა.

როგორც მაია მიმინოშვილი სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ "რეზონანსთან" საუბრისას ამბობდა, "საუბარი იყო იმაზე, რომ გამოსაშვები გამოცდები იმ ფორმით (კომპიუტერთან ადაპტირებული ტესტირება, რომლის დროსაც სკოლადამთავრებული მარტივი დავალებების ხარჯზე ახერხებს ბარიერის გადალახვას - რედ.) დარჩეს, როგორც ვატარებთ, და ამას დაემატოს უნარების გამოცდა. აი, აქ იყო ჩვენი უთანხმოება, რადგან ამ ფორმატით - კომპიუტერთან ადაპტირებული ტესტირებით, როგორიც არის გამოსაშვები გამოცდები, უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების სისტემა ვერაფრით ვერ იქნება. მაშინ, უნდა შეიცვალოს ტესტები, უნდა დაემსგავსოს მისაღები გამოცდების ტესტების ფორმატს, სადაც ღია დავალებებიც გვაქვს და დახურულიც; ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტი, საატესტატო გამოცდისგან განსხვავებით, ასევე, იძლევა აბიტურიენტის წერის კულტურისა და ლოგიკური უნარის, მათემატიკური მსჯელობის უნარის შემოწმების საშუალებას. ყოველივე ამის საშუალებას გამოსაშვები გამოცდების ტესტი ნაკლებად იძლევა..."

აკადემიკოსი ზურაბ ვახანია თვლის, რომ თუკი საატესტატო გამოცდებით მოხდება სტუდენტების ჩარიცხვა უმაღლეს საწავლებელში, მაშინ უნდა შეიცვალოს საატესტატო გამოცდის ტესტი.

"იმ საატესტატო ტესტით, რაც ახლა გვაქვს, მართლაც არ შეიძლება სტუდენტების ჩარიცხვა უმაღლეს სასწავლებლებში. შეიცვლება თუ არა ეს ტესტები ისეთად, რომ დაემსგავსოს უმაღლესში მისაღებ ტესტს, აქ ტექნიკური სიძნელე იქნება. მარტივად რომ ვთქვა, არ შეიძლება არაფერი დაწეროს აბიტურიენტმა და ისე გახდეს სტუდენტი. ასეთი რამე არსად არ ხდება! უბრალო რამე - შეუძლია თუ არა აბიტურიენტს მსჯელობა, აზრის ჩამოყალიბება - ეს სად უნდა შემოწმდეს?! ამ საატესტატო ტესტში მარტო პასუხებია შემოსახაზი. ასეთივე ტესტია ზოგადი უნარების ტესტებიც, რომელსაც უმატებენ. აქაც მარტო შემოსახაზებია. ამ ტესტში მაინც უნდა დაამატონ რამე დასაწერი. აპირებენ ამას თუ არა, არ ვიცი."

ილიაუნის პროფესორი გიორგი გახელაძე ამასთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის იმ გამოსვლას იხსენებს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ შედგა და 8%1 მოდელის ინიციატივაზე ისაუბრა.

"მინისტრმა თქვა, რომ საატესტატო გამოცდებში წლიდან წლამდე თამასა აიწევდა და გართულდებოდა. თუმცა წელს თამასა აწეული იყო საატესტატო გამოცდებზე მოსწავლის მხოლოდ დაშვების თვალსაზრისით. საზოგადოდ კი ატესტატის ნიშანს პლუს უნარების გამოცდით განვითარებულ ქვეყნებში სტუდენტის მიღება უმაღლეს სასწავლებლებში ნაკლებად ხდება. იქ უნივერსიტეტებს მეტი ავტონომია აქვთ. ჩვენთან გაართულებენ თუ არა ამ სატესტატო გამოცდებს, გახდიან თუ არა უფრო რელევანტურს - ეს უცნობია. თუმცა, აქ გართულება სულაც არ არის მთავარი, რადგან საერთო ჯამში ამ გამოცდებს მაინც ექნება არა უმაღლესში მისაღები გამოცდების ფუნქცია, არამედ გამოსაშვები."

ვახანია თვლის, რომ "თუკი დაუმატებენ ყველა საგანს თითო დასაწერს, განსაკუთრებით ქართულ ენასა და ლიტერატურას, ასევე უცხო ენასაც, ეს შედარებით წაადგება საქმეს, მაგრამ აქ მეორე დიდი თავსატეხი ჩნდება:

"მოკლედ, ყველა საგანს უნდა დაემატოს ერთი რამე დასაწერი, წერითი დავალება. მაგრამ ამ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება ამ გამოცდების სკოლაში ჩატარება, რადგან რომ დაწერენ მოსწავლეები, ამ ნაწერებს რა უნდა უყონ?! 2 000 სკოლაში კი იმის გაკონტროლება, რომ არ დაიწყოს მექრთამეობა, ფიზიკურად შეუძლებელია. აქ უკვე ყველანაირი თაღლითობა შეიძლება მოხდეს."

აკადემიკოსი ეჭვობს, რომ სამინისტრო, რაკი წელსვე გეგმავდა ერთიანი ეროვნული გამოცდების გაუქმებასა და უმაღლესებში სტუდენტების მიღებას საატესტატო გამოცდებით, საგამოცდო ტესტის შეცვლას საერთოდ არ აპირებდა.

ზურაბ ვახანია: "ნუ დაწერს ნურაფერს და ისე იყოს სტუდენტიო - ამასაც ფიქრობენ სამინისტროში, როგორც ეს ილიაუნის რექტორმა გიგი თევზაძემ თქვა - რა საჭიროა სტუდენტს რამე დავაწერინოთო. ამ მხრივ რექტორების პოზიცია ასეთია: რაც შეიძლება ადვილი იყოს გასტუდენტება იმიტომ, რომ რჩებათ შეუვსებელი ადგილები და ამით ფული ამოქაჩონ. ძალიან ბედნიერები იქნებიან, თუ სულ გაუქმდება გამოცდები. რაც შეეხება სამინისტროს სურვილს: უნდათ, რაც შეიძლება ნაკლები დარჩნენ რეპეტიტორები, რადგან აქ დიდი ფული ტრიალებს. ანუ მათ კონტროლის გარეშე ტრიალებს დიდი თანხები. როგორც გითხარით, რექტორებს ფულის ამოქაჩვა უნდათ, სამინისტროში - ფულის გაკონტროლება, განათლებაზე კი არც ერთი ფიქრობს და არც მეორე."

პროფესორი გიორგი გახელაძე მიიჩნევს, რომ უმაღლესებში მისაღები საგამოცდო სისტემა უფრო სხვანაირი უნდა იყოს, ვიდრე არის;

"მთავარია უმაღლესი სასწავლებლების როლი, მათი ავტონომიურობა და მათ მიერ დაწესებული მოთხოვნები გახდება სტუნდენტისთვის მისაღები."

შეიცვლება თუ არა საგამოცდო სისტემაში რამე, ამაზე სამინისტროდან არავინ საუბრობს.

2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადება გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა კი უკვე დაიწყო. საამისოდ თბილისში ხუთი საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. საგამოცდო ცენტრები იქნება ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავში, სიღნაღსა და ხულოში.

თბილისის ხუთ საგამოცდო ცენტრში 20 ათასამდე აბიტურიენტი გაივლის საგამოცდო პროცესს, მათგან 3600 - 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 28 ივნისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება. 29 ივნისს ამავე საგნის მეორე სესიაა;

მეორე გამოცდა აბიტურიენტებს2 ივლისს უცხო ენაში ექნებათ;თუმცა 2-ში - მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც გერმანულ ენას აბარებენ;

2, 3 და 4 ივლისს მეორე სესიად ისევ უცხო ენის გამოცდა ამჯერად ინგლისურ ენაში; ფრანგულსა და რუსულ ენებში - 5 ივნისს; 6 ივლისის პირველ სესიაზე აბიტურიენტები ლიტერატურის გამოცდებზე გავლენ; ამავე დღეს მეორე სესიაზე სტუდენტები საგრანტო კონკურსში მოსინჯავენ ძალებს და დაფინანსების გასაუმჯობესებლად ზოგადი უნარების გამოცდას ჩააბარებენ.

უნარების გამოცდას აბიტურიენტები 9-10 ივლისს პირველ და მეორე სესიად ჩააბარებენ; ამას 11 ივლისს მოჰყვება გეოგრაფია; 12 ივლისი - ფიზიკა; 16 ივლისს - ისტორია; 17 ივლისი მათემატიკის გამოცდის დღეა; 18 ივლისი კი ბიოლოგიის;

ერთიანი ეროვნული გამოცდები 19 ივლისს ქიმიის გამოცდით დასრულდება.