„პუტინი უკრაინას და თავის საყვარელ კაბაევას ვერ ანსხვავებს“

„პუტინი უკრაინას და თავის საყვარელ კაბაევას ვერ ანსხვავებს“

კიევში ჩასულ პუტინს „სიურპრიზები“ მოუმზადეს. უკრაინელმა შიშველმა ფემინისტებმა ვიზიტი ორიგინალურად გააპროტესტს. ხოლო კიეველი ექსპერტის შეფასებით, „პუტინს ეგონა, რომ რუსეთის პროვინციაში ჩადიოდა, თუმცა უკრაინაში მკაცრი შემხვედრი წინადადებები დახვდა“.  

მოძრაობა FEMEN-ის წარმომაგენელმა უკრაინელმა ფემინისტებმა რუსეთის პრემიერის ვლადიმირ პუტინის ვიზიტი კიევში გააპროტესტეს. მომიტინგეებს პლაკატები ეჭირათ, მათ შორის: „კრემლის ქონდრისკაცებთან სექსი არ გვინდა“, „ადვილად ვერ გადაგვკუზავთ“, „უკრაინა ალინა არაა“.

FEMEN-ის წარმომადგენლებს ხელში „ბავშვები“ ეჭირათ, რომლებიც, მათი განცხადებით, პუტინისა და კაბაევას ბავშვთან ასოცირდება და რომელსაც რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის სახელი დაარქვეს.

„პუტინი უკრაინას და თავის საყვარელ კაბაევას ვერ ანსხვავებს. ის ჩამოვიდა, რათა უკრაინას კიდევ ერთი ნაწილი მიიტაცოს“, -აღნიშნა ერთ-ერთმა აქტივისტმა გოგონამ. 

უკრაინული ტელეკომპანია „TSN“-ის ცნობით, უკრაინაში სტუმრად მყოფი რუსეთის პრემიერი ვლადიმირ პუტინი ცუდ განწყობაზე იყო და უკრაინელებმა მის მარცხენა ღაწვზე რაღაც დიდი სილურჯის მაგვარი შენიშნეს. კორესპონდენტებმა უკრაინელ კოლეგა ნიკოლაი აზაროვთან შეხვედრის დროს, პუტინის სახეზე შესამჩნევი შეშუპებაც დააფიქსირეს . 

ტელეკომპანია „TSN“-ის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის სახეზე ცვლილება გრიმით ცუდად იყო შენიღბული. 

უკრაინელი ჟურნალისტები იხსენებენ, რომ ამ სახის მაკიაჟს პრემიერი არასოდეს იყენებდა. მათ რუს კოლეგებს ჰკითხეს კიდეც, ხომ წესრიგში იყო პუტინის ჯანმრთელობა. თუმცა, რუსი ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ პუტინის გარეგნობასა და განწყობაში რაიმე საეჭვო არ შეუნიშნავთ და პრემიერის სახეზე სილურჯეებსაც ვერ ამჩნევენ.

„TSN“-ის ცნობით, პუტინი, რომელიც ყოველთვის იუმორის კარგი გრძნობით და მჭევრმეტყველებით გამოირჩეოდა, ახლა ნაღვლიანი და მდუმარე იყო. აზაროვთან მან ათამდე შეთანხმება გააფორმა. 

მოგვიანებით კი, კონფერენციის ფორმატი მოულოდნელად შევიწროვდა. პუტინმა უარი თქვა გაზის საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე და აეროპორტში გაემგზავრა. ტელეკომპანიის ცნობით, ჩაიშალა ვახშამიც, რომელიც ნიკოლაი აზაროვთან იყო დაგეგმილი.

უკრაინული გამოცემები წერენ, რომ ვახშამზე წამყვანი პოლიტიკოსები და ბიზნესმენებიც იყვნენ მიწვეულნი. სწორედ ერთ-ერთმა ბიზნესმენმა აცნობა პრესას ღონისძიების გადადების შესახებ. 

უკრაინელი ექსპერტის ვლადიმერ ციბულკოს შეფასებით, „რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს ეგონა, რომ უკრაინის სახით რუსეთის პროვინციაში ჩადიოდა, თუმცა ადგილზე უკრაინის ხელისუფლების მკაცრი შემხვედრი წინადადებები დახვდა“. 

ამის შესახებ ციბულკომ „პირWელს“ რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის უკრაინაში ვიზიტის შეფასებისას განუცხადა. 

„პუტინის უკრაინაში ვიზიტი ორმაგ შთაბეჭდილებას ტოვებს. პუტინს ეგონა, რომ რუსეთის პროვინციაში მიდიოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ უკრაინის ხელისუფლებას, პროცესების საკუთარი ხედვის გარდა, საკმაოდ მკაცრი შემხვედრი წინადადებებიც გააჩნია. 

ზედაპირზე საკმაოდ უცნაური მაჩვენებლები ამოტივტივდა. მაგალითად, თუ ატომური რეაქტორის ფასი ჩინეთისთვის 1,7 მლრდ-ს შეადგენს, უკრაინისთვის ის რატომღაც 5 მლრდ-ს უდრის. კიდევ უფრო ჩახლართულია „ნევტოგაზისა“ და „გაზპრომის“ გაერთიანების და ავიამრეწველობის საკითხები. 

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყველა „გამრღვევი კანფეტი“ მედვედევის ვიზიტისთვისაა გადადებული და უკრაინის ხელისუფლება დისტანცირებას ახდენს არა იმდენად პუტინის პრემიერის თანამდებობისგან, არამედ თავად პუტინის პერსონისგან. მით უფრო, რომ თავად პუტინმა წამყვან უკრაინელ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე უარი განაცხადა“, - განაცხადა ციბულკომ. 

ამ ფონზე ქართულ–უკრაინული ურთიერთობები ახალ სასიკეთო იმპულსებს იძენს. კიევში იმ ქართული დარგებით ინტერესდებიან, სადაც შედარებით წარმატებული რეფორმები განხორციელდა. საქართველოში უკრაინის ელჩის ვასილ ციბენკოს განცხადებით, „ქართულ-უკრაინული ურთიერთობა დინამიურობას ინარჩუნებს“.

ამის შესახებ ციბენკომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრობისას განაცხადა და იქვე დასძინა, რომ „საქართველო-უკრაინის ურთიერთობა სახელმწიფოების მთავრობებზე მეტად, ხალხს სჭირდება“.

„მიმდინარე წლის დასაწყისში ქართულ-უკრაინული ურთიერთობების გაგრძელების შესახებ პესიმისტური განცხადებები კეთდებოდა, მაგრამ საბედნიეროდ, ეს სიმართლე არ აღმოჩნდა და ჩვენი ურთიერთობა დინამიურობას ინარჩუნებს. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინა აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებდა. მე მაშინაც ვამბობდი, რომ ეს არ მოხდებოდა, რადგან საქართველო და უკრაინა იმდენადაა ერთმანეთთან გადაჯაჭვული, რომ ეს წმინდა ადამიანური თვალსაზრისითაც შეუძლებელი იყო“, - განაცხადა ციბენკომ.

გუშინ ელჩმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკრაინული კულტურის კუთხე გახსნა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად ლიტერატურასთან ერთად, უკრაინის ნაციონალური ატლასი გადასცა.

ციბენკოს სტუმრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯონი აფაქიძემ.

„სოხუმის უნივერსიტეტს არაერთი მეგობარი ქვეყნის ელჩი სტუმრობდა, მაგრამ უკრაინის ელჩის სტუმრობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რამდენიმე დღის წინ სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის სამმა წევრმა უკრაინაში საქართველოს საელჩოში უკრაინის წამყვან უნივერსიტეტებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. უახლოეს მომავალში კი მსგავსი ხელშეკრულება რექტორებს შორისაც გაფორმდება, რაც მომავალში სტუდენტურ გაცვლებს შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა აფაქიძემ.

ცნობისთვის, უკრაინის ელჩთან შეხვედრას სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა ესწრებოდნენ.