დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედება საქართველოში იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის საბანკო-საფინანსო სისტემის მდგრადობის და საიმედოობის ასამაღლებლად, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის სესიაზე ,,დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას განაცხადა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, დეპოზიტების დაზღვევის შესახებ კანონპრეოქტის მიღებით, საფუძველი ეყრება ქართული საფინანსო სისტემის კიდევ ერთ ფუნდამეტს.
„სტაბილური და მდგრადი საბანკო სისტემის უზრუნველსაყოფად ერთდროულად უნდა მუშაობდეს სამი კომპონენტი: ადეკვატური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, მკაცრი საბანკო ზედამხედველობა და ქმედითი დეპოზიტების დაზღვევის სისტემა. მათი ერთობლიობა არის საფუძველი საბანკო სისტემის მდგრადი და სტაბილური განვითარების“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის სესიაზე.
კოვზანაძის თქმით, მისასალმებელია, რომ ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის და პარლამენტის მიერ პრაქტიკულად ერთობლივად მომზადებულმა კანონპროექტმა მაღალი შეფასება მიიღო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან და დღეს იგი პარლამენტის სესიაზე მეორე მოსმენით დამტკიცდა.