ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი:

ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი: "მე ხელისუფლებასთან ბრძოლაში შევდივარ"

"მუქარა, ტერორი, გაკოტრება, უსამართლო მართლმსაჯულება და ოჯახის წევრებზე ზემოქმედება... ეს ის არასრული კრიმინალური არსენალია, რომელსაც ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება ბიზნესმენების წინააღმდეგ იყენებს", - აცხადებს ჰოლდინგური კომპანია "ვაკე-5"-ის და "ალბატროს ჯგუფის" დამფუძნებელი დავით ბეგიაშვილი და ბიზნესმენებს ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს. ბეგიაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველში ბიზნესი შევიწროებულია და საუკეთესო ბიზნეს გარემოზე მხოლოდ ხელისუფლების "კარის ბიზნესმენები" საუბრობენ. აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით "რეზონანსი" დავით ბეგიაშვილს შვეიცარიაში ესაუბრა.

დავით ბეგიაშვილი: "როდესაც ნაცისტებმა წაიყვანეს კომუნისტები, მე გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ კომუნისტი, როდესაც წაიყვანეს პროფკავშირელები, მე გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ პროფკავშირელი, როდესაც წაიყვანეს ებრაელები, გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ ებრაელი, კათოლიკეებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ... შემდეგ მე მომადგნენ... და აღარავინ იყო დარჩენილი, ხმა რომ ამოეღო..." პროტესტანტი პასტორის, მარტინ ნიმიოლერის ეს ცნობილი სიტყვები დღეს ქართულ რეალობაში ყველაზე მეტად ბიზნესმენებს მიესადაგება. 

ქართული დემოკრატიის პრობლემებზე ყველაზე ნაკლებად დღეს ბიზნესმენები ლაპარაკობენ. მუქარა, ტერორი, გაკოტრება, უსამართლო მართლმსაჯულება და ოჯახის წევრებზე ზემოქმედება... ეს ის არასრული კრიმინალური არსენალია, რომელსაც ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება ბიზნესმენების წინააღმდეგ იყენებს. შეთითხნილი ბრალდებით დაკავებები, საეჭვო სახელისუფლებო ბიზნესპროექტები, სახელისუფლებო ბიზნესის სასარგებლო გარიგებები, ქონების გაჩუქება ხელისუფლების ჩრდილქვეშ მყოფ პირებზე, ესაა საგანგაშო და ერთადერთი რეალობა ბიზნესის სივრცეში.

ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ხელისუფლება საკუთარ პოლიტიკურ აქტივებად ურცხვად აცხადებს ჩვენი, მეწარმეების მიერ გაკეთებულ საქმეებს და შექმნილ ობიექტებს. ქვეყანაში ჩამოყალიბებულია კლანური სახელისუფლებო ბიზნესსტრუქტურები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში შენიღბულია ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული უცხოური შეფერილობის სახელწოდებებით. სწორედ მათ მიერ არის მონოპოლიზებული ბიზნესგარემო.

კარის ბიზნესმენები სამეწარმეო თავისუფლების და პრივილეგიების სანაცვლოდ სახელისუფლებო დითირამბებს თხზავენ, რომ თითქოს საქართველოში ბიზნესის კეთების იდეალური პირობებია. რეალურად, სამეწარმეო სფერო უკიდურესად შევიწროებულია და სულს ღაფავს.

მივმართავ ბიზნესმენებს, კოლეგებს, მეგობრებს და თავისუფალი ნების ადამიანებს! მოგიწოდებთ ყველას! გავერთიანდეთ, გამოვააშკარაოთ დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელმაც ჩვენთან ურთიერთობის ენად ტერორი აირჩია. მოვთხოვოთ პასუხი მოძალადე ხელისუფლებას, რათა შესაძლებელი გახდეს ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება!"

- თუ შეიძლება დააკონკრეტეთ, რომელია კლანური სახელისუფლებო ბიზნესსტრუქტურები?


- აუცილებლად დავასახელებ, მაგრამ ოდნავ მოგვიანებით!

რატომ მოგვიანებით და არა ახლა? რას ელოდებით?
- ყველა ფაქტს ვამხელ, კონკრეტულ პიროვნებებს დავასახელებ. მასალები უნდა შევაჯამო. ჩემი ქართველი და უცხოელი იურისტები მუშაობენ ამ საკითხზე. ყველა მასალას კვალიფციურად მივაწოდებ საზოგადოებას, მტკიცებულებების თანხლებით.

რამდენი ხანია, რაც შვეიცარიაში ხართ?
- დაახლოებით ერთი თვე. პარტნიორებთან ერთად ჩამოვედი. ახლა საქმის კურსში ჩავაყენე ჩემი პარტნიორები, რომ ვაპირებდი ამგვარი განცხადების გაკეთებს. ისინიც მხარს მიჭერენ და მალე გააკეთებენ განცხადებას, ვინაიდან აღნიშნული პრობლემები მათაც აწუხებთ.

გგონიათ რომ სხვა ბიზნესმენებიც ისაუბრებენ, პრობლემებზე? იქნება თუ არა პრობლემებზე ღიად საუბარი მათთვის სახიფათო?
- თავისთავად სახიფათოა, მაგრამ ღირსების საკითხია. მე ბრძოლაში შევდივარ.

- რატომ საუბრობთ მანცდამაინც დღეს აღნიშნულ პრობლემებზე?
- დღეს მდგომარეობა გაცილებით კრიტიკულია. ხელისუფლებასთან აღნიშნული პრობლემების შესახებ ყოველთვის ვსაუბრობდი, მაგრამ არ შეისმინეს. ახლა კიდევ უფრო კრიტიკულად არის საქმე და გაჩნდა შანსი, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს.

კონკრეტულად ვის ესაუბრებოდით ხოლმე ბიზნესში არსებულ პრობლემებზე ხელისუფლების მხრიდან?
- მალე ამ ყველაფერს გამოვააშკარავებ და თითოეული ფაქტის შესახებ ინფორმირებული იქნება საზოგადოება. ასევე დავასახელებ კონკრეტულ პირებს. მინდა, თითოეულ საკითხზე მტკიცებულებებით ვისაუბრო, რომელზედაც ჩემი იურისტები მუშაობენ.

საქართველოში დაბრუნებას როდის აპირებთ?
- ახლო მომავალში ჩამოვალ სამშობლოში.