რუსეთი თავგამოდებით ცდილობს საქართველოს მრეწველობას როგორმე დარტყმა მიაყენოს. უკვე 5 წელის გავიდა მას შემდეგ რაც ცივ ჩრდილოეთში არაფერი ქართული აღარ ხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა წარმოებამ მართლაც დიდი ზარალი ნახა, თავის გადარჩენა ყველა საწარმომ შეძლო.
როგორც ჩანს, პირველი “ხუთწლედის” გეგმა მოსკოვისთვის მთლად დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა. ახლა კრემლში ცდილობენ ქართულ პროდუქციას სხვა ბაზრებზეც შეუქმნან პრობლემები. ამისათვის, რუსები თავიანთ მოკავშირეებს გამოიყენებენ. ამ შემთხვევაში საუბარი მიმდინარეობს ყაზახეთთან და ბულორუსთან, რომ ამ ქვეყნებმაც “გაატარონ შესაბამისი ზომები” ქართული ნაწარმის წინააღმდეგ.
ამჯერადაც მოსკოვი კვლავ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების წინააღმდეგ გამოდის და ახლადშექმნილ საბაჟო კავშირის წევრებს, ყაზახეთს და ბელორუსს, მოუწოდებს, რომ არცერთი ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე არ შეუშვას.
”რუსეთის, ყაზახეთის და ბელარუსის საბაჟო კავშირის კანონმდებლობის გათვალისწინებით, ჩვენ მივმართეთ კოლეგებს მიღებული ნორმატიული აქტების ფარგლებში ინფორმაციით, რომ ჩვენს ქვეყანაში რიგი საქონლის გამოყენება შეზღუდულია. ჩვენ ვთხოვეთ მათ მიიღონ ზომები, რათა არ დაუშვან რუსეთის ტერიტორიაზე მოლდოვური და ქართული ღვინოების და მინერალური წყლების შეტანა”, - იტყობინება “ინტერფაქსი” ონიშჩენკოს სიტყვებზე დაყრდნობით.
ონიშჩენკოს აზრით, “ეს არ ნიშნავს, რომ ბელარუსს და ყაზახეთს ჩვენს ნებას ვახვევთ და ვზღუდავთ მათ უფლებას გამოიყენონ ეს პროდუქცია, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ ამომწურავი ზომების მიღება რუსეთის ტერიტორიაზე ამ პროდუქციის დაუშვებლობის თაობაზე და ჩვენ გამოვიყენეთ ეს უფლება”.
რუსეთის, ბელორუსისა და ყაზახეთის ერთობლივი საბაჟო კავშირის შექმნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გასული წლის ბოლოს დაიწყო. უკვე მიმდინარე წლის დასაწყისში ამ საკითხზე არაერთი შეხვედრა გაიმართა. მოსკოვს ყაზახეთის ამ კავშირში გაერთიანებაზე დათანხმება არ გაჭირვებია. რაც შეეხება მინსკს, იქ ამ კავშირის შექმნის წინააღმდეგ არაერთი განცხადება გაკეთდა, თუმცა საბოლოოდ კავშირი მაინც შეიქმნა.
შედეგად კი მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ძალაში შევიდა საბაჟო კოდექსი, რომელიც საბაჟო კავშირში გაერთიანებული სამი ქვეყნის ურთიერთობას არეგულირებს. კავშირის ჩამოყალიბების იდეის გაჩენისთანავე გამოითქვა ვარაუდი, რომ საბაჟო კავშირი რუსეთში ქართულ ღვინოს და “ბორჯომს” დააბრუნებდა. ამ ფაქტმა მაშინაც და დღესაც მოსკოვი შეაშფოთა.
ქართულ პროდუქციას რუსული ემბარგო 5 წლის წინათ დაუწესდა. მანამდე კი ქვეყნის საექპორტო პოტენციალი მთლიანად ჩრდილოეთის ბაზარზე იყო დამოკიდებული. რუსეთში გადიოდა ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების 70%, ქართული ღვინის 80% და “ბორჯომის” 60%.
არსებული სტატისტიკით, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ ქართულმა ექსპორტმა 300 მილიონი დოლარის ზარალი განიცადა და ახალი ბაზრების ასათვისებლად წლები დასჭირდა.