დენის ტარიფის 9-10 თეთრამდე შემცირება რეალურია

დენის ტარიფის 9-10 თეთრამდე შემცირება რეალურია

საქართველოში დენის ტარიფის 9-10 თეთრამდე შემცირება რეალურია. გავრცელებულმა ინფორმაციამ ბიძინა ივანიშვილის მიერ "თელასის" ყიდვისა და ტარიფის 6-თეთრამდე გაიაფების შესახებ, მოსახლეობას კომუნალური ტვირთის შემსუბუქების იმედი გაუჩინა. სპეციალისტების განცხადებით, ტარიფში "თელასის" წილი კატასტროფულად მაღალია - 8 თეთრი, ეს მაჩვენებელი 4-5 თეთრითაც რომ შემცირდეს, მოსახლეობა ამოისუნთქავს.

სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა "თელასი" იყიდა და იგი ტარიფის 6-თეთრამდე შემცირებას აპირებს, ხოლო სოციალურად დაუცველებისთვის ტარიფი 4 თეთრი იქნება. "ინტერ რაო ეესისგან" "თელასის" გამოსყიდვა და დენის ტარიფის გაიაფება "ქართული ოცნების" ყველაზე დიდი პოლიტიკური დივიდენდი იქნება, თუმცა ივანიშვილმა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით უარყო.

"საერთოდ, მე წინასწარი განცხადებები არ მიყვარს. ბიზნესშიც არ არის ეს მიღებული. შეიძლება სადღაც რაღაც ჩემმა ოფისმა ინტერესი გამოთქვა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

თუმცა, მოსახლეობაში ტარიფის შემცირების სურვილი იმდენად მაღალია, რომ ინფორმაციის უარყოფის მიუხედავად, ყველას მაინც სჯერა, რომ ივანიშვილმა "თელასი" იყიდა და მოსახლეობისთვის გაბერილი სატარიფო ტვირთი შემცირდება. ამ დროისთვის, მომხმარებელი, რომელიც თვეში 100 კვტ/სთ ელექტროენერგიას მოიხმარს 1 კვტ/სთ ელექტროენერგიაში - 13.48 თეთრს, 101 კვტ/სთ-დან 300-ის ჩათვლით - 16.0 თეთრს, 301 კვტ/სთ და მეტი - 17.697 თეთრს იხდის.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინათ მოსახლეობას ტარიფის შემცირების პირობა მთავრობამაც მისცა. ეს კი მაშინ მოხდებოდა, როდესაც ელექტროენერგიის მთლიან წარმოებაში ჰიდროელექტროსადგურების მიერ გენერირებული დენის წილი გაიზრდებოდა. ჰიდრორესურსების წილი გიზარდა, მაგრამ თუ გავითვალიწინებთ მთავრობის მიერ "ინტე რაო ეესის" წინაშე დადებულ პირობას, 2014 წლიდან დენი შეიძლება კიდევ უფრო გაძვირდეს.



"ბიზნეს-რეზონანსი" უკვე წერდა, რომ საქართველოს მთავრობამ 2011 წელს რუსულ "ინტერ რაო ეეს" ოფიციალურად გაფორმებული ხელშეკრულებით უფლება მისცა, რომ მის საკუთრებაში მყოფი "ხრამჰესების" მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ტარიფი ერთბაშად 6 თეთრით გააძვიროს. ენერგეტიკის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ გაძვირების პირობა ექსპორტირებულ დენს ეხება, თუმცა მსგავსი რამ არც ერთი დოკუმენტით არ არის დადასტურებული, ხოლო სახელმწიფო ორგანიზაციების სიტყვიერი დაპირებების საზოგადოებას აღარ სჯერა.

შეგახსენებთ, რომ რუსული კომპანია "ინტერ რაო ეესი" სს "თელასის" მეშვეობით 1,5-მილიონიანი ქალაქის - თბილისის, ენერგოდისტრიბუციას ახორციელებს. მის საკუთრებაშია მე-9 ენერგობლოკი ("მტკვარი ენერგეტიკა"), "ხრამჰესი-1" და "ხრამჰესი-2", ორივე სადგურის წლიური გამომუშავება 610 მილიონი კვტ/სთ-ია. გარდა ამისა, "ინტერ რაო ეესი" წელსვე შეუდგება მდინარე ხრამზე ახალი ელექტროსადგურების კასკადის "ხრამჰესი-3"-ს აშენებას, სწორედ ამ ჰესების ასაშენებლად საქართველოს მთავრობამ რუს ინვესტორს უფლება მისცა, 2014 წლიდან წარმოების ტარიფი 6 თეთრით გაზარდოს.

ექსპერტის დავით ებრალიძის განცხადებით, მთავრობის სატარიფო პოლიტიკა მხოლოდ 24-საათიანი ელექტრომომარაგებით ამოიწურება. "ამ მიმართულებით ქვეყანა არასწორ პოლიტიკას ავითარებს. მთავრობას სურს, რომ მთელი ელექტროენერგია ექსპორტს მოახმაროს, არადა ამ სიმდიდრეზე ქვეყნები ოცნებობენ. ჩვენ შეგვეძლო, ეკოლოგიურად სუფთა, იაფიანი ელექტროენერგიით ნავთობი და გაზი ჩაგვენაცვლებიანა, თუმცა მთავრობას ხვალინდელ ქათამს დღევანდელი კვერცხი ურჩევნია", - ამბობს დავით ებრალიძე.

მისივე თქმით, "თელასის" ელექტროენერგიის ტარიფში ისევ ჩადებულია ის ინვესტიციები, რომლის ამოღების ვადა 2008 წელს დასრულდა, ანუ მოსახლეობა ამ მიმართულებითაც მოტყუებულია. ებრალიძე მიიჩნევს, რომ "თელასმა" ტარიფში თავისი წილი 5 თეთრამდეც რომ შეამციროს, მისი წმინდა მოგება, დაახლოებით 10 მილიონი ლარი იქნება. მოსახლეობა კი სატარიფო ტვირთისგან ცოტათ შვებას მაინც იგრძნობს.

"ბიზნეს-რეზონანსი" არაერთხელ წერდა, რომ 1998 წელს "ეიეს თელასთან" გაფორმებულ ხელშეკრულებით, 2008 წლის 1-ლი სექტემბრისათვის "თელასი" დაასრულებდა თბილისის გამრიცხველიანებისა თუ სხვა სახის სამუშაოებს, რასაც დიდი ოდენობით ინვესტიცია სჭირდებოდა. ის ასევე ამოიღებდა ჭარბი ინვესტიციის ღირებულებას, რაც ჩვენს ტარიფშია გათვალისწინებული (დაახლოებით 3 თეთრის ოდენობით) და, შესაბამისად, ჭარბი ინვესტიციის კომპონენტი ტარიფს გამოაკლდებოდა და მოსახლეობა ცოტათი შვებით ამოისუნთქებდა. მაშინდელმა პრემიერმა ზურაბ ნოღაიდელმა კი ერთი ხელის მოსმით ხელი მოაწერა მემორანდუმს და 17-თეთრიანი ტარიფი 2015 წლამდე დაგვიკანონა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ახლანდელმა მთავრობამ "თელასს" ტარიფის კიდევ უფრო გაზრდის შესაძლებლობა მისცა.

"თელასმა" ტარიფი უნდა შეამციროს არა მარტო იმის გამო, რომ 2008 წლის 1-ელ ოქტომბერს დასრულდა ჭარბი ინვესტიციის ამოღების ვადა, არამედ ბევრი სხვა რამის გამოც. მაშინაც კი, როცა ტარიფი 10 თეთრი იყო, ვითხოვდი, რომ იგი კიდევ უფრო შემცირებულიყო, რადგან ეს ინვესტიციები, რომლებიც ჩადო ამერიკულმა კომპანიამ, ჩამოწერილი იყო მანამ, სანამ რუსულ მხარეს მიჰყიდდა "თელასს".

მართალია, ამერიკულმა მხარემ 210 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, მაგრამ ეს თავისი პროცენტებით ასული იყო 800 მილიონამდე და ეს კომპონენტი იყო ასახული ტარიფში", - ამბობს დავით ებრალიძე.

სემეკის თავმჯდომარის გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, სემეკის მიერ დადგენილი ტარიფები რეალურია. "ხანმოკლე საუბრის ფარგლებში ძნელია, სრულად ჩავუღრმავდეთ ტარიფების სტრუქტურას, მაგრამ სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებების, აგრეთვე ელექტროენერგის გამანაწილებელ ქსელებში უკვე ჩადებული ინვესტიციების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე კომისიის მიერ დადგენილი ტარიფები რეალურად ასახავენ ყველა დანახარჯს და მისი დადგენის მეთოდოლოგია სრულად შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს", - ამბობს გურამ ჩალაგაშვილი.

ექსპერტების, განცხადებით 17 თეთრამდე ტარიფის გაძვირებას რეალური გათვლები არ ახლდა. უფრო მეტიც, ტარიფის მომატება მოხდა ისე, რომ საზოგადოებისთვის კი არა, თვით დარგის სპეციალისტებისთვისაც კი არ იყო ცნობილი ახალი გაზრდილი ტარიფის შემადგენელი კომპონენტი.

საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტის, პროფესორ რევაზ არველაძის თქმით, დღეს იმის თქმა თუ რამდენად სწორადაა ფორმირებული საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი, რთულია.

"ზოგადად ტარიფი უნდა ფორმირდებოდეს დანახარჯების მიხედვით, მაგრამ ჩვენთან ამის გარკვევა ძალიან ძნელია, რამდენადაც მარეგულირებელი კომისიის ბრძანებით საქართველოში ტარიფის მდგენელების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია. ამერიკაში საშუალო ტარიფი არის 8 ცენტი; ანუ მოსახლეობისთვის ის არის 11 ცენტი, საწარმოებისთვის კი - 7 ცენტი. აქ ჩნდება კითხვა, რატომ უნდა ღირდეს ამერიკაში დენი უფრო იაფი, ვიდრე ჩვენთან? მაგრამ ვიმეორებ, ამის განსაზღვრა საქართველოში ძალიან რთულია. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ჩვენთან ეკონომიკის ამ სეგმენტში საკმაოდ დიდი ინვესტიციები ჩაიდო", - ამბობს არველაძე.