ბანკების მადის დაოკება პრეზიდენტსაც კი არ ძალუძს

ბანკების მადის დაოკება პრეზიდენტსაც კი არ ძალუძს

იყო ერთი მეწარმე, რომელმაც პრეზიდენტს შეღავათიანი კრედიტების გაცემის ხელშეწყობის თხოვნით მიმართა. საქართველოს პრეზიდენტი მყისვე შეუდგა საჭირბოროტო საკითხის გადაწყვეტას და განაცხადა, რომ  საბანკო კრედიტების საპროცენტო განაკვეთები უნდა შემცირდეს.

“პირველ რიგში, უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რომ საბანკო კრედიტები გაიაფდეს, ეს არის ყველაზე მთავარი გამოსავალი. თავს ნუ მოვიტყუებთ, მე არა ვარ ის პოპულისტი, რომელიც გეტყვით, რომ ხვალ მოდით და დაგირიგებთ კრედიტებს. ჩვენ გვქონდა ექსპერიმენტები “იაფ კრედიტთან” დაკავშირებით, იმ ფორმით როგორითაც იყო, არ გაამართლა. მაგრამ ის, რომ საქართველოს საკრედიტო რეიტინგი ყოველწლიურად იზრდება, ნიშნავს, რომ საბოლოოდ უნდა მოყვეს ავტომატურად საკრედიტო განაკვეთების შემცირება. ეს არის გარდაუვალი უახლოეს თვეებში.

უნდა მოხდეს მკვეთრი შემცირება საბანკო კრედიტების. მე კარგად ვიცი, რომ დღეს თქვენისთანა მცირე ბიზნესისთვის საბანკო განაკვეთები არის ძალიან არამომგებიანი და ხელმიუწვდომელი”, - განაცხდა სააკაშვილმა.

მაგრამ მეწარმისა და პრეზიდენტის გარდა, კიდევ იყვნენ ბანკებიც, რომლებსაც არაფრად ეჭაშნიკათ პოპულისტური წინასაარჩევნო განცხადებები და ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე განაცხადეს - სესხები არ გაიაფდება. „თიბისი ბანკში“ განმარტავენ, რომ სურვილის მიუხედავად უახლოესი მომავალში მცირე და საშუალო ბიზნესზე საპროცენტო განაკვეთების გადახედვა არ მოხდება. 

ბანკის ფინანსური დირექტორი განმარტავს, რომ 2009 წლიდან საპროცენტო განაკვეთების შემცირების  ტენდენცია შეიმჩნევა  და ბოლო 18 თვის მანძილზე ბიზნეს სესხებზე განაკვეთი 1-1,5%-ით შემცირდა. მისივე პროგნოზით,  ტენდენცია შენარჩუნდება და საშუალო ვადიან პერიოდში საპროცენტო განაკვეთების შემცირება მოსალოდნელია.

„საქართველოს ბანკში“ კი პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარი გენერალური დირექტორის საქართველოში არ ყოფნის მიზეზით არ გაკეთებულა. თურმე აღნიშნულ საკითხზე პასუხის გაცემა მხოლოდ ირაკლი გილაურის კომპეტენციაა და ბანკი აღნიშნულზე კომენტარს პრესისთვის უახლოეს მომავალში გაავრცელებს.

კიდევ იყვნენ არასამთვრობო ორგანიზაციები, რომლებმაც ბოლოს და ბოლოს სააშკარაოზე გამოიტანეს ქართული ბანკების ღორმუცელობა. ბოლო პერიოდში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა სხვადასხვა კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვითაც საქართველოში საბანკო რესურსები მიუწვდომელია  - კრედიტებისა და სესხების საპროცენტო განაკვეთი მაღალია. ფინანსების ხელმისაწვდომობის პრობლემაა აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის  მოხსენებაშიც.

ხელმისაწვდომობის პრობლემა, სხვა ორგანიზაციების მსგავსად, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამაც შეისწავლა და კვლევის შედეგები რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. ორგანიზაციის წევრებმა აღმოაჩინეს, რომ საკრედიტო რესურსის სიძვირით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია და მსოფლიო ბანკის 2010 წლის მონაცემებით, კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები საქართველოზე მაღალი მსოფლიოს მხოლოდ 7 ქვეყანაშია.

ყველაზე მეტად ორგანიზაციის ყურადღებას მიიქცია რისკის პრემიის მაჩვენებელმა. როგორც ცნობილია, საქართველო მსოფლიო ბანკის მიერ აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყნად ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით და ქვეყნის მთავრობაც თავს იწონებს ამ მიღწევით. სწორედ ამ რეიტინგისა და რისკის პრემიის მაჩვენებლის შეუსაბამობა აღმოჩნდა ექსპერტების ყურადღების საგანი.

2011 წელი საბანკო სექტორმა 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოგებით დაამთავრა და აქტივებმა თითქმის 12 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია ბოლო 5 წლისგანმავლობაში. იქვე გაჩნდა ეჭვი, რომ ეს ბანკებმა გაზრდილი საპროცენტო განაკვეთისა და ვადაგადაცილებული სესხების უმკაცრესად ამოღების გზით შეძლეს.

თუმცა, იქვე იყო ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია, რომელმაც ბანკებისთვის საამებელ ენაზე განმარტა ეს ყოველივე.

 “მოგება არის არა იმისაგან, რომ, დავუშვათ, საპროცენტო განაკვეთებია გაზრდილი. და თუ ჩვენ ვნახავთ ამას დეტალურად, ვნახავთ, რომ საპროცენტო განაკვეთების მრუდი ქვემოთ მოდის, უბრალოდ, მოგების გაზრდა საკრედიტო პორტფელის გაზრდამ გამოიწვია”, - ამბობს გვასალია.

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი საპროცენტო განაკვეთების პრობლემატიკაზე საუბრისას მსოფლიო ბაზარზე საბანკო რესურსების გაძვირების ტენდენციაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ არსებული ვითარება ჯერჯერობით ხელს არ უწყობს საქართველოში საბანკო სესხებისა და კრედიტების გაიაფებას.