ევროპის მინისტრთა კომიტეტის საბჭოს მიერ ხუთშაბათს მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთი ტენდენციურს უწოდებს და აცხადებს, რომ აუცილებელია სერიოზულად დაფიქრება, გაგრძელდეს თუ არა ჟენევის შეხვედრები არსებულ ფორმატში.
„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 3 მაისს ევროპის მინისტრთა კომიტეტის საბჭომ კენჭისყრის შედეგად დაამტკიცა „მორიგი არაკონსენსუსური გადაწყვეტილება საქართველოს შესახებ“.
„დოკუმენტი თავისი მიკერძოებულობით განმაცვიფრებელია. მასში დეკლარირებულია არარსებული კუთვნილება საქართველოსადმი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, არის მცდელობა რუსეთს დაეკისროს პასუხისმგებლობა იმ კონფლიქტისთვის, რომელიც საქართველოს აქვს ამ რესპუბლიკებთან, რომლებიც არასოდეს შედიოდნენ საქართველოს შემადგენლობაში, ასევე ამ რესპუბლიკების შიგნით არსებულ ვითარებაზე. თბილისი დასავლელი მფარველების მხარდაჭერით განაგრძობს საერთაშორისო მოედნებზე ცრუ პროპაგანდას, რომლის ერთადერთი მიზანია მეზობლებთან ნორმალური ურთიერთობები არ ჰქონდეს. საქართველოს დელეგაცია სისტემატურად ამბობს უარს, კონსტრუქციულად ითანამშრომლოს ჟენევის დისკუსიებში ამიერკავკასიაში უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. ამ სიტუაციაში გვიწევს სერიოზულად დავფიქრდეთ არსებული ფორმატით ჟენევის შეხვედრების გაგრძელებაზე“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.