საარჩევნო ბლოკი უქმდება იმისთვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ, ჩამოყალიბდეს პარტიული სისტემა, რომელიც დღეს არ არსებობს, - ამის შესახებ ქუთაისში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
”საარჩევნო ბლოკის გაუქმება არ არის დაკავშირებული სტაბილურობის ინტერესთან. საარჩევნო ბლოკი უქმდება იმისთვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ, ჩამოყალიბდეს პარტიული სისტემა, რომელიც დღეს არ არსებობს. საქართველო არის ზუსტად იმავე მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც იყვნენ ჩეხეთი, ლიტვა, სლოვაკეთი 1992 წელს. დაახლოებით იგივე სიტუაცია 1992 წელს გვქონდა და იგივე სიტუაცია გვაქვს ახლა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რის გამოც საქართველოში პარტიული სისტემა ვერ ყალიბდება, არის საარჩევნო ბლოკი, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ დღეს იყოს საქართველოში ე.წ. 20 კვალიფიციური პარტია. საქართველოში რეალურად 20 პარტია არ არსებობს არა თუ 20 კვალიფიციური პარტია. ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ, თუ არ გამოსწორდა ჩვენ 3017 წელსაც ვიქნებით იმავე მდგომარეობაშიც, რა მდგომარეობაშიც ვართ 2017 წელს. ერთხელ და სამუდამოდ, იმისთვის, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი პარტიული სისტემა, უნდა გაუქმდეს საარჩევნო ბლოკების ინსტიტუტი”, - განაცხადა კობახიძემ.