გია გვიჩიანმა შესაძლოა სახელმწიფოსგან კომპენსაცია მოითხოვოს

გია გვიჩიანმა შესაძლოა სახელმწიფოსგან კომპენსაცია მოითხოვოს

„ეი-ი-ეს თელასის“ ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობაში გამართლებულმა გია გვიჩიანმა შესაძლოა სახელმწიფოსგან კომპენსაცია მოითხოვოს. ამის შესახებ გვიჩიანმა სააპელაციო სასამართლოში ჟურნალისტებს, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ განუცხადა. 

”საქართველოს კონსტიტუციაში გარანტირებულია ზიანის ანაზღაურება. ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით გამოყოფილია არც ისე პატარა თანხა ზიანის ასანაზღაურებლად. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს”, - განაცხადა გია გვიჩიანმა. 

„ეი-ი-ეს თელასის“ ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებულები გია გვიჩიანი და ნიკოლოზ ჩემია გამართლდნენ. ორივე მათგანი დღეს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. 

პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს გვიჩიანისა და ჩემიას განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით დაახლოებით 2 თვის წინ მიმართა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველი ის გამოძიება გახდა, რომელიც საგამოძიებო უწყებაში ხელახლა ჩატარდა.

როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, საქმეზე მსჯავრდებულების ბრალეულობა მოპოვებული მტკიცებულებებით არ გამოიკვეთა, შესაბამისად, პროკურატურამ მიმართა სასამართლოს, რათა მოხდეს „ეი-ი-ეს თელასის“ ფინანსური მენეჯერის მკვლელობაში ბრალდებულების მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა. 

2006 წლის 15 აგვისტოს ”ეი-ი-ეს თელასის” ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე გია გვიაჩიანს და ნიკა ჩემიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. ნიკა ჩემიამ და გიორგი გვიჩიანმა დანაშაული არ აღიარეს, მათ უვადო პატიმრობა მიესაჯათ. მოგვიანებით პატიმრობა 20 წლით განისაზღვრა.