პოლიტიკური და საბანკო შეტევა “მეოცნებე” ოლიმპიელ მშენებლებზე

პოლიტიკური და საბანკო შეტევა “მეოცნებე” ოლიმპიელ მშენებლებზე

კომპანია “ოლიმპიური ვარსკვლავის” ოფისში დიდი დაპირისპირება დაიწყო, რომელსაც აშკარად პოლიტიკური ანგარიშსწორების სუნი უდის. გუშინ 30-მდე მოქალაქე კომპანიის ოფისში შეიჭრა. მათ კომპანიის ხელმძღვანელობასთან შარტავას ქუჩაზე “ოლიმპიური ვარსკვლავის” დაუსრულებელი მშენებლობის გამო პრეტენზიები ჰქონდათ.

კომპანიის წარმომადგენლებმა აქცია ერთ-ერთი მობინადრის, ვანო ზარდიაშვილის ორგანიზებულად მონათლეს, რომელიც სააპელაციო სასამართლოს აპარატის უფროსია. “ოლიმპიური ვარსკვლავის” ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ზარდიაშვილმა ოფისში “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები მიიყვანა და ეს ყოველივე უკავშირდება ახლახანს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზურაბ ზვიადაურის “ქართულ ოცნებაში” გაწევრიანებას. თავად ზურაბ ზვიადაურიც, რომელიც ოფისში იმყოფებოდა, მომხდარს ამ ფაქტს უკავშირებს.

კომპანიის პიარკონსულტანტის, ლელა რაზიკაშვილის განცხადებით კი, ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანიაზე ხორციელდებოდა ზეწოლა ბიზნესის წართმევის მიზნით. ზვიადაურის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ ეს ზეწოლები პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.

კომპანიის პრეზიდენტის ზაზა რაზიკაშვილმა ღიად განაცხადა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” პოლიტიკური ანგარიშსწორების აქცია გამართა.

“კომპანია 2 წელია, ზეწოლის ქვეშ იმყოფება. პრობლემები მაშინ დაიწყო, როცა 2010 წელს “ოლიმპიურმა ვარსკვლავმა” “საქართველოს ბანკთან” სასესხო ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმად, ბანკს კომპანიისთვის მშენებლობების დამთავრებისთვის 5 მლნ აშშ დოლარი უნდა გადმოერიცხა. თანხა ანგარიშზე დაირიცხა, მაგრამ სამშენებლო კომპანიას მისი გამოყენების უფლება დღემდე არ მიეცა.

ამ დროის განმავლობაში ჩუმად ვიყავით, რადგან ჩემი მიზანი პრობლემის მოგვარება და მშენებლობის დაწყება იყო. ორი წლის განმავლობაში კომპანიის წართმევის რეჟიმში ვიმყოფებოდით, შარშან ამ დროს შემომთავაზა “საქართველოს ბანკმა” რომ მართვაში კომპანია “დექსუსი” შემომეშვა, რაზეც უარი განვაცხადე. მის შემდეგ დაიწყო პირადი ანგარიშსწორება. პირდაპირ მეუბნებოდნენ, რომ მე კომპანია უნდა დამეთმო.

ჩემი ინიციატივით, ამ პროცესში მოსახლეობა ჩავრთე და მათ ბანკთან მოლაპარაკება დაიწყეს. “საქართველოს ბანკმა” ამ საკითხზე მოსახლეობა ამუშავა და ისინიც მოატყუა. დღეს კი ბანკმა დაიბარა ხალხი, რომელსაც სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციის უფროსი ვანო ზარდიაშვილი ხელმძღვანელობს და ოფისთან აქცია მოაწყო. დღევანდელი აქცია არის ამ ხელისუფლების ნამდვილი სახე და დღეს “საქართველოს ბანკმაც” მოიხსნა ის ნიღაბი, რომელსაც ორი წლის განმავლობაში ატარებდა”, - განაცხადა რაზიკაშვილმა.

“ოლიმპიური ვარსკვლავის” მშენებლობა 2008 წელს შეჩერდა.  დღეისთვის კომპანიის საბანკო დავალიანება 8 მლნ ლარს შეადგენს.

“საქართველოს ბანკში” პერიოდულად ადამიანთა გარკვეული ჯგუფი მიდიოდა მოლაპარაკებების საწარმოებლად და მათ განუცხადეს, რომ თანხას მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემდნენ, თუ ზაზა რაზიკაშვილი განზე გადგებოდა და კომპანიის მართვაში “დექსუსი” შევიდოდა”, - განაცხადა კომპანიის ერთ-ერთმა კლიენტმა ავთანდილ მელითაურმა და დასძინა, რომ აქციაზე მისული ადამიანების ნახევარზე მეტი უცნობი იყო.

“მე ვიცი, რატომაც მოვედი, მაგრამ ოფისთან მოსული ადამიანების ნახევარზე მეტი, უცნობი იყო. მინდა, განვაცხადო, რომ ჩვენ ამ სიტუაციის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა არ გვსურს. დღეს გამართული აქცია იყო ხელოვნურად დადგმული, რომელიც გარკვეული პოლიტიკური წრეების ინტერესებში შედის”, - აღნიშნა მელითაურმა.

თავის მხრივ, კომპანია “ოლიმპიური ვარსკვლავის” მენეჯმენტშიც ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, “საქართველოს ბანკი” კრედიტის გაცემაზე თანახმა კომპანიის მენეჯმენტში “დექსუსის” შესვლის შემთხვევაში იქნებოდა.

“საქართველოს ბანკში” აცხადებდნენ, რომ კომპანიის პრეზიდენტი ზაზა რაზიკაშვილი მათთვის პოლიტიკურად არასანდო იყო”, - აღნიშნა ლელა რაზიკაშვილმა.

“საქართველოს ბანკის” მტკიცებით კი, “ოლიმპიური ვარსკვლავი” გამოყოფილ დაფინანსებას არამიზნობრივად ხარჯავდა:

“საქართველოს ბანკმა” სამშენებლო კომპანია ოლიმპიურ ვარსკვლავთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო. 2008 წლის შემდეგ ბანკმა “ოლიმპიურ ვარსკვლავს” “ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში” სესხი კვლავ გამოუყო, თუმცა კომპანია გამოყოფილი დაფინანსების არამიზნობრივ ხარჯვას ახდენდა, რის გამოც ვალდებულებების შესრულება და სესხის დაფარვა ვერ შეძლო. შესაბამისად, ვადაგადაცილებაში გადავიდა.

აქედან გამომდინარე, ბანკმა სამშენებლო კომპანიიას ახალი სესხი აღარ მისცა. ამ პერიოდის განმავლობაში, “საქართველოს ბანკმა” რამდენჯერმე გაუწია შეღავათი “ოლიმპიურ ვარსკვლავს” და შესაძლებლობა მისცა, მშენებლობები განეახლებინა, თუმცა მათ ეს ვერ მოახერხეს.

ამ დრომდე, ბანკი მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფთან მჭიდროდ თანამშრომლობს. მათივე ინიციატივით, ამ დრომდე ოპტიმალურ გზებს ვეძებთ, რომ მოსახლეობა კიდევ უფრო მეტად არ დაზარალდეს”, -  განაცხადეს “საქართველო ბანკში”.

“ოლიმპიური ვარსკვლავი” “საქართველოს ბანკის” მიერ გავრცელებულ განცხადებას მყისიერად გამოეხმაურა.

კომპანიის პრეზიდენტის, ზაზა რაზიკაშვილის განცხადებით, 2008 წლიდან “ოლიმპიური ვარსკვლავი” “საქართველოს ბანკის” ვალდებულებებს ყველა წესისა და კანონის დაცვით ასრულებდა და ეს ისტორია დოკუმენტებშია ასახული, რომელსაც ვერავინ შეცვლის.

“უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ “საქართველოს ბანკს” კომპანიის ფინანსური რევიზია არ ჩაუტარებია და, შესაბამისად, მათ არ იციან, რას და როგორ ხარჯავდა “ოლიმპიური ვარსკვლავი”. თუ “საქართველოს ბანკი” ასე ფიქრობდა, მაშინ საერთოდ რატომ გაგვიფორმა ხელშეკრულება?!”, - აცხადებს რაზიკაშვილი.

მისი მტკიცებით, კომპანია მუშაობდა და ბანკის ვალიც მცირდებოდა. მიუხედავად ამისა, “საქართველოს ბანკი” ყველაზე რთულ პერიოდში პირობების დარღვევაზე გადავიდა. კერძოდ, 16%-იანი სესხი 18%-იანში გადაიყვანა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ კი, როცა უძრავი ქონების სექტორი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, “საქართველოს ბანკმა” პირობა შეცვალა და “ოლიმპიურ ვარსკვლავს” საკრედიტო ხაზი შეუჩერა.

“იმ დღიდან ხელოვნური შევიწროება და კომპანიის დათმობებზე წასვლის მცდელობები დაიწყო. 2009 წლიდან ჩვენ კრედიტების დაფარვა გაგვიჭირდა, ამიტომ მონაწილეობა მივიღეთ “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” პროექტში, რომელშიც გავიმარჯვეთ.

ამის შემდეგ “საქართველოს ბანკი” პირდაპირ ვაჭრობაზე გადმოვიდა და დიდი დავის შემდეგ დავთანხმდი იმაზე, რომ კომპანიაში “საქართველოს ბანკის” საშუამავლო ფირმა “პრესტო” შემოსულიყო, რომელიც ყველა გაყიდული ბინიდან - 3%-ს, ყველა გაყიდული კომერციული ფართიდან კი - 25%-ს წაიღებდა. მქონდა იმედი, რომ ამით პრობლემები მოგვარდებოდა და მშენებლობები დასრულდებოდა”, - აღნიშნავს “ოლიმპიური ვარსკვლავის” პრეზიდენტი.

რაზიკაშვილის თქმით, 2010 წლის ოქტომბერში კომპანია ძალიან კაბალური პირობების მიუხედავად, “საქართველოს ბანკს” კრედიტის გამოყოფაზე დათანხმდა. გაფორმდება ხელშეკრულება, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ მშენებლობა დაწყებულიყო, კომპანიას ხელში ჩაგდების ხანგრძლივი პროცესი დაიწყო.

“ოლიმპიურ ვარსკვლავში” ამტკიცებენ, რომ პრობლემის მოგვარების ალტერნატიული გზა აქვთ, რაც იმაში მდგომარეობს, რომ კომპანია მოლაპარაკებებს სხვა ბანკთან აწარმოებს.

თუმცა, “საქართველოს ბანკთან” დაპირისპირება “ოლიმპიური ვარსკვლავის” ერთადერთი თავის ტკივილი არ არის. რაზიკაშვილის თქმით, წინა კვირას კომპანიაში შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი შევიდა. “ჩვენ ხელისუფლების მხრიდან პირდაპირი პოლიტიკური ანგარიშსწორების მდგომარეობაში ვიმყოფებით”, - დაასკვნა რაზიკაშვილმა.