ბოლნური ჯვარი და ისლამური ორნამენტები

ბოლნური ჯვარი და ისლამური ორნამენტები

რამდენიმე დღის წინ presage.tv-ს დაუკავშირდა იურისტი დავით ებრალიძე, რომელმაც განაცხადა, რომ ბრიტანეთის მუზეუმში ნახა ექსპონატი, რომელიც ვიზუალურად ძალიან ჰგავს ქართულს, თუმცა ბრიტანეთის მუზეუმში მას ისლამური წარმომავლობის ნიმუშს უწოდებენ.

დავით ებრალიძე: „ბრიტანეთის მუზეუმში შევიძინე ამ მუზეუმის დირექტორის Neil Macgregor-ის დაწერილი (BBC 4–ის რადიო გადაცემების საფუძველზე) წიგნი “A history of the World in 100 objects”. წიგნი ძალზე საინტერესოა, ავტორი ბრიტანეთის მუზეუმში დაცული 100 არსებითი საგნის მიხედვით წარმოგვიდგენს მსოფლიო ისტორიას. ჩემი აზრით,  ერთი ჩვენთვის მეტად საყურადღებო თავი არის ამ წიგნში, რომელიც ეხება სუდანში აღმოჩენილ დოლს „Sudanese Slit Drum“. დოლისა ამ საგანს არაფერი ეტყობა, მაგრამ შეხედავ თუ არა ქართული გეგონება და ამის მიზეზია მასზე ამოტვიფრული ორნამენტი, რომელიც ძალზე გავს ბოლნისის ტაძარზე ამოტვიფრულ „ბოლნურ ჯვარს“. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ წიგნის დამწერი ამ ამოტვიფრულ ფიგურებს ისლამური დიზაინის ნიმუშს უწოდებს („containing circles and geometric patters – recognizably Islamic designs”).

დავით ებრალიძემ ამ ნივთის ამსახველი ფოტომასალა მიაწოდა არქიტექტორსა და არქეოლოგს, პროფესორ გურამ ყიფიანს, რომელმაც შეისწავლა მასალა და გარკვეული პოზიცია აქვს მასთან დაკავშირებით. პროფესორი აცხადებს, რომ ეს ორნამენტი სირიული წარმოშობისაა და მას როგორც არქიტექტურაში, ასევე კედლის მხატვრობაშიც იყენებდნენ.

„როგორც წერია, და როგორც გამოქვეყნებულია, ეს ნივთი ნამდვილად დოლია, მაგრამ რაც შეეხება ამ ორნამენტს, ეს არ გახლავთ ჯვარი. ეს არის წრეში ჩახაზული ოთხფურცლა ვარდული, ანუ ასეთ ფიგურას ვღებულობთ, თუ ცენტრებად ავიღებთ წრის დიამეტრების წრეწირთან გადაკვეთას და იქიდან შემოვხაზავთ ნახევარწრეების ტოლ მონაკვეთებს. ეს არის მთლიანად ფარგლის გეომეტრიაზე დაფუძნებული გეომეტრიული სახე. მისი ურთულესი და უადრესი ნიმუშები სირიიდანაც არის ცნობილი და ისლამს სწორედ იქიდან შეეძლო აეღო. არ ტყუის ამ წიგნის ავტორი, ეს ორნამენტი ისლამურ არქიტექტურაში მართლაც გავრცელებულია, მაგრამ ისლამი მისი წარმომშობი არ არის. თქვენ წარმოიდგინეთ უადრეს პერიოდში ქართულ არქიტექტურაშიც არის გავრცელებული. ეს ორნამენტი გვხდება მაგალითად ჟალეთში“, - აცხადებს გურამ ყიფიანი.

მისი თქმით, წინარექრისტიანული პერიოდიდან ვარდულს აქვს ძირითადად ის დატვირთვა, რომ უმეტეს შემთხვევებში აღნიშნავს ქალ ღვთაებას. პროფესორი ამბობს, რომ საერთოდ, ნებისმიერი ვარდული ეს არის ლოტოსის ყვავილი თასში (ანუ მისი ზედხედი). ეს ვარდულები ყველა არის ლოტოსები, ანუ ქალ ღვთაებასთან დაკავშირებული მცენარე. ასევე გურამ ყიფიანი აღნიშნავს, რომ მიჩნეულია,თუ ვარდული ოთხფურცლაა, იგი მთვარის სიმბოლოსაც აღნიშნავს, მაგრამ პროფესორს უჭირს იმის დაკონკრეტება, ეს ვერსია სინამდვილეს რამდენად შეეფერება.  

აქვე იგი აღნიშნავს, რომ ეს ვარდული უზარმაზარ ტერიტორიაზეა გავრცელებული, ამიტომ აუცილებელი არ არის ის მაინცდამაინც ბოლნური ჯვარი იყოს.

„რაც შეეხება ბოლნურ ჯვარს, ასე მას ჩვენ ვეძახით, მაგრამ ეს ხომ იმპერატორ კონსტანტინეს ჯვარია, ე.წ. ძლევის ჯვარი, შტანდარტია, რომელიც საქართველოში ვრცელდება. ბოლნური ჯვარი კი უბრალოდ ტექნიკური ტერმინია. ისიც ფარგლის გეომეტრიით მიიღება, ოღონდ ჯვრის მკლავის რკალები აღებულია დიამეტრს გაცილებული ცენტრებიდან და ამიტომ აქვს ჯვარს სხეული. ნებისმიერ სირიულ ქალაქში (წინარექრისტიანულ პერიოდზე მაქვს საუბარი) შეგიძლიათ ეს „ჯვრები“ ნახოთ. ეს ორნამენტი არქიტექტურაში და ზოგადად კედლის მხატვრობაშიც გამოიყენებოდა“, - ამბობს გურამ ყიფიანი.