პროკურატურა მამა გიორგი მამალაძის მიმართ ნეგატიურ საზოგადოებრივ აზრს ქმნის

პროკურატურა მამა გიორგი მამალაძის მიმართ ნეგატიურ საზოგადოებრივ აზრს ქმნის

პროკურატურა აკეთებს მხოლოდ ერთს - ეს გახლავთ ნეგატიური საზოგადოებრივი აზრის შექმნა მამა გიორგი მამალაძის მიმართ, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებს მთავარ პროკურატურაში განუცხადა, სადაც ადვოკატებმა გაუთქმელობის ვალდებულების მოხსნის მოთხოვნასთან დაკავშირებული განცხადება კიდევ ერთხელ შეიტანეს.

ფანცულაიამ მედიას განცხადების ის ტექსტი გააცნო, რომელიც ადვოკატებმა პროკურატურაში გაუთქმელობის ვალდებულების მოხსნასთან დაკავშირებით, უკვე მეორედ შეიტანეს. 

”პროკურატურის მიერ უხეშად ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული უფლება; ასევე ირღვევა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლით გათვალისწინებული მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი. საქართველოს პროკურატურის მხრიდან ირღვევა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილი, სადაც წერია, რომ აკრძალულია ნებისმიერი ისეთი შეზღუდვის დაწესება ბრალდებულსა და მის ადვოკატზე, რაც ხელს უშლის დაცვის სათანადოდ განხორციელებას, ასევე არღვევს საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებულ ბრალდებულისა და ადვოკატის უფლებებს”, - განაცხადა ფანცუალაიამ. 

დეკანოზის ადვოკატის თქმით, საქართველოს მთავარი პროკურატურის მხრიდან ასევე ირღვევა სსკ-ის 364-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმაც, კერძოდ, ხელი ეშლება დაცვის განხორციელებას, რაც განპირობებულია სხვადასხვა ქმედებით. ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ პროკურატურის მიერ ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმპცია. 

”თქვენ საზოგადოებას ცალმხრივად აწვდით ინფორმაციას და ამავე დროს არასწორად. თქვენი უწყების მაღალი თანამდებობის პირები საჯაროდ აცხადებენ, რომ საქართველოს პროკურატურამ საქმეზე ინფორმაცია ნაწილობრივ გააცნო სასულიერო პირებს და ამავე დროს, პატრიარქის გერმანიიდან ჩამობრძანების შემდეგ, უკვე საზოგადოებას გააცნობს ბრალდების მტკიცებულებებს. ამით თქვენ არღვევთ საქართველოს პროკურატურის მთავარ ამოცანას, კერძოდ, საქმის ობიექტურ გამოძიებას და ჭეშმარიტების დადგენას. ამ ფონზე საქართველოს პროკურატურა აკეთებს მხოლოდ ერთს - ეს გახლავთ ნეგატიური საზოგადოებრივი აზრის შექმნა მამა გიორგი მამალაძის მიმართ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეწყდეს პროკურატურის მიერ ბრალდებულ მამა გიორგი მამალაძისა და მისი ადვოკატების მიმართ კანონმდებლობით გარანტირებული უფლებების დარღვევა. დაუყოვნებლივ მოგვეხსნას ეს უკანონო შეზღუდვა, საქმის შინაარსობრივი მხარის გაუთქმელობის თაობაზე. ამავე დროს შეწყდეს ცალმხრივი და არასწორი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებაზე”, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.