მიხეილ გორბაჩოვი იდილიას არღვევს

მიხეილ გორბაჩოვი იდილიას არღვევს

შესაძლოა ის წარსულის ადამიანია, თუმცა მაინც ღირს პუტინიზმზე რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის კრიტიკული ანალიზის მოსმენა

მიხეილ გორბაჩოვს და ვლადიმერ პუტინს ბევრი საერთო აქვთ – ორივე ყოფილი პრეზიდენტია და იციან, თუ როგორ მუშაობს რუსული ხელისუფლება, თუმცა ის საკითხი, თუ რამდენად შეიძლება პუტინი ყოფილ პრეზიდენტად მივიჩნიოთ, დღემდე სადავოა – მას არაერთხელ უთქვამს მინიშნებით, რომ კიდევ ორი საპრეზიდენტო ვადით აპირებს დაბრუნებას. 

წარსულში პუტინი და გორბაჩოვი ერთმანეთს კომპლიმენტებით ამკობდნენ. როდესაც გორბაჩოვი 70 წლის გახდა, პუტინმა, რომელიც იმ დროს ვიეტნამიდან ბრუნდებოდა, პირადად დაურაკა მას თვითმფრინავიდან და დაბადების დღე მიულოცა. როგორც ჩანს, კრემლმა მაშინ ეს საკმარისად არ მიიჩნია და ოფიციალური განცხადებაც გააკეთა, სადაც გორბაჩოვს ის ადამიანი უწოდა, რომლის სახელსაც უკავშირდება – „ეპოქა, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ღრმა გარდაქმნები დაიწყო, რომლებმაც საფუძვლიანად შეცვალეს მსოფლიოს პოლიტიკური რუკა“.

თუმცა ახლა, როდესაც გორბაჩოვი 80 წელს მიუახლოვდა, მათი ურთიერთობა გაფუჭდა. გორბაჩოვმა, ზედიზედ რამდენიმე ინტერვიუში სასტიკად გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის მმარველი ტანდემი და ისინი იმაში დაადანაშაულა, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დემოკრატიას დაშორდნენ. გორბაჩოვმა განაცხადა, რომ პუტინის აზრით დემოკრატია მისთვის დაბრკოლებაა. თანაც ამ ყველაფრისთვის გორბაჩოვმა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაური დრო აარჩია. მომავალ თვეში დიმიტრი მედვედევს დიდი ზარზეიმით ელოდებიან ნატო-ს ლისაბონის სამიტზე. პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ რუსეთთან ურთიერთობებში დაწყებული გადატვირთვა, მის იმ ერთადერთ საგარეო პოლიტიკურ ინიციატივად იქცა, რომელმაც ადეკვადტურად იმუშავა. რუსეთი პაკისტანზე სანდო პარტნიორი გახდა ავღანეთში ჯარების მომარაგებისთვის ტრანზიტის უზრუნველყოფის მხრივ. აღმოსავლეთის ფრონტზე სიმშვიდეა, მაშინ რატომ არღვევს გორბაჩოვი იდილიას? 

ამის მიზეზები, რუსეთის საშინაო პოლიტიკას უკავშირდება, თუმცა მათ შეიძლება სერიოზული გავლენა იქონიონ მოვლენათა შემდგომ განვითარებაზე. გორბაჩოვმა პუტინური ტოტალიტარიზმის ჩანასახის ორი მაგალითი მოიყვანა. ეს არის პარტია „ერთიანი რუსეთი“, რომელიც პუტინმა შექმნა, რათა კრემლისთვის პოლიტიკური მხარდაჭერა უზრუნველეყო და რომელსაც გორბაჩოვი საბჭოთა კომუნისტური პარტიის ცუდ ანალოგიას უწოდებს და 2004 წელს პუტინის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც გაუქმდა რეგიონალური გუბერნატორების და მოსკოვის და სანქტ-პეტერბურგის მერების არჩევნები. მეორე მაგალითი გამორჩეულად მნიშვნელოვანია.

მანამ სანამ გასულ თვეში მოსკოვის მერ იური ლუჟკოვს თანამდებობიდან გაათავისუფლებდნენ, მას დემოკრატად არავინ აღიქვამდა. ის ქალაქს საკუთარი მამულივით მართავდა. ლუჟკოვის მმართველობის დროს ის და მისი ცოლი ძალიან გამდიდრდნენ, ხოლო მისი მოღვაწეობის დიდი ნაწილი ბევრში მხოლოდ გაოცებას იწვევს. ლუჟკოვი ოპოზიციონერი არ ყოფილა და მყარად მოიაზრებოდა ელიტაში, თუმცა ელიტის ფარგლებში ის ხელისუფლების კონკურენტულ ცენტრს წარმოადგენდა. ის აკონტროლებდა ტელეარხს და პოპულარულ გაზეთს, რომელსაც მაღალი ტირაჟი ჰქონდა. მას გააჩნდა არამხოლოდ საკუთარი შეხედულებები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა იმართებოდეს რუსეთი, არამედ იმის რესურსიც ჰქონდა, რომ ეს შეხედულებები აქტიურად გამოეხატა. ამავროდულად მას მესაჭის ამბიციებიც გააჩნდა. ლუჟკოვის მოხსნის და მის ადგილას პუტინისადმი ლოიალური ჩინოვნიკის დანიშვნის შემდეგ, პუტინის გავლენას ვეღარავინ შეზღუდავს. მეორე პოტენციური კონკურენტი – ოლიგარქი მიხაილ ხოდორკოვსკი, როგორც ჩანს კიდევ დიდხანს დარჩება ციხეში. 

გორბაჩოვის აზრით, ეს სახიფათოა. თუკი ელიტის გავლენას ერთმანეთის კონკურენტი კომერციული და პოლიტიკური ინტერესები არ დააბალანსებენ, არსებობს პუტინიზმის სტაგნაციის საშიშროება. პუტინი და მედვედევი ნელ-ნელა დაბერდებიან, თუმცა თავიანთ მოჯადოებულ წრეში ადამიანებს გარედან ვერ შეუშვებენ. სწორედ იმის გამო, რომ მათ მყარად გაინაღდეს ხელისუფლებაში ყოფნა, სისტემა ასე ცუდად ექვემდებარება რეფორმებს. 

ხელისუფლება „შოკირებული“ იყო იმით, თუ როგორ ძლიერად აისახა რუსეთზე საბანკო კრიზისი, თუმცა ახლა როდესაც ნავთობის ფასი ბარელზე 70 დოლარს დაუბრუნდა, ეკონომიკამ კვლავ აღმასვლა დაიწყო. მთავრობის მთელ რიგ წევრებს სამართლიანად მიაჩნიათ, რომ ნავთობზე მაღალი ფასი რუსეთისთვის კატასტროფაა, თუმცა თავისთავად, ნახევრად დანგრეულ საბჭოთა ინფრასტრუქტურასთან, ნედლეულის ექსპორტზე დაფუძნებული ეკონომიკის დივერსიფიკაციის აუცილებლობასა და ტოტალურ კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაც კი, აბსოლუტურად შესაძლებელია. 

უბედურება ის არის, რომ ვერ იცვლება თავად პოლიტიკური პატრონაჟის სისტემა. პოლიტიკური კონკურენციის გარეშე კი მილიონობით საუკეთესო და უჭკვიანესი ადამიანი უცხოეთში განაგრძობს ცხოვრებას. შესაძლოა გორბაჩოვი წარსულის კაცია, მაგრამ დღესაც ღირს მისთვის ყურის დაგდება.