კრედიტების განაკვეთი ანაბრებისას თითქმის ორჯერ აღემატება

კრედიტების განაკვეთი ანაბრებისას თითქმის ორჯერ აღემატება

პრეზიდენტის კრიტიკაზე საბანკო სექტორში გამოხმაურებები არ წყდება. ამ სამიოდე დღის წინათ ბიზნესმენებთან შეხვედრისას სააკაშვილმა მცირე ბიზნესსესხებზე ბანკებში არსებული საპროცენტო განაკვეთები ღიად გააკრიტიკა. ბანკები ჯერჯერობით თავის გასამართლებელ არგუმენტებს იშველიებენ. ამასობაში კი გამოქვეყნდა სესხებისა და ანაბრების შედარებით ანალიზზე დაყრდნობით ჩატარებული სპეციალური კვლევა, რომელმაც მეტად დამაფიქრებელი ვითარება წარმოაჩინა.

“ვითიბი ბანკის” გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ 2011 წლის ბოლოს და 2012 წლის დასაწყისში ევროკრიზისის გამო საკრედიტო განაკვეთები ლარში უმნიშვნელოდ გაიზარდა, თუმცა არჩილ კონცელიძის თქმით, დღეს იურიდიული პირებისთვის განკუთვნილმა სესხების განაკვეთმა ისევ იკლო და 2011 წლის ანალოგიურ პერიოდს გაუტოლდა. მისივე პროგნოზით, ეს ტენდენცია შენარჩუნდება როგორც ბიზნეს დაკრედიტების, ასევე სამომხმარებლო სესხებთან მიმართებაშიც.

ბანკი “რესპუბლიკა” წლის ბოლომდე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საბაზისო საპროცენტო განაკვეთად 12%-ს შეინარჩუნებს, ხოლო “თიბისი” საშუალოვადიან პერიოდში საპროცენტო განაკვეთების შემცირებას პროგნოზირებს. “საქართველოს ბანკში”, “პროკრედიტსა” და “ლიბერთი ბანკში” ამ საკითხზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.

ამასობაში “ილიაუნი ბიზნეს რევიუმ” მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და კომერციული ბანკების სესხებისა და ანაბრების შედარებითი ანალიზი წარმოადგინა. კვლევა მოიცავს სტანდარტულ პაკეტებს და არა ცალკეულ სპეციალურ შეთავაზებებს ცალკეული კლიენტებისათვის.

კვლევა ჩატარდა 2012 წლის 10 მაისიდან 25 მაისის პერიოდში და მის ფარგლებში შეისწავლეს 14 კომერციული ბანკი და 14 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.

იპოთეკური სესხის პირობები მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში 18-48 პროცენტის ფარგლებში მერყეობს, კომერციული ბანკების შემთხვევაში კი 12-24 პროცენტის ფარგლებში.

სამომხმარებლო სესხების პირობები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში 18-42 პროცენტის ფარგლებშია, კომერციული ბანკების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 15-28 პროცენტს არ აღემატება.

იპოთეკური კრედიტის შემთხვევაში საშუალო მაჩვენებლის მიხედვით კომერციულ ბანკებში საპროცენტო განაკვეთი 15 პროცენტი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში კი - 38 პროცენტია.  სამომხმარებლო სესხების პროცენტის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით კომერციულ ბანკებში საპროცენტო განაკვეთი 19 პროცენტს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში კი - 33 პროცენტს შეადგენს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ავტოსესხის შემთხვევაში, მაქსიმალური პროცენტი 96-საც უტოლდება (მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “საქართველო”) უტოლდება;

ბიზნეს სესხების პროცენტის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით კომერციულ ბანკებში საპროცენტო განაკვეთი 16 პროცენტს შედაგენს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში კი ეს მაჩვენებელი 27 პროცენტზე განისაზღვრება;

საშუალო საპროცენტო განაკვეთი სესხებზე კომერციულ ბანკებში 16 პროცენტს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში კი - 37 პროცენტს შეადგენს;

ანაბრების ნაწილში საშუალო საპროცენტო განაკვეთი კომერციულ ბანკებში 9 პროცენტს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში კი 25 პროცენტს შეადგენს;

გამოდის, რომ ანაბრებზე საშუალო განაკვეთი 9%-ს არ აღემატება, როდესაც სესხებზე საშუალო განაკვეთი ბანკებში 16%-ს აჭარბებს. ვერაფერს იტყვი, შესანიშნავი მარჟაა. თუ ამას დავუმატებთ ე.წ. შეფარულ პროცენტებს და საკომისიოებს, კრედიტების საშუალო განაკვეთი საგრძნობლად გაიზრდება და ბანკების მოგებაც უფრო სოლიდური გახდება.

იპოთეკური სესხზე ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი ბანკ “რესპუბლიკაში” და “ვითიბიში” ფიქსირდება - 12%, მიკროსაფინანსოებს შორის კი “კრისტალში” - 18%; მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვს “ინვესტბანკს” - 24%, მიკროსაფინანსოებს შორის კი “ნოვა კრედიტს” - 48%;