ვინ არიან შავმაისურიანი ბიჭები თეთრი ზოლებით? - თუ იცნობთ, გამოგვეხმაურეთ!

ვინ არიან შავმაისურიანი ბიჭები თეთრი ზოლებით? - თუ იცნობთ, გამოგვეხმაურეთ!

თუ ჩვენი რომელიმე მკითხველი ან კოლეგა ამ ფოტოებზე აღბეჭდილ ადამიანებს იცნობთ და მათი ვინაობა იცით, მოგვწერეთ ელფოსტაზე: guria@gurianews.com. არ არის გამორიცხული, ეს ბიჭები, ერთნაირი შავი მაისურებით, ხვალ, 27 მაისს, ზუსტად ისევე აკონტროლებდნენ მედიის მუშაობას, როგორც 12 მაისს, დევნილთა აქციაზე. 

მაშინ, ჩვენი ყურადღება სწორედ მათმა ჩვენდამი ყურადღებამ მიიპყრო _ ისინი ძირითადად იდგნენ იქ, სადაც კამერებითა და დიქტოფონებით მუშაობდნენ. ამ ბიჭებს, სამოქალაქო ფორმებში ან ჟურნალისტების გვერდით, ან წინ ან უკან ვხედავდით.

იმდენი ხანი გვიტრიალეს წინ და უკან, ბოლოს ისიც აღმოვაჩინეთ, რომ მათ ზუსტად ერთნაირი შავი ფერის მაისურები ეცვათ, საყელოზე თეთრი ზოლით.

ქვემოთ, ფოტოებზე ასახული ნაცრისფერპერანგიანი სათვალეებიანი ახალგაზრდა, რომელიც მუდმივად მობილურით საუბრობდა, ხელმძღვანელის შთაბეჭდილებას ტოვებდა. პერიოდულად სწორედ მასთან იკრიბებოდნენ თეთრზოლიანი ბიჭები და რაღაცაზე ბჭობდნენ. სწორედ მან მიმართა "გურია ნიუსის" ჟურნალისტს შემდეგი სიტყვებით: "მიღებთ? კარგი კამერა გქონიათ, კარგად იღებ..."

ფოტოზე აღბეჭდილ კუბოკრულპერანგიანი ახალგაზრდა, რომელიც კამერით ხელშია დაფიქსირებული, იმ დროს არის გადაღებული, როდესაც "გურია ნიუსის" ჟურნალისტს იღებდა: "მოვალ, უფრო ახლოს მოვალ, რომ უკეთ გადამიღოთ", _ გვითხრა მან და შემდეგ ისიც იქვე მდგარ ნაცრისფერმაისურიან სათვალეებიანს და პოლიციას შეერია.

ფოტორეპორტაჟში, კარგად ჩანს, როგორ დგანან ისინი ჯერ მედიის გვერდით და შემდეგ სამართალდამცველებთან.

არც ერთმა მათგანმა გაგვცა პასუხი კითხვაზე, ვინ იყვნენ და რომელ უწყებას წარმოადგენდნენ.

ამიტომაც გვაინტერესებს, ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც იმ დღეს, მედიას გვერდიდან არ მოსცილებიან. თუ იცნობთ, ჩვენც გაგვაცანით, იქნებ სხვა დროსაც, ან სულაც ხვალ, 27 მაისს ისინი კვლავ ჩვენს გვერდით ვიხილოთ.