Yahoo!-ს დირექტორის დაწყევლილი სავარძელი

Yahoo!-ს დირექტორის დაწყევლილი სავარძელი

ახალი ათწლეულის დადგომის შემდეგ ინტერნეტ-კომპანია Yahoo!-მ ხუთი გენერალური დირექტორი გამოიცვალა. უფრო სწორად, ეს მოხდა 2001-დან 2012 წლამდე, ანუ, 11 წლის განმავლობაში, რაც უდავოდ თავისებური რეკორდია. უფრო სწორად, ანტირეკორდი, რადგან დირექტორები ისე მიდიან, რომ დაწყევლილი სავარძლის გათბობას ვერ ასწრებენ, კომპანიის საქმე კი თანდათანობით სულ უფრო და უფრო უარესდება.

გამოცემა Insider-მა გადაწყვიტა შეგახსენოთ იმ გენერალურ დირექტორთა შესახებ, რომლებმაც 21-ე საუკუნეში Yahoo!-ს უხელმძღვანელეს და შემდეგ პოსტი სკანდალით დატოვეს.

პირველი გახლავთ ტიმ კუგლი, რომელიც ინტერნეტ-კომპანიას 1995 წლის 20 მარტიდან 2001 წლის 7 მარტამდე ხელმძღვანელობდა. Yahoo!-ში მისვლამდე იგი 20 წლის განმავლობაში კომპანია Motorola-ში სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა და საქმიან წრეებში საკმაოდ წარმატებულ მენეჯერად ითვლებოდა.

კუგლი Yahoo!-ს აუქციონიდან ნაცისტური ნივთების გაყიდვის შედეგად აგორებულმა სკანდალმა იმსხვერპლა. მაშინ ინტერნეტ-კომპანიას ფაშისტური ბანაკებიდან გადარჩენილ ფრანგთა ორგანიზაციამ უჩივლა. მართალია, Yahoo! დიდ ჯარიმებს გადაურჩა, მაგრამ დირექტორი გაიწირა.

კუგლის შემდეგ, 2001 წლის 17 აპრილს დაწყევლილი სავარძელი ტერი სემელმა ჩაიბარა, რომელიც იქამდე მთელი 25 წელი Warner Bros-ში მუშაობდა. ინტერნეტ-კომპანიაში სემელის მოღვაწეობა იმით იყო საინტერესო, რომ იგი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში წარუმატებელ მოლაპარაკებებს აწარმოებდა Yahoo!-ს Google-ის და Facebook-ისათვის მიყიდვის თაობაზე.

2007 წლის ივნისის დასაწყისში Yahoo!-ს დირექტორთა საბჭომ აქციონერებს განუცხადა, რომ სემელის მუშაობით ძალიან კმაყოფილი იყო, მაგრამ რამდენიმე დღეში, კერძოდ კი 18 ივნისს იგი მოულოდნელად, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გადააყენეს.

სემელი თვით ჯერი იანგმა შეცვალა. მისგან, როგორც Yahoo!-ს ერთ-ერთი დამაარსებლისაგან კომპანიისათვის წარსული დიდების დაბრუნებას ელოდნენ. მაგრამ იანგის დირექტორობის პერიოდში Yahoo!-ს აქციების ფასმა გვარიანად მოიკლო. მისი, როგორც გენერალური დირექტორის მთავარ შეცდომად Microsoft-ისათვის კომპანიის მიყიდვაზე უარის არაერთგზის თქმას მიიჩნევენ. არადა, პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტი Yahoo!-ს სანაცვლოდ უზარმაზარ თანხას, 44 მილიარდ დოლარს იხდიდა.

იანგმა პოსტი საკმაოდ მალე, 2008 წლის 17 ნოემბერს დატოვა, თუმცა, მას მაინც მოიხსენიებდნენ როგორც “მთავარ Yahoo!- ს”. თუმცა, საბოლოოდ, ჯერი იანგი დირექტორთა საბჭოდანაც წავიდა.

Yahoo!-ს დირექტორის სავარძელი რამდენიმე კვირა თავისუფალი იყო, სანამ იგი 2009 წლის 13 იანვარს ქეროლ ბარტცმა არ დაიკავა. იქამდე იგი Autodesk-ის გენერალური დირექტორი გახლდათ. ახალ პოსტზე ქალბატონმა ბარტცმა თავი წარმოაჩინა როგორც მკაცრმა მმართველმა. მან შემცირებების და ეკონომიის პოლიტიკა წამოიწყო და კომპანიის ფინანსური მდგომარეობა ოდნავ გამოასწორა.

ბარცის Yahoo!-დან გაძევების ამბავი ძალიან საინტერესო და სკანდალური გახლდათ. 2011 წლის 6 სექტემბერს მას დაურეკეს და მოულოდნელად, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ტელეფონით აუწყეს, რომ იგი გადაყენებული იყო თანამდებობიდან. მაშინ ამერიკული პრესა წერდა, რომ ამგვარი მეთოდით გენერალური დირექტორის თანამდებობიდან დათხოვნა ისტორიას არ ახსოვს.

დაწყევლილი სავარძელი ამჯერად 4 თვის განმავლობაში იყო ცარიელი, სანამ იგი მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში სკოტ ტომპსონმა არ დაიკავა. მან უმალ შემცირებების ახალი ტალღა წამოიწყო და ბევრი მტერიც გაიჩინა, თუმცა კომპანიას გარკვეული ფინანსები კი დაუზოგა.

ტომპსონს ზუსტად 5 თვე დასცალდა. Yahoo!-ს ერთ-ერთმა აქციონერმა დენ ლებმა ტომპსონის წარსული გაქექა და აღმოაჩინა, რომ იგი სულაც არ ყოფილა ინფორმატიკის სფეროში ბაკალავრის ხარისხის მფლობელი, როგორც ამას ბიოგრაფიაში წერდა. შედეგად, 13 მაისს მატყუარა სკოტი გადააყენეს.

ინტერნეტ-კომპანიის თავკაცის პოსტი დროებით როს ლევინსონმა დაიკავა, რომელიც იქამდე Yahoo!-ს ამერიკული განყოფილების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი იყო. ძნელი სათქმელია, იგი “დროებითად” დარჩება, თუ ეს სტატუსი ჩამოშორდება, მაგრამ ფაქტია, რომ დალხენილი ცხოვრება ნამდვილად არ ელის.