მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც 2012 წლის 1-ელი ოქტომბერი გამოიწვიეს

მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც 2012 წლის 1-ელი ოქტომბერი გამოიწვიეს

ჩემი დაკავება მოხდა უმაღლესი თანამდებობის პირების შეკვეთით, თუმცა კონკრეტულ გვარებს ახლა არ დავასახელებ, - ამის შესახებ ”თელასის” ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობაში გამართლებულმა გია გვიჩიანმა ჟურნალისტებს სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ განუცხადა. 

როგორც გვიჩიანმა აღნიშნა, მთავარი პროკურატურის ახალი გამოძიებით და სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, მისი 11-წლიანი უკანონო პატიმრობა დასრულდა.

”ამ პატიმრობის ძირითადი გამომწვევი მიზეზი და საფუძველი იყო ენერგეტიკის სექტორში ჩემი სამსახურებრივი საქმიანობა და სააკაშვილის რეჟიმი. უფრო კონკრეტულ განცხადებას მოგვიანებით გავაკეთებ. მინდა პერსონალური მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარს მიჭერდა; იმ ადამიანებს, ვინც 2012 წლის 1-ელი ოქტომბერი გამოიწვიეს; მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს და პროკურატურის იმ ჯგუფს, რომელმაც აწარმოა ახალი გამოძიება”, - განაცხადა გია გვიჩიანმა. 

მისივე თქმით, გაუგებარია, თუ რა მიზეზით არ ენდობა მოკლული ნიკა ლომინაძის ოჯახი ახალ გამოძიებას. 

”რის საფუძველზე მიმიჩნევენ მე დამნაშავედ? კონკრეტულად რა მტკიცებულებები მიუთითებდა ჩემს წინააღმდეგ?! მე აუცილებლად ვისაუბრებ ამ თემაზე და მზად ვარ დაზარალებულის განცხადებებსაც ვუპასუხო, რომელიც არაფერს არ ეფუძნება. მე ორჯერ დამაკავეს და მეორე დაპატიმრება მოხდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის არასწორად გახსნის გადასაფარად. უფრო დეტალურად და კონკრეტულად მზად ვარ, მოგვიანებით ვისაუბრო. 11 წლის წინ, როდესაც ჩემი სასამართლო მიმდინარეობდა, მე ვცადე გამოძიების დაწყება და ლომინაძის რეალურ მკვლელზე მათი გაყვანა. ორჯერ დავაყენეთ შუამდგომლობა, პოლიციის გენერლის, დავით კეკუას დაკითხვის, რომელმაც დადასტურებულია, რომ მკვლელობის ადგილზე ტყვია შეცვალა და თავიდანვე გამოძიება არასწორი გზით წაიყვანა. სამწუხაროდ, ამის მხარდაჭერა ვერ მივიღეთ, ვერც დაზარალებულისგან და ვერც გამოძიებისგან. ახლა დავით კეკუა გარდაცვლილია და სხვა ძაფი ამ საქმეში ამ ეტაპზე არ გვაქვს”, - განაცხადა გია გვიჩიანმა.

გვიჩიანმა ასევე აღნიშნა, რომ მისი დაკავება სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების შეკვეთით განხორციელდა. 

”ჩემი დაკავება მოხდა სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების შეკვეთით, კონკრეტულ გვარებს ახლა არ დავასახელებ, რადგან ამ საკითხების შესასწავლად ვაპირებ უახლოეს პერიოდში მივმართო პროკურატურას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს”, - განაცხადა გია გვიჩიანმა.

„ეი-ი-ეს თელასის“ ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებულები გია გვიჩიანი და ნიკოლოზ ჩემია გამართლდნენ. ორივე მათგანი დღეს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.