“ეს ყველაფერი საკმარისია, რომ ინვესტორებმა საქართველოში ფული აღარ დააბანდონ”

“ეს ყველაფერი საკმარისია, რომ ინვესტორებმა საქართველოში ფული აღარ დააბანდონ”

საქართველოში ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით რთული სიტუაციაა, მაგრამ სულ მალე გაცილებით უარესი ვითარება იქნება.  ამის მიზეზი სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა გახდა, სადაც ქართული სახელმწიფო ბიუროკრატიის ნაკლოვანებები სააშკარაოზეა გამოტანილი. 

პოტენციური ინვეტორებისათვის განსაკუთრებით თვალშისაცემია სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნის ის ნაწილი, რომელიც სასამართლო სისტემას და საკუთრების უფლებების დაცვას ეხება.  სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას უფლებადამცველი ლია მუხაშავრია. იგი თვლის, რომ ამერიკელთა სიტყვას სხვა წონა აქვს და შესაძლოა ინვესტორებმა ზურგი გვაქციონ.

მუხაშავრია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ დასკვნა ობიექტურია და იგი საკმარისია საიმისოდ, რომ ინვესტორმა საქართველოში ინვესტიცია არ განახორციელოს.

“დასკვნა ძალიან ობიექტური და კვალიფიციურია. უბრალოდ,პირდაპირი შედეგი შეიძლება ძალიან თვალშისაცემი არ იყოს, მაგრამ მას შედეგი მაინც მოჰყვება, რადგად ტონი გამკაცრებულია და მკაფიოდაა მითითებული, თუ რა სფეროში არსებობს პრობლემები”, -აცხადებს უფლებადამცველი.

გამოქვეყნებული ანგარიში კარგი დოკუმენტია საიმისოდ, რომ ინვესტორებმა საქართველოში ინვესტიცია არ განახორციელონ.”მაგალითად, თუ ვინმეს უნდა საქართველოში ინვესტიციის განხორციელება, ჩაიხედავს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისმიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში და მიხვდება: საკუთრების უფლება აქ დაცული არ არის, სასამართლო სამართლიანად არ ფუნქციობს. ეს კი საკმარისზე მეტი ინფორმაციაა იმისთვის, რომ ინვესტორმა,საქართველოში ინვესტიცია აღარ განახორციელოს”, - აცხადებს სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენთან” ლია მუხაშავრია.

აშშ-ის საელჩომ საქართველოში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიური ანგარიში გაავრცელა. გასული საანგარიშო წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები იყო:

1. სახელმწიფო მოხელეების მიერ პატიმართა და დროებით დაკავებულთა უფლებების დარღვევა, აგრეთვე სტანდარტებთან სახიფათოდ შეუსაბამო პირობები საპატიმროებში;

2. ხარვეზები კანონის უზენაესობის კუთხით, მაგალითად, პრობლემები სასამართლოს მიერ კანონის ობიექტურ და თანაბარ გამოყენებასთან დაკავშირებით;

3. მთავრობის ჩარევა პროფკავშირებში გაერთიანებულ მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებში, მათ შორის, ჩარევა გაფიცვებში, თანამშრომელთა დაუსაბუთებელი დათხოვნა, საწევროს შეგროვებასთან დაკავშირებული ჩარევა, შრომითი კოლექტივების აქტივისტთა დევნა და დაშინება.

საანგარიშო წლის განმავლობაში დაფიქსირებულ სხვა პრობლემებს შორის იყო უშიშროების ძალების მიერ დემონსტრანტთა წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენება, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით, 26 მაისს ოპოზიციის საპროტესტო აქციის დაშლისას; პოლიტიკური ოპოზიციის წევრთა დაშინება; ვრცელდებოდა ინფორმაცია მთავრობის მიერ მოქალაქეთა კერძო საკუთრების დაუფლების მიზნით აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის არასწორი გამოყენების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა მიიღო კანონი მედიის საკუთრების საკითხში მეტი გამჭვირვალობისათვის, მოქალაქეთათვის განსხვავებული და თავისუფალი მედიის ხელმისაწვდომობა შეზღუდული იყო. იმ დროს, როდესაც დამოუკიდებელი მედია აქტიურობდა და გამოხატავდა აზრთა მრავალფეროვნებას, გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის სამი უმსხვილესი სატელევიზიო მაუწყებელი მჭიდროდ იყო დაკავშირებული მთავრობასთან. მთავრობის პირდაპირი ან ირიბი გავლენა მედიასაშუალებებზე პრობლემად რჩებოდა. რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დაცვა გაუმჯობესდა, მათ შორის, პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთად, სხვა რელიგიური ჯგუფების ფართო სპექტრსაც სამართლებრივი სტატუსი მიანიჭა. კვლავ ვრცელდებოდა ინფორმაცია დევნილი მოსახლეობის განსახლებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. სხვა პრობლემებს შორის სახელდებოდა გამჭვირვალობის ნაკლებობა ბიზნესის საკუთრებისა და სამთავრობო ტენდერების ჩატარების კუთხით. ვრცელდებოდა ინფორმაცია არჩეულ თანამდებობებზე ქალების ნაკლებობის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაღალი იყო ოჯახური ძალადობის მაჩვენებელი. საქართველო იყო, უპირველესად, მიმწოდებელი და ამავე დროს, სატრანზიტო ქვეყანა ადამიანთა ტრეფიკინგის თვალსაზრისით.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები ადამიანის უფლებათა დამრღვევი ოფიციალური პირების საქმეების გამოსაძიებლად და მათ დასასჯელად, საქმეთა გამოძიებას ხშირად აჩერებდნენ, ან აჭიანურებდნენ, რაც ქმნიდა დაუსჯელობის ატმოსფეროს”.