დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები პატიმრობის გირაოთი შეცვლას და სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვენ

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები პატიმრობის გირაოთი შეცვლას და სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვენ

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულების ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფისთვის დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი შეცვლის, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის და რამდენიმე მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობას დააყენებენ.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განუცხადა.

ამ დროისთვის ადვოკატები კონკრეტულ თანხას არ ასახელებენ და აცხადებენ, რომ ეს ინფორმაცია სასამართლო პროცესზე გახდება ცნობილი. ფანცულაია იმედოვნებს, რომ სასამართლო საქმეზე ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

“დღეს იწყება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, მამა გიორგი მამალაძის მიმართ პროკურატურამ ამ ხნის განმავლობაში, არც ერთი ნაბიჯი არ გადადგა, რომ საქმე ჭეშმარიტად და ობიექტურად ყოფილიყო გამოძიებული. აქედან გამომდინარე, იმედს ვიტოვებთ, რომ ამ მნიშვნელოვან ტესტს ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო ჩააბარებს. იმედით ვუყურებთ სასამართლო პროცესებს. ჩვენ დავაყენებთ ასევე შუამდგომლობებს გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლობასთან მიმართებაში, გვექნება ჩვენი შუამდგომლობები წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით”, - განაცხადა ფანცულაიამ.

მისივე თქმით, სხდომა უნდა იყოს ღია და საჯარო.

“იმედს ვიტოვებთ, რომ სასამართლო სხდომას გახდის საჯაროს, რომლის კანონიერი საფუძველი სრულიად არსებობს, რათა ჟურნალისტებს, ნებისმიერ ადამიანს არ დარჩეს კითხვები ამ საქმესთან დაკავშირებით და საზოგადოება იყოს პირველი მაკონტროლებელი საქმესთან დაკავშირებით”, - განაცხადა ფანცულაიამ.

მისივე თქმით, თავად გიორგი მამალაძესაც სურს, რომ სასამართლო პროცესები იყოს საჯარო.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ არანაირი ჩირქი არ მოეცხება ამ პროცესების საჯაროობით საპატრიარქოს. მიმაჩნია, რომ ამ საქმის მიმართ საჯარო ინტერესი იმდენად მაღალია, რომ პროცესები უნდა იყოს ღია. დეკანოზი გიორგი მამალაძეც ამ პოზიციაზეა და მასაც სურს, რომ საკუთარი სიმართლე არა მარტო მოსამართლესთან დაადასტუროს, არამედ მთელ საზოგადოებასთან, რათა მას არ ჰქონდეს დეკანოზის მიმართ კითხვის ნიშნები, რომლებიც ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შესაძლოა გაუჩნდეთ”, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

რაც შეეხება საკითხს, თუ რამდენად არის შესაძლებელი, რომ ბრალდებულის ოჯახის მიმართ დანიშნული დაცვა გახდეს სხდომების დახურვის საფუძველი, ადვოკატის თქმით, ამასთან დაკავშირებით მტკიცებულებები დაცვის მხარესაც აქვს.