არ არის არც ერთი ქვეყანა, რომელშიც ბარიერი არის 5%, ბლოკები - აკრძალული და ყველა ბარიერგადაულახავი პარტიის ხმა გამარჯვებულს მიაქვს

არ არის არც ერთი ქვეყანა, რომელშიც ბარიერი არის 5%, ბლოკები - აკრძალული და ყველა ბარიერგადაულახავი პარტიის ხმა გამარჯვებულს მიაქვს

ევროპულ ქვეყნებში, სადაც ყველა გადაუნაწილებელი მანდატი არჩევნებში პირველ ადგილას გასულ პარტიას მიაქვს, 5%-იანი საარჩევნო ბარიერი არ არსებობს, - ამის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრმა სერგი კაპანაძემ, ქალაქ ქუთაისში გამართულ სახალხო განხილვისას განაცხადა.

მაგალითისთვის კაპანაძემ ასეთი ქვეყნის დასახელება ირაკლი კობახიძეს სთხოვა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარისგან ასეთ კონკრეტულ მაგალითზე პასუხი ვერ მიიღო. ირაკლი კობახიძემ მხოლოდ ის განმარტა, რომ საბერძნეთში საარჩევნო ბარიერს მნიშვნელობა არა აქვს და გამარჯვებულ პარტიას პირდაპირ, მოჭრილად ეძლევა 17%, ხოლო იტალიაში ასეთ პარტიას მანდატები 55%-მდე ევსება.

”არ არის არც ერთი ქვეყანა, რომელშიც ბარიერი არის 5%, ბლოკები - აკრძალული და თან ყველა ბარიერგადაულახავი პარტიის ხმა გამარჯვებულ პარტიას მიაქვს. თუ პატარა პარტიებს საარჩევნო ბლოკის შექმნის საშუალება არ ექნება და 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს, ყველა მათ ხმას პირველ ადგილას გასული პარტია წაიღებს”, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.