ჩვენ მაყურებლის როლში შევაფასებთ ორივე მხარის არგუმენტებს

ჩვენ მაყურებლის როლში შევაფასებთ ორივე მხარის არგუმენტებს

დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესს საპატრიარქოს იურისტი ელიშერ ქარჩავა დაესწრება. ქარჩავას თქმით, ის პროცესზე მივიდა, როგორც დაინტერესებული პირი.

როგორც საპატრიარქოს იურისტმა განმარტა, საპროცესო კანონმდებლობით, ის და საპატრიარქო აღნიშნულ საქმეში მხარეს არ წარმოადგენს და არანაირ პროცესუალურ მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. აქედან გამომდინარე, საპატრიარქოს იურისტის თქმით, მისთვის საინტერესო იქნება ორივე მხარის პოზიცია და არგუმენტები საქმის დასაბუთებულობასთან დაკავშირებით.

“ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცვის მხარის შუამდგომლობა, სამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რამდენადაა დასაბუთებული და რა არგუმენტები გააჩნია დაცვის მხარეს”, - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

კითხვაზე, როგორია მისი პოზიცია დეკანოზისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, ქარჩავამ განაცხადა, რომ ის ამ საკითხზე პოზიციას ვერ დააფიქსირებს.

“ამ შემთხვევაში უკვე სასამართლოშია საქმე და მხარეებს უფლება აქვთ, თავიანთი დასაბუთებული პოზიცია წარმოადგინონ, როგორც ბრალდების მხარეს აქვს დევნის განხორციელების უფლება, ასევე დაცვის მხარეს აქვს უფლება დაამტკიცოს მამა გიორგის უდანაშაულობა. ჩვენ უბრალოდ მაყურებლის როლში შევაფასებთ იმ არგუმენტებს, რამდენად კანონიერი და საფუძვლიანია”, - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

რაც შეეხება სასამართლო პროცესების საჯაროობას, როგორც საპატრიარქოს იურისტმა განმარტა, მისი აზრით, სხდომა ღია და საჯარო უნდა იყოს და არ უნდა დარჩეს არავითარი კითხვის ნიშანი.