საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტში საკანონმდებლო წინადადების წარდგენის წესის გართულებას გეგმავს.
ცვლილებები რეგლამენტის იმ მუხლში შედის, რომელიც საკანონმდებლო წინადადების წარდგენისა და განხილვის წესს არეგულირებს. პროექტი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა და მისმა პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს.
საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლება აქვთ მოქალაქეებს, სახელმწიფო ორგანოებს, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებს და სხვა იურიდიულ პირებს.
პარლამენტში ინიცირებულია ცვლილებები, რომლის მიხედვით, პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება უნდა შეიცავდეს მისი საჭიროების ავტორისეულ დასაბუთებას - ცვლილებების მიზეზისა და არსის მითითებით. რეგლამენტის მოქმედი რედაქცია ავტორისეულ დასაბუთებას ისედაც ითვალისწინებს, თუმცა რეგლამენტში კონკრეტდება, თუ რას უნდა ითვალისწინებდეს ავტორისეული დასაბუთება. კერძოდ, მითითებული უნდა იყოს საკანონმდებლო წინადადების მიზეზი და არსი.
გარდა ამისა, საკანონმდებლო წინადადების განხილვისათვის სადღეისოდ დადგენილი 20-დღიანი ვადა, 30-დღემდე იზრდება, ხოლო ბიუროს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 30-დღისა. ასევე პროექტით გათვალისწინებულია, რომ თუკი საკანონმდებლო წინადადებაში არის ხარვეზი და ის რეგლამეტით დადგენილ მოთხოვნებს არ პასუხობს, საკანონმდებლო წინადადების ავტორს შეიძლება დაუდგინდეს 10-დღიანი ვადა, ხარვეზის გამოსწორებისათვის. თუ ხარვეზის გამოსწორება არ მოხდება, საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად ჩაითვლება.
როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, მნიშვნელოვანია პარლამენტმა საკანონმდებლო წინადადებების მეშვეობით მოქალაქის ხმა გაიგოს, მაგრამ არ უნდა მოხდეს ისე, რომ საკანონმდებლო წინადადების მექანიზმი არარაციონალურად იყოს გამოყენებული. ბესელიას შეფასებით, საკანონმდებლო წინადადებებთან მიმართებით სტანდარტი უფრო მაღალი უნდა იყოს. მისივე აზით, ერთი და იგივე წინადადება, რომელიც კომიტეტისგან უარყოფილი იქნება, პარლამენტში განმეორებით აღარ უნდა შედიოდეს და ეს რეგლამენტით მკაფიოდ უნდა განისაზღვროს.
რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა. სავარაუდოდ, მეორე მოსმენით განხილვისას პროექტი ჩასწორდება და საკანონმდებლო წინადადებებთან მიმართებით კიდევ დამატებითი ფილტრი ჩაიდება.