ბრიტანულმა კომპანია “ბრიტიშ პეტროლეუმმა” “ნაბუკოს” პროექტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. “ბიპის” ხელმძღვანელის იან კონის განმარტებით, კომპანია აღარ განიხილავს “ნაბუკოს” აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირების მთავარ ალტერნატივად.
ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ნაბუკოს” მშენებლობა, რომლითაც კასპიის რეგიონიდან გაზის ტრანსპორტირება ახლო აღმოსავლეთში უნდა განხორციელდეს, შესაძლოა, 2015 წელს დაიწყოს, თუმცა უკვე გაზრდილი ხარჯებით და გაზმომარაგების გაურკვეველი პირობებით
აქამდე “ნაბუკოს” კონსროციუმში გაერთიანებულნი იყვნენ თურქული კომპანია Botas, Bulgarian Energy Holding, უნგრული MOL, ავსტრიული OMV Gas&Power, GmbH გერმანული RWE და რუმინული Transgaz. თუმცა როგორც ცოტა ხნის წინათ გახდა ცნობილი, პროექტი უნგრულმა კომპანიამ უკვე დატოვა.
ოკეანისგაღმა დარწმუნებულნი არიან “ნაბუკოს” პროექტიდან წამყვანი მონაწილის, “ბრიტიშ პეტროლეუმის” გასვლის მიუხედავად, პროექტს საფრთხე არ დაემუქრება. ასეთი მოსაზრების არის აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორია ნულანდი, თუმცა რა აძლევს მას ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს, უცნობია.
„აშშ ისევ ისე გააგრძელებს პროექტის მშენებლობისთვის მხარდაჭერას, მიუხედავად მისი შემადგნელობიდან “ბრიტიშ პეტროლეუმის” გასვლისა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია პროექტს უმნიშვნელოვანესად მიჩნევს“,-განაცხადა ნულანდმა.
ამერიკელთაგან განსხვავებით ქართველ ექსპერტებს უკვე გადაწურული აქვთ “ნაბუკოს” ამოქმედების იმედი. ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე აცხადებს, რომ ამ პროექტის მნიშვნელობა ევროპისთვის თავიდანვე ძალიან გაზვიადებული იყო და ევროპაში არსებული კრიზისის ფონზე. ამიტომაც ისინი უფრო „ჩრდილოეთის ნაკადისკენ“ იხრებიან.
„ყოველთვის სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ამ პროექტის მიმართ. ასეთი ტრანსნაციონალური პროექტების რეაგირება იმ რიტორიკის რეჟიმში, როგორც ამ პროექტის რეალიზაციის მსურველი, მათ შორის საქართველოც ეწეოდა, უპერსპექტივოს ხდიდა თავიდანვე. კონფრონტაციებსა და სხვის იგნორირებაზე ასეთი გლობალური პროექტები არ კეთდება. მისი მნიშვნელობა ევროპისთვის ძალიან გაზვიადებული იყო.
მაქსიმალური, რაც შეიძლება ამ პროექტმა გააკეთოს, ეს არის ევროპის მოთხოვნის 5%-ის დაკმაყოფილება. ამიტომაც ევროპელები უფრო „ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაკადებისკენ“ იხრებიან.
ახალი გადაანგარიშებით, “ნაბუკოს” თვითღირებულება 23 მილიარდ დოლარამდე ავიდა. ევროპაში არსებული კრიზისის ფონზე, ეს კი წარმოუდგენელია. საქართველო, რა თქმა უნდა, ზარალდება, მაგრამ არის სხვა პროექტები და თუ ჩვენი ქვეყანა გონივრულად იმოქმედებს, შეძლებს მასში მონაწილეობის მიღებას.
ყველა დიდი ტრანსნაციონალური პროექტი ყოველთვის დომინირებული პოლიტიკაა და მასთან შერწყმული ეკონომიკური ინტერესები. კონფრონტაციაზე და ერთი მხარის დამუნათებაზე ასეთი პროექტები არ შენდება. ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი გახლდათ, რომ “ბიპი” უარს იტყოდა, თუმცა მან თვლა კარგად იცის“, - აცხადებს გიორხელიძე.
“ნაბუკოს” ირგვლივ სრული გაურკვევლობაა აზერბაიჯანშიც. არადა, ეს მილსადენი დიდწილად ამ ქვეყნის ენერგორესურსების იმედზე შენდება. რადგან ყველაფერი ჰაერშია, ბაქო “ნაბუკოს” მისამართით ზედმეტ აქტიურობას არ ავლენს. აზერბაიჯანში ახლა სულ სხვა საკითხებით არიან დაკავებლუნი, რომელიც უკვე არსებული გაზსადენი სიმძლავრის გაზრდას უკავშირდება.
ბოლო ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის სიმძლავრე, შესაძლოა, წელიწადში 37 მლრდ კუბ/მ-მდე გაიზარდოს. ეს გადაწყვეტილება უკავშირდება შაჰ-დენიზიდან გაზის მოპოვების ზრდას, რომელმაც მეორე ეტაპზე 25 მლრდ კუბ/მ-ს უნდა მიაღწიოს. ამჟამად კი საბადოდან 9 მლრდ კუბ/მ-ის მოპოვება ხდება.