გორში ევროპასთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) ხელშეკრულების განხორციელების ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე უძღვებოდა.
ღონისძიებაზე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის მნიშვნელოვან თემებთან ერთად განიხილეს სხვადასხვა პრიორიტეტულ საკითხები რეგიონში მოღვაწე კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის. მხარეებმა ისაუბრეს იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც DCFTA სთავაზობს კერძო სექტორს ექსპორტის წახალისების, საექსპორტო პოტენციალის ზრდის, ამ კუთხით მეწარმეთათვის საწარმოთა მართვის უნარ-ჩვევების განვითარებისა და საექსპორტო-სავაჭრო ურთიერთობებში აქტიური ჩართულობის კუთხით.
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სხვა სამინისტროებთან ერთად და ასევე ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების პროგრამის დახმარების ფარგლებში აგრძელებს სოფლებში ცნობიერების ამაღლების კუთხით DCFTA-სთან დაკავშირებულ კამპანიას, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს დავიწყეთ და მთელი წლის განმავლობაში ვგეგმავთ ყველა რეგიონში ჩასვლას. ჩვენ გვინდა კერძო სექტორის წარმომადგენლებს მივაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია იმ სარგებელთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობას მოაქვს, ასევე კერძო სექტორისგან მოვისმინოთ იმ საჭიროებების შესახებ, რომლებიც მათთვის იკვეთება ევროკავშირის ბაზარზე თავიანთი პროდუქციის გატანის დროს“ - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს გენადი არველაძემ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნოდარ კერესელიძის თქმით, ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ქართველ ფერმერებს, გაიტანონ თავიანთი ნაწარმი ევროკავშირის ბაზარზე, თუმცა ამისთვის გარკვეული მოთხოვნებია შესასრულებელი და სტანდარტები დასაკმაყოფილებელი.
„ჩვენი დღევანდელი ვიზიტის მიზანი სწორედ ეს არის, რომ ფერმერებსა და მეწარმეებს გავაცნოთ ის ვალდებულებები, ის ახალი რეგულაციები, რაც ამ შეთანხმებას უკავშირდება და რაც აუცილებელია იმისთვის, რომ მათ დააკმაყოფილონ სტანდარტები ევროკავშირის ბაზარზე ნაწარმის გასატანად“ - აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ.
DCFTA-სთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრები, მრგვალი მაგიდების სერიის ფარგლებში, საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.