1 ივნისს საქართველოში წყალმოვარდნებია მოსალოდნელი

1 ივნისს საქართველოში წყალმოვარდნებია მოსალოდნელი

სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნალექის კვლავ გაგრძელებას ვარაუდობენ, რის გამოც, გეოლოგების თქმით, საქართველო სტიქიური უბედურებების საფრთხის წინაშე დგას. თუმცა მათივე განცხადებით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. პრობლემები მხოლოდ საკომუნიკაციო საშუალებებს და სახნავ-სათესებს შეექმნება.

"თუ იქნება ნალექები, ღვარცოფების საშიშროება ყოველთვის შეიქმნება იმიტომ, რომ გეოლოგიური გარემო ძალიან მგრძნობიარეა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბარში ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ემილ წერეთელი.

ამ მხრივ დამაიმედებელი, პროგნოზი არც სინოპტიკოსებს აქვთ, ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსის, სვეტლანა ნიორაძის თქმით, ძლიერი წვიმები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კვლავ არის მოსალოდნელი.

"ნალექები კიდევ გაგრძელდება ხვალაც და ზეგაც. პირველი ივნისის ღამეს ძლიერ წვიმას ვვარაუდობთ, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. 2 ივნისს გამოიდარებს, თუმცა დროებით, რადგან არამდგრადი ამინდი კიდევ გაგრძელდება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბარში ნიორაძე.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ემილ წერეთელის თქმით, რეგიონებში გეოლოგიური თვალსაზრით ვითარება ძალინ გართულებულია, თუმცა ამბობს, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ექმურება.

"ახლა კახეთში ვართ და ვითარებას ვაკვირდებით. თუ იქნება ნალექები, ღვარცოფების საშიშროება ყოველთვის შეიქმნება, იმიტომ, რომ გეოლოგიური გარემო ძალიან მგრძნობიარეა. გადაუღებელმა წვიმებმა ძალიან დააზარალა მცხეთა-თიანეთი, ლეჩხუმი, თბილისი, მაგრამ ჯერეჯრობით არც ერთი ადგილიდან მოსახლების გამოსახლება არ იგეგმება, უბრალოდ, მათ გარკვეულ რჩევებს და რეკომენდაციებს ვაძლევთ", - უთხრა "რეზონანსს" წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ კახეთში მოსულმა სეტყვამ, რომელიც 15 წუთს გრძელდებოდა, თელავის რაიონის სოფლები: ნაფარეული, იორე და ართანა დააზარალა. სეტყვის შედეგად ხეხილი და ვენახები დაზიანდა.

კახეთის მსგავსად გეოლოგიური თვალსაზრითი ვითარების გართულება მცხეთა-თიანეთშიც შეიმჩნევა. როგორც ადგილზე მომუშავე გარემოს ეროვნული სააგენტოს მთავარმა სპეციალისტმა ზეინალ მაისურაძემ გვითხრა, მოსახლეობას საფრთხე არ ემქრება თუმცა პრობლემები საკომუნიკაციო საშუალებებს ექმნება.

"მცხეთა-თიანეთში უზარმაზარი მეწყერია ჩამოწოლილი მთლიანად გადაიკეტა საავტომობილო გზა. სოფელ სამთვისში მეწყერსაშიში უბნებია, ფასანაურში გზაზე სტიქიის გადმოსვლის საშიშროება არსებობს, ასეთივე მდგომარეობაა გუდამაყრის ხეობაში.

"აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან რთული ვითარება და თუ კიდევ გაგრძელდა წვიმები, მეწყერი კიდევ უფრო გააქტიურდება.

"მოსახლეობასთან დაკავშირებით არ არსებობს იმის კატასტროფული საშიშროება, რომ სახლებიდან გამოვიყვანოთ. ძირითადი პრობლემები კომუნიკაციებთან არის დაკავშირებული", - ამბობს "რეზონანსთან" საუბარში მაისურაძე.