ქოქოლაძე VS “თიბისი” - ახალი ძალით, ახალი სცენარით

ქოქოლაძე VS “თიბისი” - ახალი ძალით, ახალი სცენარით

ანზორ ქოქოლაძე ციხიდან 4 დღის გამოსულია, მაგრამ ბიზნესმენსა და “თიბისი ბანკს” შორის ვითარება უკვე დაიძაბა. “თიბისიში” უკვე იგრძნეს საფრთხე და პირველი იერიშიც თავად განახორციელეს.

თუმცა, მანამდე (ბოლო ერთი თვის განმავლობაში) ანზორ ქოქოლაძემ ციხიდან ორი განცხადება გაავრცელა. დაკავებული ბიზნესმენი მის მფლობელობაში არსებული “ელიტ ელეკტრონიქსის” აქციების 15 პროცენტის აუქციონის გზით აღსრულებას აპროტესტებდა და აღნიშნავდა, რომ “წილის გასხვისება ხორციელდება სრულიად უკანონო განაჩენის საფუძველზე”.

“მივიჩნევ, რომ ეს არის იმ არაკეთილსინდისიერი თაღლითური გეგმის გაგრძელება, რომელშიც აქტიურად არიან ჩართული პროკურატურა, თიბისი ბანკი, მამუკა ხაზარაძე, შემოსავლების სამსახური, თბილისის მერი და სასამართლო სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტებისა და სახელმწიფო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გზით.

ჩემი უფლებების და კერძო საკუთრების დასაცავად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ვაგრძელებ დავას”, - აღნიშნულ იყო ანზორ ქოქოლაძის განცხადებაში, რომელიც ბიზნესმენმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის საშუალებით გაავრცელა.

დღეს ქოქოლაძე თავისუფალია და როგორც ჩანს, უკან მართლაც არაფერზე დაიხევს. სანამ ის დღევანდელ ხელისუფლებას მაგრად ჰყავდა ცხრაკლიტულში გამოკეტილი, “თიბისი ბანკის” მენეჯმენტი დიდ ყურადღებას არ უთმობდა ბიზნესმენის განცხადებებს. ახლა კი ყველაფერი უცებ შეიცვალა. 4 დღეა ქოქოლაძემ ციხის კედლებს თავი დააღწია და ბანკშიც გვარიანად ანერვიულდნენ.

ანერვიულდნენ და სანამ ბიზნესმენი რაიმე ნაბიჯს გადადგამდა ბანკის წინააღმდეგ (და რომ გადადგამს ამაში ყველა დარწმუნებულია), “თიბისიმ”, “საუკეთესო თავდაცვა - თავდასხმაა”-ს მოტივით, ქოქოლაძეს იქეთ შეუტია და უშველებელი განცხადებაც გააშანშალა:

“თიბისი ბანკი, ბოლო  დროის მანძილზე, თავს იკავებდა ანზორ ქოქოლაძის შეურაცხმყოფელ ბრალდებებზე რეაგირებისაგან, რაც გამოწვეული იყო მხოლოდ და მხოლოდ იმ გარემოებით, რომ ბატონი ქოქოლაძე იმყოფებოდა საპყრობილეში და ჰუმანური მოტივებიდან გამომდინარე, საჭიროდ არ ჩავთვალეთ მასთან პოლემიკაში შესვლა.  თუმცა, დღეს უკვე თავისუფლებაში მყოფი ანზორ ქოქოლაძე აქტიურად აგრძელებს ბანკზე და მის დამფუძნებლებზე ცილისწამების გავრცელებას და ამიტომ მორალურად სავსებით გამართლებულად მიგვაჩნია, ამჯერად ღიად წარმოვაჩინოთ მის მიერ საზოგადოების სრული დეზინფორმირების მცდელობა”.

ამას მოსდევს ფაქტების ვრცელი ჩამონათვალი თუ როგორ ვითარდებოდა ბანკის, “ელიტ ელექტრონიქსისა” და თავად ქოქოლაძის ურთიერთობა (ამ ფაქტების შესახებ საზოგადოებას უკვე მრავალგზის სმენია, როგორ “თიბისისეული” ვერსიები, ისე ქოქოლაძისეული ინტერპრეტაციები). 

საბოლოოდ კი “თიბისიში” მითვალ-მოთვალეს და დაადგიენს, რომ ბანკმა მაინც ვერ ამოიღო “ელიტ-ელექტრონიქსზე” გაცემული სესხი და ბანკის ზარალი ახლაც 8 მლნ ლარს შეადგენს:

“აქამდე ჩვენ, არა მარტო თავს ვიკავებდით ანზორ ქოქოლაძისათვის პასუხის გაცემისგან, არამედ პირადად მისთვის არ მოგვითხოვია თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე თანხების გადახდა და არც მისი იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაცია განგვიხორციელებია, რაც, კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, ჰუმანური მოტივებიდან გამომდინარე გაკეთდა.

“თიბისი ბანკი” არავის მისცემს მისი რეპუტაციის შელახვის უფლებას. მოვუწოდებთ ქოქოლაძეს, შეწყვიტოს ცილისწამება, რადგან აუცილებლად გამოვიყენებთ კანონით ჩვენთვის მონიჭებულ ყველა უფლებას თიბისი ბანკის საქმიანი რეპუტაციის დასაცავად”, -  ნათქვამია “თიბისი ბანკის” განცხადებაში.

“თიბისიში” აქამდეც სწუხან, რომ ბანკი “ელიტ-ელექტრონიქსის” გამო ზარალზეა, არადა თავის დროზე, ანუ მის დაპატიმრებამდე ერთი კვირით ადრე ქოქოლაძე “თიბისი ბანკის” გენერალურ დირექტორს კომპანიის გაყიდული აქციების 55%-ის სამმაგ ფასად შესყიდვას  სთავაზობდა და არც ვალდებულებების შესრულებას გაურბოდა:

“თუ სიმართლეა, რომ “თიბისი ბანკი” მხოლოდ თავისი ვალის შემცირებით იყო დაინტერესებული და თუ “თიბისი ბანკი” მართლა მიიჩნევს, რომ “ელიტ-ელექტრონიქსის” 55% 116 ათასი ლარი ღირდა, რა ფასადაც ფარულად გადაიფორმა, მე სამჯერ მეტს ვუხდი ამ აქციების სანაცვლოდ და ვალდებულებების შესრულებასაც ვკისრულობ”, - აცხადებდა “ელიტ ელექტრონიქსის” დამფუძნებელი და ყოფილი მმართველი. 

როგორც ჩანს, ბანკსა და ბიზნესმენს შორის დაპირისპირების ახალი ტალღა იწყება, ამჯერად სხვა ვითარებასა და რეალობაში...