უმცირესობა პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს მიმართავს, ან პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის მისვლა უზრუნველყოს ან კალაძის მიერ რეგლამენტით გათვალისწინებული ნორმის უგულებელყოფის გამო, რეაგირების შესაბამის ზომებს მიმართოს.
როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ოთარ კახიძემ ბიუროს სხდომაზე განმარტა, უმცირესობამ კალაძეს ორჯერ გაუგზავნა ოფიციალური წერილი, “გაზპრომთან“ დაკავშირებით უმცირესობის ფრაქციების გაერთიანებულ სხდომაზე მოსვლისა და კითხვებზე პასუხების გაცემის თაობაზე. კახიძის თქმით, ორივე შემთხვევაში პასუხი იყო, რომ გადატვირთული სამუშაო გრაფიკისა და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების გამო, მინისტრი უმცირესობის ფრაქციების სხდომას ვერ დაესწრებოდა.
კახიძემ კობახიძეს სთხოვა, თუკი კალაძე პარლამენტში არ მივა, მოხდეს რეგლამენტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამოყენება და პრემიერის წინაშე აღნიშნული საკითხის შესწავლის დასმა.
“პარლამენტის მიერ არჩეული პირები უფლებამოსილი არიან, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებული არიან დაესწრონ ფრაქციების სხდომას. ამაში გამოიხატება ანგარიშვალდებულება. საკითხი მხოლოდ უმცირესობას არ ეხება. ეს არის პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულების თემა. ირღვევა პარლამენტის რეგლამენტი. რეგლამენტი რეაგირების გარკეულ ფორმებს ითვალისწინებს. კერძოდ, პარლამენტი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელს მიმართავს წარდგინებით, მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის შესახებ - ან გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ ან გამოდის, რომ მთავრობის წევრების ანგარიშვალდებულება პარლამენტის წინაშე არის სრული ფიქცია. თუ ამ პრობლემამ სისტემატური სახე მიიღო, რეგლამენტის ეს ჩანაწერი აზრს კარგავს. მაშინ ზოგადად ძალიან მძიმე პრობლემის წინაშე ვდგებით - ეს ხელისუფლების შტოთა ბალანსის პრობლემაა და პარლამენტის პრესტიჟის საკითხია“, - განაცხადა კახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
კახიძის ინფორმაციით, დღეს, “სასტუმრო მერიოტში“ არაფორმალურად ჩაცმულმა კალაძემ გარკვეული შეხვედრა გამართა. როგორც მან ამ კონტექტში აღნიშნა, “შეიძლება ის შეხვედრაც მნიშვნელოვნი იყო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მინისტრის პარლამენტში მისვლა“.
თავის მხრივ, კობახიძემ კიდევ ერთხელ გამოხატა კონსულტაციებსა და კომუნიკაციაში ჩართვის მზაობა და როგორც განაცხადა, “ამის შესაბამისად იმოქმედებს“.
დისკუსიაში ჩაერთო განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, რომელმაც აღნიშნა, რომ კომიტეტების შესაბამისი პროფილის მინისტრებთან ურთიერთობის და მათი კომიტეტებში მისვლის პრობლემა არ არსებობს.