ინვესტიციები არჩევნებისა და აქციების ჩრდილქვეშ

ინვესტიციები არჩევნებისა და აქციების ჩრდილქვეშ

მთავრობას მდიდარი არაბული ქვეყნებიდან საინვესტიციო ნაკადების იმედი აქვს, არადა წინ არჩევნებია. თანაც “ქართული ოცნება” გრანდიოზული აქციების დაგეგმარება-ორგანიზებაზე გადავიდა. ეს რამდენიმე კომპონენტი კი ერთმანეთთან შეუთვსებელია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს იმედი აქვს, რომ მდიდარი არაბული ქვეყნებიდან საქართველოში მეტი ინვესტიცია შემოვა. ასეთი აზრი მას საერთაშორისო სავაჭრო პალატის მეოთხე რეგიონალურ კონფერენციაზე სიტყვის გამოსვლის შემდეგ დაებადა.

“დღეს აქ წარმოდგენილნი არიან 10 ქვეყნის სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლები. ესენი არიან იმ ორგანიზაციის წევრები, რომლებიც ათობით, ასობით და ათასობით ყველაზე მსხვილ კომპანიებს აერთიანებენ.

ეს ადამიანები თავიანთ ქვეყნებში როდესაც ჩადიან იქაური ბიზნესწრეებს რეკომენდაციებს აძლევენ, თუ სად განახორციელონ ინვესტიცია. მათ საქართველოში ბიზნესის კეთება უნდათ და მათთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ჩამოყალიბდა, როგორც რეგიონალური ცენტრი - ლოჯისტიკური, საინვესტიციო და ტურისტული თვალსაზრისით. მე იმედი მაქვს, რომ ამ საკმაოდ მდიდარი ქვეყნებიდან საქართველოში მეტი ინვესტიცია შემოვა”, - განაცხადა გილაურმა.

კონფერენციის ფარგლებში დღესვე სავაჭრო-სამრეწველო პალატამ სამ არაბულ ქვეყანასთან - დუბაის საემიროებთან, ბახრეინის სამეფოსთან და შარჟას სამეფოსთან ხელშეკრულება გააფორმა.  სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის კახა ბაინდურაშვილის თქმით, თანამშრომლობის ფარგლებში მომავალში დელეგაციების გაცვლა და საინვესტიციო პროექტებზე მუშაობა იგეგმება.

“რამდენიმე ხნის წინათ ანალოგიური ხელშეკრულებები ჩვენ კატართან და ომანთან გავაფორმეთ. დანარჩენ არაბულ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ და ვფიქრობთ, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ამ ქვეყნებიდან ინვესტიციების მოზიდვას გაგვიოლებს”,'- განაცხადა ბაინდურაშვილმა.

კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ და აღნიშნა, რომ ღონისძიებაში მონაწილე ყველა ადამიანი თავიანთ ქვეყნებში წამყვანი ბიზნესმენები არიან და მათ შესაძლებლობა აქვთ საკუთარი თავლით ნახონ ის ცვლილებები, რომელსაც საქართველოში აქვს ადგილი.

მიუხედავად ასეთი ოპტიმიზმისა, ხელისუფლების საპარლამენტო განაყოფში არ არიან დარწმუნებულნი, რომ წლეულს მნიშვნელოვანი ინვეტიციები შემოვა. საპრლამენტო უმრავლესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ინვესტორები, ისევე როგორც ევროპის ქვეყნების მიმართ, საქართველოშიც არჩევენების დასრულებას ელოდებიან.

“ზოგადად ადამიანებს სურთ, რომ მომავალი გამჭვირვალე და პროგნოზირებადი იყოს, გრძელვადიანი ინვესტირების დროს ყოველთვის ითვალისწინებენ ქვეყნის შიდა მოვლენებს. ასე ხდება მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. 

წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც კოალიაცია “ქართულმა ოცნებამ” 27 მაისის აქციით დაიწყო, ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას ხელს ვერ შეუშლის, თუ ყველაფერი კანონის დაცვითა  და ექსცესების გარეშე ჩაივლის”, - აცხადებს წიკლაური.

სხვათა შორის, “ქართული ოცნებამ” ჯერ ერთი ხანმოკლე აქცია გამართა და ამის გარშემო უკვე დაიწყეს წუწუნი მთავრობის წევრებმა თუ მასთან დაახლოებულმა ბიზნესმენებმა. მათი აზრით, ქუჩის აქციები და ემოციები არასტაბილურობის შეგრძნებას ქმნის.

“ემოციური ფონი ბიზნეს აქტივობაზე ცუდად აისახება. ქუჩის აქციები და ემოციები არასტაბილურობის შეგრძნებას ქმნის. ჩვენ ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მუშაობას, მაგრამ როცა აქციები თვეების განმავლობაში გრძელდება და ურთიერთობის გარკვევა ქუჩაში გადადის, რა თქმა უნდა, ბიზნესი ჩერდება”, - აცხადებს “პეესპეს” დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი.