მიკროავტობუსის მგზავრებს ყურები ბამბით დაუხშეს

მიკროავტობუსის მგზავრებს ყურები ბამბით დაუხშეს

დედაქალაქში ყოველდღიურად 3000-ზე მეტი სამარშრუტო ტაქსი მოძრაობს და თითოეულს ასობით მგზავრი გადაჰყავს. “მარშრუტკების” ათეულ ათასობით მგზავრს ნებით თუ იძულებით უწევს მძღოლის მიერ ჩართული რადიოს მოსმენა, რომელიც ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ოპოზიციურ რადიოსიხშირეებზე არის მომართული.

ათიათასობით ადამიანისთვის ანტისახელისუფლებო ტიპის ინფორმაციის მოსმენა უკვე თავსატეხად ექცა ნაციონალურ მთავრობას. არადა, ამდენი “მარშრუტკის” გაკონტროლება (უფრო კი მძღოლების დაშინება) შეუძლებელია. ამიტომაც “მარტივი” საშუალება გამოიძებნა. “თბილისის მიკროავტობუსმა” ხელისუფლების სურვილი მიკროავტობუსებში რადიოსიგნალის გათიშვით აასრულა.

“თბილისის მიკროავტობუსის” ცნობით, კომპანიებს, რომლებიც ქალაქ თბილისში მგზავრთა გადაყვანას ახალი ყვითელი მიკროავტობუსებით უზრუნველყოფენ, ხელშეკრულება დამოუკიდებელ იურიდიულ პირთან სარეკლამო მომსახურების თაობაზე აქვთ გაფორმებული.

“ხელშეკრულების მიხედვით, სარეკლამო კომპანია ვალდებულია, მიკროავტობუსებზე გარე რეკლამის განთავსება, ხოლო სამარშრუტო ტაქსების სალონში მონიტორების დამონტაჟება უზრუნველყოს, სადაც სხვადასხვა ხმოვანი სარეკლამო რგოლები განთავსდება. თავის მხრივ ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელმა სატრანსპორტო კომპანიებმა სარეკლამო რგოლების მომხმარებლისთვის შეუფერხებლად მიწოდება, მათი გარჩევადობა და სმენადობა უნდა უზრუნველყონ”, - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე თქმით, მიკროავტობუსებში მონიტორების მონტაჟი უკვე მიმდინარეობს და აღმოჩნდა, რომ ხმოვანი სარეკლამო რგოლის ეკრანზე განთავსებას ხელს სამარშრუტო ტაქსებში გამოყენებული რადიოსაშუალებები უშლის.

“აღნიშნული პრობლემის მოგვარების უზრუნველსაყოფად, სარეკლამო კომპანიამ მიკროავტობუსების მფლობელ კომპანიებს წერილობითი მოთხოვნით მიმართა. რათა მათ დამკვეთი კომპანიების წინაშე აღებული ვალდებულება სრულყოფილად შეასრულონ და სარეკლამო რგოლი მონიტორებზე შეუფერხებლად გაუშვან. შპს “თბილისის მიკროავტობუსის” ტექნიკური სამსახურის გადაწყვეტილებით პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელი გახდა მიკროავტობუსებში რადიო საშუალებებზე ხმოვანი სიგნალების გათიშვა”, - აცხადებენ კომპანიაში.

როგორც მიკროავტობუსებში დამონტაჟებული მონიტორების მფლობელი სარეკლამო კომპანია “ელიპენტის” გენერალური დირექტორი ზაზა ბულისკირია აცხადებს, მასთან სარეკლამო დამკვეთებს პრეტენზია გააჩნდათ, რადგან რადიოს ხმა რეკლამის ხმას ფარავდა.

“სარეკლამო დამკვეთები მსაყვედურობდნენ, რომ რეკლამა, რომელიც მონიტორზე გადიოდა უხმო იყო, სწორედ ამიტომ თხოვნით მივმართე თბილისის მიკროავტობუსს, რომ რამე გამოსავალი ეპოვათ, მათ კი გამოსავალი რადიოს გათიშვით იპოვეს. ჩემთვის მთავარია, ჩემი დამკვეთი კმაყოფილი იყოს. რაც შეეხება მგზავრების პროტესტს, ეს უკვე ჩემი საქმე არ არის”, - განაცხადა ბულისკირიამ.

ტელერადიო კომპანია “მაესტროს” დამფუძნებელი მამუკა ღლონტი მიკროავტობუსებში რადიოსაშუალებებზე ხმოვანი სიგნალების გათიშვის გადაწყვეტილებას “ჰიტლერული გერმანიის იდეოლოგიად” აფასებს.

“რომ არ გავაზვიადო, ესაა ფაშისტური გერმანიის იდეოლოგია. ისიც კი ვერ მოიფიქრებდა ამას. ესაა საშინელი ფაქტი. ყველა ადამიანს აქვთ უფლება, მიიღოს ინფორმაცია მიკროავტობუსში იქნება ის თუ ტაქსში”, - განაცხადა მამუკა ღლონტმა.

მისი აზრით, მომხდარი ადასტურებს, რომ ხელისუფლება ყოველგვარ ზღვარს გადასცდა. “კარგი იქნებოდა გამოკითხვა მაინც რომ ჩაეტარებინათ იმასთან დაკავშირებით, რა უფრო ურჩევნიათ მოქალაქეებს - რადიოს მოსმენა თუ ნაციონალური მოძრაობის რეკლამების ყურება?” - აღნიშნა ღლონტმა.

რადიო “პალიტრის” გენერალური დირექტორი ნინო ქვარიანი “თბილისის მიკროავტობუსის” გადაწყვეტილებას მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიღების შეზღუდვის მცდელობად აფასებს. მისი თქმით, მიკროავტობუსის მძღოლები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციას რადიოს მეშვეობით იღებდნენ და აღმოჩნდება, რომ მათ ამის საშუალება აღარ ექნებათ.

“ამ გადაწყვეტილებას აქვს მეორე მხარეც. ეს არის კერძო კომპანიის გადასაწყვეტი. თუ ის თვლის, რომ მარკეტინგულად და ფინანსურად, ბიზნეს თვალსაზრისით მომგებიანია, ჩვენ არ გვაქვს უფლება ავუკრძალოთ, თუმცა ჩვენთვის, როგორც რადიომაუწყებლისთვის არ არის სასიამოვნო ფაქტი”, - აცხადებს ქვარიანი და დასძენს, რომ რადიო “პალიტრას” არაერთ მიკროავტობუსში ჰყავს თავისი მსმენელი.

რადიო “იმედის” გენერალური დირექტორი კი “თბილისის მიკროავტობუსის” გადაწყვეტილებაში ტრაგედიას ვერ ხედავს. როგორც ნინო გაბრიაძემ განაცხადა, ნებისმიერ კერძო მფლობელს თავისი მარკეტინგული მიდგომა აქვს.

“მე, როგორც ხელმძღვანელს, ვერავინ მიკარნახებს როგორ მოვიქცე და ასევე მე ვერ ვუკარნახებ ვერავის. ეს ჩვეულებრივი ბიზნესის კანონებია, რომელსაც ყველა უნდა დავემორჩილოთ”, - აღნიშნა ნინო გაბრიაძემ.

მისივე თქმით, რადიოსიგნალების გათიშვა სამარშუტო ტაქსებში ტრაგედიას არც მსმენელების შემცირების კუთხით გამოიწვევს, რადგან ერთგულ მსმენელს საკუთარი რადიომიმღები მაინც აქვს. “მე ამას დიდ ტრაგედიად ვერ აღვიქვამ. მათ თავიანთი ბიზნესხედვები აქვთ, რაშიც მე ვერც რჩევას მივცემ და ვერც წინააღმდეგობას გავუწევ, რადგან ეს მათი საქმეა. კერძო კომპანიის საქმეებში ჩარევა ჩემი მხრიდან უხერხული იქნება და დანარჩენმა რადიოსადგურებმა თავად გადაწყვიტონ, როგორ მოიქცევიან”, -  აღნიშნა რადიო “იმედის” გენერალურმა დირექტორმა.

ჩვენში დარჩეს, ხელისუფლებას “მარშრუტკებში” რადიოს გათიშვა რას უშველის, როცა თბილისში მე-9 არხის მიღება უკვე ჩვეულებრივი ანტენითაც შეიძლება, ხოლო რეგიონებში კი მსურველებს სატელიტურ “თეფშებს” უფასოდ უმონტაჟებენ...