იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პარლამენტის დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე". დადგენილების პროექტი კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წარმოადგინა.
„დადგენილება ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. კომისიის ფუნქცია განსაზღვრული იყო მისი დებულებით. ეს ფუნქცია ამოიწურა და ფუნქციის ამოწურვიდან გამომდინარე უნდა გაუქმედეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
2016 წლის 15 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ". აღნიშნული დადგენილებით შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადების მიზნით. ამასთანავე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას დაევალა საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადება 2017 წლის 30 აპრილამდე. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ აღნიშნული დადგენილების შესაბამისად, უკვე მოამზადა შესაბამისი კონსტიტუციური კანონის პროექტი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით განიხილა კანონპროექტი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე".
კანონპროექტის მიხედვით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სამუშაოდ მისაღებ კანდიდატს აღარ ენიჭება კურსანტის სტატუსი და იგი კონკურსის გავლისა და სპეციალური შემოწმების შემდეგ თანამდებობაზე ინიშნება უფლებამოსილი პირის ბრძანებით არაუმეტეს 6 თვის გამოსაცდელი ვადით, რა პერიოდშიც იგი გადის სპეციალურ სასწავლო კურსს. კანონპროექტით დაზუსტდა სპეციალურ სასწავლო კურსთან და სერტიფიკატთან დაკავშირებული ურთიერთობები. ცვლილებების ინიციატორებია არიან პარლამენტის წევრები თამარ ხულორდავა და ანრი ოხანაშვილი.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.