დაზღვეულთა უფლებები სადაზღვევო კომპანიის მოხელემ უნდა დაიცვას?

დაზღვეულთა უფლებები სადაზღვევო კომპანიის მოხელემ უნდა დაიცვას?

დაზღვევის მედიაციის სამსახურის ხელმძღვანელად სადაზღვევო სექტორში მომუშავე მაღალი რანგის მენეჯერი აირჩიეს. დაზღვევის სფეროში ყველაზე მეტი დარღვევა ფიქსირდება და ყოფილმა მზღვეველმა როგორ უნდა დაიცვას ბენეფიციართა უფლებები.  დაუპირისპირდება კი ის თავის კოლეგებს და პარტნიორებს?

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა საზოგადოებას საჯარო კონკურსის საფუძველზე შერჩეული დაზღვევის მედიაციის სამსახურის ახალი უფროსი - სოფიო ლებანიძე წარუდგინა. ე.წ. “ჯანდაცვის ომბუდსმენის” მთავარი მიზანი იქნება დაიცვას სახელმწიფოს მიერ დაზღვეულ მოქალაქეთა უფლებები, რათა მათ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება შეუფერხებლად და დროულად მიიღონ.

სამედიცინო მედიაციის სამსახურის უფროსთან ერთად მინისტრმა საზოგადოებას, ასევე საჯარო კონკურსის საფუძველზე შერჩეული სამსახურის ახალი თანამშრომლები გააცნო.

სამედიცინო მედიაციის სამსახურის თანამშრომლების შერჩევის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა 1221-მა ადამიანმა მიიღო. განაცხადების მიღება 2012 წლის 12-დან 26 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა.

“ჯანდაცვის ომბუდსმენს” (უფრო სწორად “ომბუდსვუმენს”) სოფიო ლებანიძეს 2010-12 წლებში სადაზღვევო კომპანია “აისი ჯგუფი”-ს გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ხოლო მანამდე 2007-10 წლებში სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

სამედიცინო მედიაციის სამსახურის ფუნქცია მოქალაქეს, სადაზღვევო კომპანიასა და სამედიცინო დაწესებულებას შორის ურთიერთობების დარეგულირებაა. სამსახურის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა განიხილოს დაზღვეული მოქალაქეების განცხადებები და ეფექტურად გადაწყვიტოს წარმოშობილი დავები.

“სადაზღვევო კომპანიებსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება შედეგად მოიტანს იმას, რომ სადაზღვევო კომპანიები დროულად მოახდენენ სამედიცინო დაწესებულებებთან ფინანსურ ანგარიშსწორებას. ეს კი მნიშვნელოვანია, რათა სამედიცინო დაწესებულებებმა ერთის მხრივ პაციენტებისათვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება, ხოლო მეორეს მხირვ მედპერსონალისათვის შრომის დროული ანაზღაურება უზრუნველყონ”, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამი რა არის, ეს ერთი საკითხია, მაგრამ რეალურად მედიაციის სამსახურის რეალურად ამოქმედებას უკვე რამდენიმე წელია საშველი არ დაადგა. ბოლო 2 წელიწადში სამსახურმა 3 ხელმძღვანელი უკვე გამოიცვალა და სამივე შემთხვევაში შეცვლის მიზეზად სამსახურის გაძლიერება დასახელდა.  სინამდვილეში კი პირიქით მოხდა. უწყება იმდენად დასუსტდა, რომ სარეთოდ ვეღარაფერს აკეთებს. რას მოიმოქმედებს რიგით მეოთხე ხელმძღვანელი, ჯერჯერობით უცნობია.

დაზღვევის სფეროს ექსპერტის ლევან კალანდაძის განცხადებით, მედიაციის სამსახურის გაძლიერება და სადაზღვევო სისტემის გაჯანსაღება ნიშნავს იმას, რომ პრობლემის მოგვარების შესაძლებლობა ყველა ადამიანს ჰქონდეს.

“მოქალაქეები მედიაციის სამსახურის მომსახურებას აქტიურად ვერ იყენებენ. ამის მიზეზი არის ის, რომ პროგრამის ოპტიმიზაციის კუთხით მთავრობას შესაბამისი კამპანია არ უწარმოებია.  მოქალაქეებმა არათუ არ იციან სადაზღვევო პოლისით განსაზღვრულ სახელმწიფო პროგრამებით რა ეკუთვნით, არამედ წარმოდგენაც კი არ აქვთ პრობლემის შემთხვევაში, ვის უნდა მიმართონ”, - აცხადებს კალანდაძე.

ჯერჯერობით ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მედიაციის სამსახურის კომერციალიზაციას გეგმავს. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის N80 დადგენილებით, სამედიცინო მედიაციის სამსახურის მომსახურება ფასიანი ხდება. იურიდიულმა პირებმა მედიაციის სამსახურს გადაწყვეტილების მიღებისათვის 500 ლარი უნდა გადაუხადონ, ხოლო ფიზიკური პირებისათვის გადასახდელი თანხის ოდენობას “ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო” 2012 წლის 1-ელ ივნისამდე განსაზღვრავს. 

ლევან კალანდაძე სამედიცინო მედიაციის განხორციელებისთვის საფასურის დაწესებას მთავრობის მხრიდან ყოვლად გაუმართლებელ ნაბიჯად აფასებს. “ადამიანები, უბრალოდ, ფულს ვერ გადაიხდიან და მათი სადაზღვევო უფლებები დაუცველი დარჩება. მით უმეტეს, გასათვალისწინებელია, რომ სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებში მოსახლეობის უმწეო კატეგორია და პედაგოგები არიან ჩართულნი, ხოლო 2012 წლის 1-ლი სექტემბრიდან მათ რიცხვს პენსიონერები მიემატებიან.

“ეს არის მოსახლეობის სოციალურად ყველაზე დაუცველი ნაწილი, რომლებსაც ნამდვილად არ გააჩნიათ ფინანსური შესაძლებლობა სადაზღვევო კომპანიის ან სამედიცინო დაწესებულების მიერ მათი უფლებების დარღვევის, ან მათთვის არასათანადო მომსახურების გაწევის ფაქტების შემთხვევაში მედიაციის სამსახურს სარჩელის და საჩივრის წარდგენისათვის დამატებით ფული გადაუხადოს. მთავრობამ ფასიანი მედიაციის შემოღებით უმწეოების, პედაგოგებისა და პენსიონერების ინტერესების დაცვისგან “ხელები დაიბანა”, - განმარტა ლევან კალანდაძემ.