ყველა გზა სტამბულისკენ მიდის

ყველა გზა სტამბულისკენ მიდის

ოსმანთა იმპერიის შემდეგ თურქეთი არასდროს ყოფილა ისეთი პოპულარული, როგორიც დღეს არის. მაგრამ შეძლებს კი ის ყველა ახალი მეგობრის გულის მოგებას? 

 

დღეს მშვენიერია იყო თურქეთი. მისი ეკონომიკა, რომელსაც გლობალურმა რეცესიამ ბევრი ვერაფერი დააკლო, ამ წლის პირველ კვარტალში 11,7 %–ით გაიზარდა, ხოლო მეორე კვარტალში – 10,3%–ით. თურქეთი, რომელიც ოსმანთა იმპერიის ტრადიციებს აღადგენს, ისეთ ქვეყნებთან, როგორებიც არიან სირია, იორდანია და ლიბანი, სავიზო რეჟიმის გაუქმების წინადადებით გამოვიდა, ის ამ ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო ზონის შემოღაბაზეც მუშაობს.

 

გარდა ამისა, თურქეთი არა მხოლოდ რეგიონალური, არამედ უკვე მსოფლიო მასშტაბის ძალაა. მალე ის ევროპის საბჭოს  თავმჯდომარე გახდება, არის დამკვირვებელი სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოში, ასევე - ახალი მეგობარია ისეთი ორგანიზაციების, როგორებიცაა სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაცია (ASEAN) და საერთო ლათინურ–ამერიკული ბაზარი Mercosur; და მთელი მსოფლიო დღეს მისკენ მიისწრაფვის. როდესაც ახლახანს ანკარაში გახლდით, იქ სუდანის საგარეო საქმეთა მინისტრი გახლდათ; ფრანგებმა, ავსტრიელებმა და პოლონელებმა ის იყო დაასრულეს საკუთარი ვიზიტები. იქ რეგულარულად დადიან ერაყის მაღალი რანგის პოლიტიკოსები. თურქეთი დიპლომატიური მომსახურების ნამდვილ ექსპორტიორად იქცა. „პირველად ხდება ის, რომ რჩევით მოგვმართავენ“, – ამბობს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამერიკანიზირებული მოადგილე სელიმ ენელი, რომელიც ვაშiნგტონთან ურთიერთობებზეა პასუხისმგებელი.

 

თურქეთი, სხვა განვითარებადი ქვეყნების მსგავსად, როგორებიც არიან ბრაზილია და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ოდესღაც ის სახელმწიფო იყო, სადაც მემარჯვენეები ბატონობდნენ. ცივი ომის დროს დასავლეთს აბსოლუტურად მშვიდად შეეძლო მის იმედზე ყოფნა. და ამ ქვეყნების მსგავსად, თურქეთი დღეს თვითდაჯერებული გახდა და გრძნობს, რომ აღარ სჭირდება ვინმეს ეკუთვნოდეს. ახლა ეს სახელმწიფოები – დამოუკიდებელი ძალაა. ამის დემონსტრირება თურქეთმა და ბრაზილიამ წელს მაისში მოახდინეს (ვაშინგტონისთვის სამწუხაროდ), როდესაც ირანს მოელაპარაკნენ იმის თაობაზე, რომ ის იარაღის კონცენტრაციისთვის საჭირო ბირთვულ საწვავს არ შექმნიდა. საინტერესოა, რომ თურქეთი, ბრაზილია და ნიგერია დღეს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს შემადგენლობაში არიან, ხოლო მომავალ წელს იქ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და ინდოეთი იქნებიან წარმოდგენილები. მოკლედ, განვითარებადი სახელმწიფოების მომაკვდინებელი რიგითობაა, რაც იმის  შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ახლებურად შევხედოთ დღევანდელ დღეს, რომელიც ჰეგემონებისგან თავისუფალია და ძალთა რამდენიმე ცენტრისგან შედგება.    

 

თუმცა, დიპლომატიის თვალსაზრისით, თურქეთი ამ ქვეყნებს შორის გამორჩეულია. მხოლოდ თურქეთია ის დიდწილად მუსულმანური ქვეყანა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მდებარეობს და პლანეტის თითქმის ყველა კრიზისულ ზონასთან ახლოსაა. ამის გამო, ასევე უმნიშვნელოვანესია ის საკითხი, თუ რა ტიპის ძალა იქნება თურქეთი. თურქი დიპლომატები, რომლებიც შესანიშნავად აცნობიერებენ იმას, რომ მათ დღეს მთელი მსოფლიო აკვირდება, დაჟინებით  უმტკიცებენ ყველას, რომ თურქეთი ლიბერალური და საერო სახელმწიფოა, და რაც ყველაზე მთავარია, ის პასუხისმგებლობით ეკიდება იმ გავლენას, რომელსაც რეგიონზე და მის საზღვრებს მიღმა ახდენს.  

 

რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვები გასულ გაზაფხულზე მთელ რიგ სწრაფად განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. თავდაპირველად თურქეთმა ირანთან დაკავშირებით აბსოლუტურად უსარგებლო საჩუქარი გააკეთა და ამ ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე აშშ–ს მიერ წარდგენილ გაეროს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, შემდეგ ის განრისხდა ისრაელელი კომანდოსების ქმედებებზე, რომლებმაც თურქეთიდან ღაზას მიმართულებით მიმავალი ხომალდების  წინააღმდეგ სასტიკად უნიჭო ოპერაცია ჩაატარეს და თურქეთის რვა მოქალაქე მოკლეს. ამ მოვლენათა თანმიმდევრობამ სასტიკი შთაბეჭდილება დატოვა, რომ  თურქეთი ირანს როგორც მეგობარს ისე ეპყრობა, ხოლო ისრაელს - როგორც მტერს. თურქეთის პოლიტიკა „ნულოვანი პრობლემები მეზობლებთან“ ისე გამოიყურება, თითქოს ანკარა მზადაა მის ძველ დასავლელ მეგობრებს წაეჩხუბოს, ოღონდ კი დაამშვიდოს ქვეყნები, რომლებიც მის მეზობლად იმყოფებიან, მათ შორის, ყველაზე ამაზრზენებიც კი. თომას ფრიდმანმა New York Times–დან დაწერა, რომ თურქეთს, როგორც ჩანს ძალიან სურს „ისრაელის წინააღმდეგობის ფრონტს შეუერთდეს, სადაც „ჰამასი“, „ჰეზბოლა“ და ირანი შედიან.     

 

ვფიქრობ, ეს სისულელეა. დასაწყისისთვის, ისრაელს რაც შეეხება, ყველა, ვისთანაც კი მისაუბრია, მათ შორის მმართველი  სამართლიანობის და განვითარების პარტიის სასტიკი კრიტიკოსებიც კი ამბობენ, რომ საზოგადოება ამ ფაქტმა სასტიკად აღაშფოთა. მათ მუდმივად ეუბნებიან, რომ ოსმანთა იმპერიის შემდეგ, თურქეთის არცერთი მშვიდობიანი მოქალაქე უცხოელი სამხედროების ხელით არ დაღუპულა. ეს აღშფოთება იმდენად ძლიერია, რომ ვერცერთი თურქული მთავრობა ვერ შეინარჩუნებს ლეგიტიმურობას და პოპულარობას, თუკი ისრაელს ბოდიშის მოხდას არ მოსთხოვს (სხვა საკითხია, უწოდებენ თუ არა წამყვანი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწეები ამ ინციდენტს სახელმწიფო ტერორიზმს). თურქეთი ამ ბოდიშს დღესაც ელის. რაც შეეხება ირანს, ერთი რამ აშკარად ცხადია: თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აჰმეტ დავითოღლუს და მის გუნდს მართლაც მიაჩნდა, რომ დასავლეთი მოიწონებდა მათ მიერ გაფორმებულ შეთნხმებას, რომლის თანახმადაც ირანი ქვეყნიდან მშვიდობიანი მიზნით გასამდიდრებელ 1 200 კილოგრამ ურანს გაიტანდა. ის, რომ ისინი შეცდნენ, თანაბრად ადასტურებს, როგორც ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას არაერთაზროვან დამოკიდებულებას ირანის მიმართ, ასევე თურქეთის სიყრუეს და არაგულწრფელობას. 

 

თუმცა, თურქეთის ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ საკუთარი ქვეყნის ახალი რეპუტაცია საფრთხის ქვეშ დააყენეს, და რომ ახლა სერიოზული სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება მოუწევთ. „ჩვენ რაღაც ძალიან თვალშისაცემი რამის გაკეთება მოგვიწევს“, – მითხრა ენელმა. იქნებ, თურქეთმა შეძლოს ჰამასის დათანხმება იმაზე, რომ გატაცებული ისრაელელი ჯარისკაცი ჰილად შალიტი გაათავისუფლოს? (ღმერთმა ქნას). პრემიერ მინისტრმა რეჯიპ ტაიპ ერდოღანმა, ერთგვარად შეასუსტა მისი დაჟინებული ყურადღება ღაზას და ისრაელის ღალატის მიმართ, ხოლო გაეროს საგამოძიებო კომისია 2011 წლის დასაწყისში საბოლოო შეფასებას მისცემს ხომალდების ქარავნის სისხლიან ისტორიას (თურქებს იმედი აქვთ, რომ ისრაელს ეს ბოდიშის მოხდას აიძულებს).

 

სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ თურქეთმა დასავლეთს ახლო აღმოსავლეთი ან ისლამი ამჯობინა. თურქეთის მისწრაფება, გახდეს დასავლური კლუბის, მათ შორის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ძველებურად ძლიერი მამოძრავებელი ძალაა. მაგრამ თურქეთი ბევრი მიზნისკენ მიისწრაფვის, და მათი ნაწილი შეიძლება სხვებს  ეწინააღმდეგებოდეს. ქვეყანას სურს გახდეს რეგიონალური ძალა საკუთარ რეგიონში, რომელიც უდიდესი ეჭვით ეპყრობა დასავლეთს, ისრაელს და შეერთებულ შტატებს; მას სურს გახდეს სუნიტური ზესახელმწიფო, რომელიც შუამავლის როლს ითამაშებს სუნიტებში ლიბანში, ერაყში და სხვა ადგილებში; ანკარას მთელი მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნების ახალი ალიანსის თანადამფუძნებელი სურს გახდეს. მაგრამ ამავდროულად, მას დასავლეთის სანდო მოკავშირეობაც სურს.

 

როდესაც თურქეთს ამ როლებს შორის არჩევანის გაკეთება უწევს, მეზობლობის ფაქტორი უპირატესი ხდება, და მაშინ ჩვენ ვიღებთ იმას, რომ ის ირანის წინააღმდეგ სანქციებს მხარს არ უჭერს. მაგალითად, ახლახანს, ბრიუსელის ნატოს სამიტზე, დავითოღლუმ ეჭვი გამოთქვა ანტისარაკეტო თავდაცვის შესახებ, რადგან ნებისმიერი ასეთი სისტემა ისეთ სახელმწიფოების წინააღმდეგ იქნება მიმართული, როგორებიც არიან ირანი და სირია. თურქეთი კი ამ ქვეყნების საფრთხედ აღიარებაზე უარს ამბობს.

 

თურქეთის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ისინი იმ „საერთო ღირებულებებს“ იცავენ, რომლებიც დასავლეთში საზოგადოებრივი დისკურსის, ზოგჯერ კი პოლიტიკის ცენტრშიცაა. თუმცა, თავიანთ მოძმე–მუსულმანებს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში, როგორც ჩანს კარტ–ბლანშს აძლევენ. ყველათვის ცნობილია, თუ როგორ შეეცადა ერდოღანი სუდანის პრეზიდენტის ომარ ჰასან ალ–ბაშირის რეაბილიტაციას, აცხადებდა რა, რომ „მუსულმანს არ შეუძლია გენოციდის აქტის ჩადენა“. ერდოღანმა ასევე საჯაროდ მიულოცა ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადს 2009 წლის არჩევნებზე გამარჯვება, რომელიც თითქმის ყველამ დაგმო და ფალსიფიცირებული უწოდა. თურქი დიპლომატები ამბობენ, რომ პირად საუბრებში ისინი პარტნიორებს მკაცრად ელაპარაკებიან. მაგრამ ავტოკრატული რეჟიმები პირადი საუბრების დროს გამოთქმულ შენიშვნებს ყურადღებას არ აქცევენ.            

 

ჩინეთისა და ინდოეთისგან განსხვავებით, თურქეთი არ საუბრობს „სუვერენიტეტზე“, იცავს რა ამით რეჟიმებს, რომლებიც ძალაუფლებას ბოროტად იყენებენ. ის საერთაშორისო სამართლის საკითხებში, „დასავლურ“ შეხედულებებს ემხრობა. მისი პრობლემა – გარემოცვაშია. თუკი შენ ადამიანის უფლებებს ძალიან სერიოზულად უდგები, მაშინ  ვერ შეძლებ რეგიონალურ ლიდერობას ახლო აღმოსავლეთში. მაგრამ პრობლემები თავად თურქეთში დემოკრატიის სადაო ხასიათს უკავშირდება.

 

რვა წელი გავიდა ხელისუფლებაში ერდოღანის მოსვლის შემდეგ, და არარელიგიურ თურქებს დღემდე ეჭვი ეპარებათ პირადად მისი და მისი პარტიის ერთგულებაში ადამიანის უფლებების დაცვის, ტოლერანტობის და კანონის უზენაესობის მიმართ. ბევრ იმ ადამიანს, რომელსაც მე ვესაუბრე მიაჩნია, რომ ახლახანს კონსტიტუციაზე ჩატარებული რეფერენდუმი, რომელმაც შეამცირა არმიის ძალაუფლება სასამართლო სისტემაზე, თურქული დემოკრატიის შემგომი განმტკიცების ფაქტს ადასტურებს. მაგრამ სხვები (და ისინიც ბევრნი არიან) მიიჩნევენ, რომ რეფერენდუმი მმართველი პარტიის სახიფათო შეთქმულებაა, რომლის მიზანიც სახელმწიფოზე მმართველი პარტიის კონტროლის გაძლიერებაა. არარელიგიური თურქები შიშობენ, რომ მათი ქვეყანა სულ უფრო კონსერვატიული ხდება – შესაძლოა მსხვილ ქალაქებში ჯერ არა, მაგრამ პერიფერიებში აშკარად ასეა.     

 

ქემალ ათათურქის დროიდან, თურქეთი მისი „ევროპული მისწრაფების“ ერთგული იყო. თუმცა ათათურქი თანამედროვედ მოაზროვნე მოღვაწე იყო, მაგრამ არა ლიბერალი. მისი ერთ–ერთი ლოზუნგი ასე ჟღერდა: „ყველაფერი ხალხისთვის, ხალხის მიუხედავად“. და თუკი ქემალისტთა ანტიკლერიკალიზმი ევროპული სტილის ლიბერალური ინდივიდუმის ჩამოყალიბების რეცეპტი ვერ გახდა, მაშინ ამას ვერც ერდოღანის მმართველი პარტიის ძალების მიერ აღორძინებული, ბაზარზე ორიენტირებული ზომიერი ისლამი ვერ გააკეთებს. თურქული დემოკრატია „კონსოლიდირებული“ ჯერ არ არის, აღნიშნა ერთმა პოლიტოლოგმა.

 

თურქეთი – საკმაოდ წარმატებული სახელმწიფოა და დასავლეთს ყველა საფუძველი აქვს იმისთვის, რომ მიესალმოს მას. ზომიერი და ტოლერანტული კოსმოპოლიტიზმი,  რომლის მაგალითსაც ის ახლოაღმოსავლეთის აუდიტორიას უჩვენებს, განამტკიცებს თურქეთის არამხოლოდ „რბილ ძალას“, არამედ  გლობალურ მშვიდობას და უსაფრთხოებას – ყოველ შემთხვევაში გრძელვადიან პერსპექტივაში. მარტო ეს ფაქტიც უკვე საკმაოდ სოლიდური წარმატებაა. მაგრამ თურქეთი არ  ბნელ გარემოში ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის როლით არ კმაყოფილდება. მას სურს საკუთარი წვლილი მსოფლიო არენაზე მიმდინარე პროცესებშიც შეიტანოს. და ასეთმა მისწრაფებებმა ანკარას შეიძლება აუძულოს დაიწყოს ბალანსის ძებნა ამ ქვეყნის სხვადასხვა როლებს შორის, რომლებიც ერთმანეთს კონკურენციას უწევენ.