26 მაისს თავისუფლების მოედანზე 400-მდე წვევამდელის ფიცის დადების ცერემონია გაიმართება

26 მაისს თავისუფლების მოედანზე 400-მდე წვევამდელის ფიცის დადების ცერემონია გაიმართება

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, 400-მდე წვევამდელის ფიცის დადების ცერემონია გაიმართება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განუცხადეს.

როგორც სამინისტროში აღნიშნეს, 26 მაისს დამატებითი თემატური დატვირთვა მიეცემა შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილის აღსანიშნავადაც.

მათივე განცხადებით, 26 მაისის ღონისძიებები თბილისსა და მთელ საქართველოს მოიცავს ლოზუნგით - „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“.

როგორც თავდაცვის უწყებაში აღნიშნეს, სამხედრო აღლუმი არ ჩატარდება, თუმცა თბილისში, თავისუფლების მოედანზე 400-მდე წვევამდელის ფიცის დადების ცერემონია გაიმართება.

ასევე თავისუფლების მოედაზე პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცის მინისტრი საქართველოს მოსახლეობას სიტყვით მიმართავენ და დამოუკიდებლობის დღეს მოულოცავენ.

როგორც თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ამ დღის აღნიშვნის ფარგლებში რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა ღონისძიება მოეწყობა, სადაც განლაგებული იქნება სამინისტროების სტენდები და წარმოდგენილი იქნება მათ მიერ განხორცილებული პროექტები.

სამინისტროს განმარტებით, თავისუფლების მოედაზე ასევე გამოყვანილი იქნება სამხედრო ტექნიკა.

გარდა ამისა, ვარდების მოედანზე იქნება სხვადასხვა გასართობი ღონისძიება, დაგეგმილია კონცერტი.

აღსანიშნავია, რომ კონცერტები და სხვადასხვა გასართობი ღონისძიება დაგეგმილია თვითმმართველ ქალაქებში, სადაც ასევე წარმოდგენილი იქნება სამხედრო ტექნიკა.