სააკაშვილი კოპიტნარიდან უკვე აფრინდა

სააკაშვილი კოპიტნარიდან უკვე აფრინდა

პრეზიდენტი სააკაშვილი ქუთაისიდან 15 კილომეტრის მოშორებით ქარსა და მტვერში იდგა და რამდენიმე ათეულ მჯდომარე მაღალჩინოსანს ქართული ავიაციის პერსპექტივებზე ესაუბრებოდა. დასუქებული ავიატორების ლანძღვის შემდეგ, სააკაშვილმა კოპიტნარის აეროპორტს უმალ საერთაშორისო სტატუსი მიანიჭა.

ქუთაისში, კოპიტნარის აეროპორტში სადაც ავიაკომპანია “ვიზ ეარ”-სა და “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას” შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმდა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქუთაისიდან ევროპაში ფრენა 37 ევროდ იქნება შესაძლებელი, აღმოსავლეთ ევროპაში კი სულაც 22 ევროდ მოხვდები.

ავიაკომპანია “ვიზ ეარ” უნგრული კომპანიაა და მას “იაფი ფრენის” დიდი გამოცდილება აქვს. ავიაკომპანია მსოფლიოს 220 ქვეყანაში ახორციელებს ავიარესიებს. იგი 2003 წელს დაარსდა და საოპერაციო ბაზა 15 ქვეყანაში აქვს განთავსებული.

“ხალხის ხარჯზე გაქსუვდნენ და დასუქდნენ, დახარბდნენ წუთიერ შემოსავალს ავიაკომპანიები და ბიზნესები. აქ შემოდის ავიაკომპანია, რომელიც გადაიყვანს თავიდან მგზავრებს 22 ევროდ თბილისიდან კიევში. კიევიდან მაგალითად ლონდონში კიდევ შეიძლება დაამატოთ 15-20 ევრო და ასე დაახლოებით ევროპის სხვადასხვა მიმართულებით”, - განაცხადა სააკაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომკოპიტნარის აეროპორტი ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას.

“22 ევროდ ტაქსი არ ჩამოგიყვანს ხაშურიდან ქუთაისში და ახლა”ბოინგი” ჩაგიყვანს ევროპაში. ეს არის ამ აეროპორტის მთავარი დანიშნულება. აი, ამიტომ იდება აქ ფული, ამიტომ გადმოვიდა აქ პარლამენტი, ამიტომ შენდება აქედან 7 კილომეტრში წყალტუბო,რადგან ეს არის წყალტუბოს აეროპორტი, საირმის აეროპორტი, ეს არის ახალციხის, აბასთუმანის აეროპორტი, ეს არის ვანის აეროპორტი, სადაც კეთდება ძალიან მაგარი ტურისტული ცენტრი და იდება ფული ტურისტული ინფრასტრუქტურის გაკეთებაში. ეს არის ზესტაფონის აეროპორტი, რომელიც აქვეა, ეს არის სამტრედიის, ბაღდადის აეროპორტი და ეს არის საერთოდ საქართველოს აეროპორტი”,- განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტის განცხადებით, ბათუმისა და თბილისის აეროპორტებმა მგზავრობის ღირებულება უნდა გააიაფონ. “ამ ფასის პირობებში ან თბილისი დაუკლებს ფასებს, ან მგზავრები თბილისიდან ქუთაისში დაიძვრებიან, ან ბათუმი დაუკლებს ფასებს, ანდა მგზავრები ბათუმიდან დაიძვრებიან ქუთაისში”, - განაცხადა სააკაშვილმა კოპიტნარის აეროპორტში სტუმრობისას.

ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური ეჭვობს, რომ ევროპის მიმართულებით ავიარეისების გაიაფებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადება მორიგი წინასაარჩევნო დაპირებაა.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, საინტერესოა, მხოლოდ წინსაარჩევნოდ რატომ გაახსენდა მიხეილ საკაშვილს და ხელისუფლებას, რომ საქართველოში ფრენები ძალიან ძვირი ღირს. ავიაკომპანიების მიერ დაწესებული ფასების გარდა, თბილისის აეროპორტს იმდენად ძვირი მოსაკრებელი აქვს დაწესებული,ტრანზიტული ფრენებიც კი სოლიდური თანხები ჯდება.

“ამის გამო ბევრი კომპანია საქართველოს გავლით ტვირთების გადატანასაც კი ერიდება. ქართულ ავიაბაზარზე არსებული უპრეცედენტოდ მაღალი ფასები ამ ბაზრის მონოპოლიზაციის შედეგია, მონოპოლია კი სახელმწიფოს ხელშეწყობის გარეშე არ ხდება.საინტერესოა, მაინც და მაინც ახლა რატომ გაახსენდა პრეზიდენტს,რომ ავიაბაზარი მონოპოლიზებულია და საქართველოდან ფრენები კატასტროფულად მაღალი ფასები ჯდება?!

ვფიქრობ, ეს მორიგი წინასაარჩვენო დაპირებაა. ფასების დასაწევად კონკურენციაა საჭირო. და თუ ქუთაისის აეროპორტი და იქ შესული ავიაკომპანია მართლაც გაუწევს კონკურენციას სხვა ავიაკომპანიებს და ფასებს დაწევს, მე ამას მხოლოდ მივესალმები,თუმცა მეეჭვება ასე მოხდეს”, - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.