დადასტურდა, რომ ე.წ. ციანიდის ამოღებისას არანაირ მანიპულაციას ადგილი არ ჰქონია და დათვალიერება იყო სრულიად კანონიერი

დადასტურდა, რომ ე.წ. ციანიდის ამოღებისას არანაირ მანიპულაციას ადგილი არ ჰქონია და დათვალიერება იყო სრულიად კანონიერი

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დადასტურდა, რომ ე.წ. ციანიდის ამოღება და დათვალიერება იყო სრულიად კანონიერი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესზე გამოცხადებული შესვენებისას განუცხადა. მისი თქმით, პროკურატურის ყველა მთავარი მტკიცებულება სასამართლომ დასაშვებად ცნო, დარჩენილია დაცვის მხარის ერთი შუამდგომლობა.

ჯარჯი წიკლაური მამალაძის ადვოკატების იმ ბრალდებასაც გამოეხმაურა, სადაც დაცვის მხარე პროკურატურას საპატრიარქოს სახელით მანიპულაციაში ადანაშაულებს. პროკურორი განმარტავს, რომ სახელმწიფო ბრალდებას დღევანდელ სასამართლო სხდომაზე საპატრიარქოს სახელით არანაირი განცხადება არ გაუკეთებია.

 “თქვენ გახსოვთ ადვოკატთა ხმამაღალი განცხადებები ე. წ. ციანიდის ჩადებასთან დაკავშირებით, თითქოს საგამოძიებო მოქმედებისას ადგილი ჰქონდა უკანონო ქმედებას. დღეს სასამართლოზე მსგავსი სახით კიდევ ერთხელ დააყენეს შუამდგომლობა, თუმცა, მოსამართლემ დეტალურად მოისმინა მხარეთა არგუმენტები და დაადგინა, რომ ციანიდის ამოღება და დათვალიერება იყო სრულიად კანონიერი. საბოლოოდ დადასტურდა, რომ საგამოძიებო მოქმედებების დროს არანაირ მანიპულაციას არ ჰქონია ადგილი და მოქმედებები კანონის სრული დაცვით ჩატარდა. პროკურატურის ყველა მთავარი მტკიცებულება მოსამართლემ დასაშვებად ცნო”, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის წინასასამართლო სხდომა კვლავ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.