არჩევნები - ბოლო შანსი დაზარალებული ბინათმფლობელებისათვის

არჩევნები - ბოლო შანსი დაზარალებული ბინათმფლობელებისათვის

უძრავი ქონების სეგმენტში დაზარალებული ადამიანები აქციას აქციაზე მართავენ. არჩევნების მოახლოებასთან ერთად მათი პრობლემები იხილება როგორც ქუჩაში, ასევე საკანონმდებლო ორგანოში.

„ცენტრ პოინტისგან“ დაზარალებული ადამიანები საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის და „ცენტრ პოინტის“ ყოფილი ხელმძღვანელის, რუსუდან კერვალიშვილის გასამართლებას ითხოვენ. „ცენტრ პოინტისგან“ დაზარალებულმა ადამიანებმა გუშინ თბილისში, იუსტიციის სამინისტროს შენობასთან გამართულ მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.

დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაციის გამგეობის წევრის, პავლე ახვლედიანის განცხადებით, ისინი იუსტიციის სამინისტროსგან კერვალიშვილის გასამართლებას და „ცენტრ პოინტის“ საქმიანობის გამოძიებას ითხოვენ.

მისი თქმით, მათ აღნიშნული მოთხოვნით სამინისტროში განცხადება ერთი თვის წინ შეიტანეს, თუმცა ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია.

როგორც ახვლედიანი აღნიშნავს, დაზარალებულებმა იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანსაც მიმართეს, რომელმაც მათ განუცხადა, რომ მათ მიერ შეტანილ განცხადებას განიხილავდნენ.

აქციის მონაწილები აცხადებენ, რომ სასამართლო „ცენტრ პოინტის“ მესაკუთრეების მხარესაა, რადგან სრულად არსებობს ის მტკიცებულებები, რომელთა თანახმადაც, მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრაა შესაძლებელი.

მოგვიანებით, „ცენტრ პოინტისგან“ დაზარალებული ადამიანების აქციას პარლამენტის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილი შეუერთდნენ.

დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, აქციების გამართვა თვითმიზანი არ არის. ეს არის იძულებითი ნაბიჯი მას შემდეგ, რაც სამთავრობო საათზე დაბარებული მინისტრი, რომელიც უფლებამოსილი იქნებოდა „ცენტრ პოინტისგან“ დაზარალებულების საკითხზე პასუხი გაეცა, არ მივიდა.

„აქ 400 მილიონ ამერიკული დოლარზეა საუბარი. რომლის შედეგად 9 ათასზე მეტი ადამიანია დაზარალებული. მათ შორის აბსოლუტურ უმრავლესობას საკუთარი ბინის ღირებულება სრულად აქვს გადახდილი და ეს თანხები აბსოლუტურად სრულად არის მითვისებული. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ მის მითვისებაში მონაწილეობას ღებულობს არამარტო თვითონ „ცენტრპოინტი“, არამედ მისი შვილობილი 69 კომპანიაც“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

აქციაში მონაწილე პირებმა საჯარო რეესტრის მარეგისტრირებელი ორგანოს პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენეს, რომელიც „ ტექნიკური  ხარვეზის მომიზეზებით არ ახდენს საკუთრების უფლების რეგისტრაციას.“

„ჩვენ ასევე იმ ადამიანების პასუხიმგებლობის საკითხსაც ვაყენებთ, რომელთა უშუალო ვალდებულებაა ასეთ სამართლებრივ დარღვევაზე კონკრეტული რეაგირება მოახდინოს. რეაგირებაზე კი უარის თქმა თავისთავად თანამონაწილეობის ტოლფასია“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ და აღნიშნა, რომ ეს აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს მანამ, სანამ სრულიად არ დაკმაყოფილდება მათი კანონიერი მოთხოვნები.

„პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი, რომლებსაც ბრალი მათ დაზარალებაში მიუძღვით“, დასძინა ლორთქიფანიძემ.

კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, ერთ წელიწადზე მეტია, რაც „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული ადამიანები საკუთარი უფლებებისთვის იბრძვიან.

„არ დარჩენილა არც ერთი ინსტანცია, რისთვისაც მათ არ მიუმართავთ. კერვალიშვილმა სააკაშვილის უშუალო მონაწილეობით 6200 ადამიანი უსახლკაროდ დატოვა. მიითვისა 200-300 მილიონამდე დოლარი. ეს არის ამ დანაშაულებრივი ჯგუფის დიდი დანაშაული, რომელშიც მონაწილეობენ „ცენტრ პოინტი“ და „დექსუსი“, _ აღნიშნა ჩხარტიშვილმა.

მისით თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ამ ადამიანების მოთხოვნებს ხელისუფლება არ გაითვალისწინებს.

უძრავი ქონების სეგმენტში პროტესტი და დაპირისპირება ამით არ ამოწურულა. თუკი “ცენტრ პოინტის” მიერ დაზარალებულები აქციას ქუჩაში ატარებდნენ, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა პრობლემებმა პარლამენტშიც შეაღწია. ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატების თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი მოითხოვს, რომ ფინანსთა სამინისტრომ სასწრაფოდ შეიმუშაოს წესი, რომლის მიხედვითაც დაზარალებულთა პრობლემები მოგვარდება.

“პრობლემების ნაწილი დაუმთავრებელი საცხოვრებელი კორპუსების დასრულებას უკავშირდება, ნაწილი კი - დაზარალებულთათვის სახელმწიფოს მიერ დაპირებული მიწის ნაკვეთების გადაცემას. პრობლემაა ასევე უკვე გადაცემული ფართების დაკანონება და დაზარალებულებისთვის ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფა”, -- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროსთან გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ფინანსთა სამინისტროსგან მიიღეს დაპირება, რომ აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში დაიწყება და დაზარალებულ პირებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართება.