ნორმალურ ვითარებაში, უზენაესი სასამართლოს ნორმალური თავმჯდომარე დღემდე ყველა კითხვას გასცემდა პასუხს

ნორმალურ ვითარებაში, უზენაესი სასამართლოს ნორმალური თავმჯდომარე დღემდე ყველა კითხვას გასცემდა პასუხს

ნორმალურ ვითარებაში, უზენაესი სასამართლოს ნორმალური თავმჯდომარე დღემდე ყველა კითხვას პასუხს გასცემდა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განუცხადა.

მისი თქმით, უამრავი კითხვა დაგროვდა ნინო გვენეტაძის მიმართ. 

"უმთავრესი და უმნიშვნელოვანესია ბოლოს და ბოლოს გავიგოთ მისი პოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით. ქალბატონი გვენეტაძე არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და დღემდე არანაირი განცხადება არ გაუკეთებია, არადა ვალდებულია. საერთოდ თვლის, რომ ეს საგანგაშო ვითარებაა? თვლის, რომ ზეწოლაა მოსამართლეებზე თუ არ თვლის? საერთოდ თვლის თუ არა, რომ თუ ზეწოლაა მოსამართლეებზე, ამას ოპოზიცია ახორციელებს თუ ხელისუფლება სუს-ის სახით - ამ ყველაფერზე ქალბატონ გვენეტაძეს მოუწევს საუბარი და ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა. ნორმალურ ვითარებაში, ნორმალური უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დღემდე ყველა კითხვაზე პასუხს გასცემდა", - განაცხადა მელიამ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ხმამაღალი კამათისა და უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის გადაძახილების ფონზე მიმდინარეობს. 

საკომიტეტო მოსმენაზე მყოფ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს ოპოზიციამ შეკითხვები ტელეკომპანია ”რუსთავი2”-ის საქმესთან დაკავშირებით დაუსვა. ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ევროპული საქართველოს” წევრებმა ხაზგასმით დააფიქსირეს, რომ სასამართლო ხელისუფლება ჩართულია ტელეკომპანიის დახურვის პროცესში. 

ამასთან, ნიკა მელიამ გვენეტაძეს სთხოვა დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია მის მოადგილე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძესთან დაკავშირებით. როგორც მედიამ აღნიშნა, ჩინჩალაძე უზენაეს სასამართლოში პროკურატურას წარმოადგენს. 

სხდომაზე ხმაური დეპუტატ ფატი ხალვაშის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ არავის სურს „რუსთავი2“-ის დახურვა. ფატი ხალვაშს რეპლიკით გააწყვეტინა განცხადება ნიკა მელიამ. ამაზე სხდომის წამყვანმა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს მიუთითა ზრდილობაზე და სთხოვა, მათ კოლეგებს სიტყვით გამოსვლის დასრულება აცადონ. 

კილაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს რამდენჯერმე მიუთითა ერთმანეთს სცენ პატივი, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნა, რომ მიმართავს მანდატურის სამსახურს, რომ დაატოვებინოს მათ სხდომათა დარბაზი. 

აღნიშნული კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის მიერ პარლამენტში წარდგენილი ანგარიშის შესრულებაზე რამდენიმე სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენელს, მათ შორის ნინო გვენეტაძეს უსმენენ.