ქვეყანაში ერთი უშიშროების საბჭო უნდა იყოს, არ უნდა შევქმნათ ორი ერთნაირწონიანი სტრუქტურა

ქვეყანაში ერთი უშიშროების საბჭო უნდა იყოს, არ უნდა შევქმნათ ორი ერთნაირწონიანი სტრუქტურა

პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიორგი ვოლსკის აზრით, „ქვეყანაში ერთი უშიშროების საბჭო უნდა იყოს“. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ფარგლებში წამოჭრილი ყველა საკითხი კონკრეტულ სახელებთან და გვარებთან კავშირში განიხილება, რაც არასწორია.

„სახელმწიფოში უნდა იყოს მაქსიმალური კოორდინაცია და არ უნდა შევქმნათ ორი ერთნაირწონიანი სტრუქტურა, რომლებსაც ამბიცია ექნებათ, ერთმანეთს გადაასწრონ მმართველობისა და ბერკეტების გამოყენების საქმეებში. სტანდარტი დაცული უნდა იყოს სახელმწიფოში. ვთქვით, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა გვინდა? მაშინ პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა შესუსტდეს და იწყებენ საუბარს, რომ აი, მარგველაშვილს ართმევენ უფლებამოსილებებს. არავინ ლაპარაკობს მთავარზე, რომ ეს კონსტიტუცია არც მარგველაშვილისთვის არის, არც კვირიკაშვილისთვის და არც ვოლსკისთვის, - ეს არის ქვეყნისთვის. ქვეყანაში უნდა იყოს სტაბილური მმართველობა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს - ეროვნული უშიშროების საბჭოს გარდა, პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში შექმნილია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო. საზოგადოების ნაწილის შეფასებით, ამ ორი ორგანოს ფუნქციები ფაქტობრივად დუბლირებულია, რაც მათი კრიტიკის საფუძველს წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს რეფორმირება საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში ერთ-ერთ განსახილველ საკითხს წარმოადგენს.