ირაკლი კობახიძე:   უზენაეს სასამართლოში მინიმუმ 28 მოსამართლე იქნება

ირაკლი კობახიძე: უზენაეს სასამართლოში მინიმუმ 28 მოსამართლე იქნება

კონსტიტუციაში, სასამართლო ხელისუფლების მხრივ, უამრავი ცვლილებაა შეტანილი, რაც სასამართლოს დამოუკიდებლობის შემდგომ განმტკიცებას ემსახურება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ამბროლაურში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის დროს განაცხადა.

კობახიძის თქმით, უზენაეს სასამართლოში დღეს მხოლოდ 13 მოსამართლე მუშაობს, რის გამოც სასამართლო გადატვირთულია.

მისივე განცხადებით, კონსტიტუციის ახალი რედაქციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მინიმალური რაოდენობა 28 იქნება.

„დღეს 13 მოსამართლეა უზენაეს სასამართლოში, რაც სერიოზულ პრობლემებს წარმოშობს მთლიანად სასამართლო სისტემაში. გადატვირთულია უზენაესი სასამართლო, რაც უარყოფითად აისახება სისტემის ფუნქციონირებაზე.

გათვალისწინებულია, რომ მოსამართლეთა მინიმალური რაოდენობა უზენაეს სასამართლოში იქნება 28. გარდა ამისა, უკეთ წესრიგდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის წესი. იუსტიციის უმაღლესი საბჭო პასუხისმგებელი იქნება მოსამართლეების წარდგენაზე უზენაეს სასამართლოში. ასევე, დადგენილია მოსამართლეთა შეუცვლელობის პრინციპი, რაც გულისმხობს იმას, რომ დაუშვებელი იქნება მოსამართლეზე ყოველგვარი ზეწოლა. საქართველოში ასეთი პრაქტიკა იყო, როდესაც მოსამართლეს მივლინებაში უშვებდნენ ერთი რეგიონიდან მეორეში იმისათვის, რომ გარკვეული დისკომფორტი შეექმნათ მისთვის, რაც ზეწოლისთვის გამოიყენებოდა. ამას გამორიცხავს ის რეგულაცია, რომელიც წარმოდგენილია ახალ რეგულაციაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა დღეს ამბროლაურში მიმდინარეობს.