იკარგება საქართველოს მიწები წინასწარ შემუშავებული მეთოდებით

იკარგება საქართველოს მიწები წინასწარ შემუშავებული მეთოდებით

სხვადასხვა მაქინაციებით, თაღლითური სქემებითა და ათასგვარი მამაძაღლობით ქართველ გლეხებს მიწები ხელიდან ეცლებათ.  ლეიბორისტური პარტიის მტკიცებით, სააკაშვილის ხელისუფლება მის მიერ კონტროლირებადი სადაზღვევო კომპანიების საშუალებით, მიზანმიმართულად ახორციელებს ქართული სოფლების განადგურების გეგმას და კუთვნილი მიწებიდან გლეხების აყრას.

“ეს იმიტომ ხდება, რომ მომავალში იქ მასობრივად ჩაასახლონ სამხრეთ აფრიკელი ბურები და ჩინელები. ამ თაღლითური სქემის შედეგად მცხეთის სოფლების - ბიწმენდისა და ზაქაროს გლეხებმა 0,5 მილიონი კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება დაკარგეს, რომლის ღირებულება 4,6 მილიონ ლარს შეადგენს”, - აღნიშნა ჯიბლაძემ.

საქმე ეხება სქემას, რომლის მიხედვითაც, ამ ადამიანებმა გაჭირვების გამო, მიწების დაკანონება და ამ დაკანონებისთვის შესაბამისი თანხის გადახდა ვერ შეძლეს. ამ დროს მათთან მივიდა ორი პიროვნება, რომლებმაც მათ ერთი წლით მიწების მათთვის მიქირავება შესთავაზა. ერთი წლის შემდეგ კი ქირის ფულის და ამ ნაკვეთების დაკანონებისთვის საჭირო თანხის გადახდას დაპირდნენ.

ჯიბლაძის თქმით, გლეხები მათ ენდნენ და ნოტარიულად გააფორმეს ქირავნობის ხელშეკრულება.

“ამის შემდეგ ეს მიწის ნაკვეთები დამქირავებლებმა დატვირთეს იპოთეკით და ამ იპოთეკით გამოიტანეს 6 მილიონ 401 ათასი ღირებულების საქონელი, რომლის რეალიზაციაც მოახდინეს. ამ მიღებული თანხიდან 3 მილიონ 300 ათასი დააბრუნეს, ქირის სახით კი ამ ადამინებს მხოლოდ 128 ათასი ლარი მისცეს, დარჩენილი 2 მილიონ 800 ათასი კი მითვისეს. გარდა ამისა, სადაზღვევო კომპანიებისგან ეს მიწები უკანაც არ გამოისყიდეს.

სადაზღვევო კომპანიებმა “ოლიმპმა” და “აისიმ”, სადაც ეს მიწის ნაკვეთებია ჩადებული, 2 მილიონზე მეტი თანხის გადახდა მოსთხოვა არა მათ, ვინც ეს თაღლითობა განახორციელა, არამედ ამ გლეხებს”, - აცხადებს ჯიბლაძე და დასძენს, რომ მას აქვს სასამართლო დადგენილება, რომელიც პირდაპირ აღიარებს, რომ განხორციელდა თაღლითობა.

“სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადამიანებმა, რომლებმაც 2 მილიონ 800 ათასი ლარი მიითვისეს, ერთს გადაახდევინეს 100 ათასი ოდენობის ჯარიმა, მეორეს კი 20 ათასი ოდენობის ჯარიმა.  მიუხედავად იმისა, რომ 7 წელი და 6 თვე მიუსაჯეს, მალევე გაათავისუფლეს”, - აღნიშნა ჯიბლაძემ.

მისი თქმით, დღეს გლეხებს სახელმწიფო ართმევს ნახევარ მილიონ კვ_მ მიწას იმიტომ, რომ ეს 2 მილიონ 800 ათასი ლარი არ არის დაბრუნებული.

ჯიბლაძის თქმით, ულუკმაპუროდ ამ თაღლითური სქემის შედეგად 50 ოჯახი დარჩა. “კატეგორიულად მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილისგან, გლეხებისთვის წართმეული ნაკვეთების უკან დაბრუნებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ადამიანები იძულებული გახდებიან თავად აღასრულონ სამართალი”, - აღნიშნა ჯიბლაძემ.

ქართულ მიწებს უცხოელები მართლაც კალიებივით მოედვნენ.  ქართლსა და კახეთში სასოფლო-სამეურნეო მიწებს ჩინელები და ინდოელები უკვე ამუშავებენ. ყველას კარგად ახსოვს, რამდენიმე თვის წინათ გორის რაიონში, სოფელ ზეღდულეთში საძოვარდაკარგული გლეხები ინდოელი მიწათმლფლობელების ტრაქტორს წინ რომ გადაუდგნენ. ამ ფაქტთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეფასებაც ყველას ახსოვს: “არის ხალხი, რომელიც წინ უწვება ტრაქტორს, რომ არ გადახნას მიწა. არ მესმის ტრაქტორისტი რატომ ამუხრუჭებს ამ დროს, თუ უწვება წინ, გადაუარეთ ეგეთ ხალხს.”

ზეღდულეთში ეს 75 ჰა მიწა კანადელმა ინდოელმა ჯანგპალ სინგჰმა იყიდა. დიასპორის სამინისტროში ადასტურებენ, რომ კახეთსა და ქვემო ქართლში ბურებმა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები იყიდეს, ხოლო კახეთში მიწების შეძენაში 40 მილიონის დახარჯვას აპირებენ ჩინელები.

ქართველი გაღატაკებული გლეხი კი აზიელ თუ აფრიკელ მილიონერებს კონკურენციას ვერ გაუწევს. მას გარდა იმისა, რომ მიწის დამუშავების შესაძლებლობა არ აქვს, მოუწესრიგებელი ბაზრის გამო, მოწეული პროდუქტის რეალიზაციაც უჭირს.