მოგზაურობა ტრილიონ დოლარად

მოგზაურობა ტრილიონ დოლარად

მსოფლიოს ტურისტულმა ორგანიზაციამ (UNWTO) ძალიან საინტერესო მონაცემები გამოაქვეყნა. კერძოდ, როგორც ცნობილი გახდა, გასულ წელს ტურიზმმა მსოფლიო ეკონომიკას 1,2 ტრილიონი დოლარის ოდენობის მოგება მოუტანა. ამ ციფრში შედის სამგზავრო ავიაგადაზიდვებით მიღებული მოგება, რომელიც 196 მილიონი დოლარი გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ პირველად ისტორიაში მოხდა, რომ ტურისტული ბიზნესის შემოსავალმა ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ყველაზე მეტად ტურისტებზე ხელი მოითბო გერმანიამ, აშშ-მ და ჩინეთმა.

საინტერესოა, რომ ამჟამად საერთაშორისო ტურიზმზე (მოგზაურობა და სამგზავრო ავიაგადაზიდვები) მოდის მსოფლიო საექსპორტო მომსახურების 30 პროცენტი. ტურიზმი, როგორც საექსპორტო კატეგორია მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა და მხოლოდ საწვავის, ქიმიკატების და კვების პროდუქტების ექსპორტს ჩამოუვარდება. თუმცა, ბევრ განვითარებად ქვეყანაში მას პირველი ადგილი უჭირავს.

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ბევრ ბაზარზე აღინიშნა საერთაშორისო ტურიზმზე მოთხოვნილების მყარი ზრდის ტენდენცია და ეს მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ეკონომიკას დალხენილი პერიოდი ნამდვილად არ უდგას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებისათვის, რომლებსაც სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და სადაც საერთაშორისო ტურიზმი სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვან როლს იძენს ადგილობრივი ეკონომიკისათვის.

UNWTO-ის ექსპერტთა აზრით, მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მთავრობა უბრალოდ ვალდებულია მხარი დაუჭიროს ტურიზმის განვითარებას. კერძოდ, გაამარტივონ სავიზო რეჟიმი, ტურისტთა გადაადგილება და შეიმუშაონ უფრო სამართლიანი საგადასახადო პოლიტიკა. ტურისტულმა სექტორმა უკვე აშკარად დაამტკიცა, რომ შეუძლია ხელი შეუწყოს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას და სამუშაო ადგილების სექმნას.

2011 წელს მსოფლიო ტურიზმის შემოსავლის უდიდესი, 45 პროცენტიანი წილი ევროპის ქვეყნებზე მოდის. შემდეგ 28 პროცენტით მოდის აზია-წყნარი ოკეანის და 19 პროცენტით ამერიკის რეგიონი. ევროპაში ტურისტებმა დახარჯეს 463 მილიარდი დოლარი, აზია-ოკეანეთში 289 მილიარდი, ამერიკის რეგიონში კი 199 მილიარდი დოლარი.

რაც შეეხება ტურისტების ზრდის ტენდენციას, ეს განსაკუთრებით შეინიშნა განვითარებად ქვეყნებში, კერძოდ კი ჩინეთში, ინდოეთში და ბრაზილიაში. კერძოდ, უცხოეთში სამოგზაუროდ მყოფი ჩინელი ტურისტების დანახარჯმა 32,2 პროცენტით მოიმატა და 73 მილიარდ დოლარს მიაღწია. ბრაზილიელმა ტურისტებმა შარშან შარშანწინდელთან შედარებით 29,5 პროცენტით მეტი, 21 მილიარდი დოლარი დახარჯეს. რაც შეეხება ინდოელ ტურისტთა დანახარჯს, იგი 32,9 პროცენტით, 13,7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

განვითარებულ ქვეყნებს შორის ტურისტთა მოდინების განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა გერმანიაში, ავსტრალიაში, ნორვეგიაში, ბელგიასა და კანადაში. აღსანიშნავია, რომ გერმანია პირველად გახდა ტურისტული მომსახურების უმსხვილესი მიმწოდებელი. ამ ქვეყანაში ტურისტებმა შარშან 84 მილიარდი დოლარი დახარჯეს. მეორე ადგილზე 79,1 მილიარდით აშშ გავიდა, მესამეზე კი ჩინეთი 72,6 მილიარდი დოლარით. აღსანიშნავია, რომ UNWTO-ის ექსპერტთა აზრით მიმდინარე წელს ჩინეთში ტურისტები დაახლოებით 100 მილიარდ დოლარს დახარჯავენ და ეს ქვეყანა ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე აღზევდება.

შარშანდელი მაჩვენებლით მეოთხე ადგილზე 50,6 მილიარდი დოლარით გავიდა დიდი ბრიტანეთი, მეხუთე კი საფრანგეთი გახლავთ 41,7 მილიარდი დოლარით. ათეულში აგრეთვე შევიდნენ: კანადა (33 მილიარდი დოლარი), იტალია (28,8 მილიარდი დოლარი), იაპონია (27,2 მილიარდი დოლარი) და ავსტრალია (26,9 მილიარდი დოლარი).

დასასრულს უნდა ითქვას, რომ მიმდინარე, 2012 წელს UNWTO-ის ექსპერტთა აზრით ტურისტული ბიზნესის შემოსავალი შარშანდელ რეკორდს მოხსნის და, სავარაუდოდ, 1,5 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.