გიგი უგულავა: ეს დღე იყო წვეთი ზღვაში

გიგი უგულავა: ეს დღე იყო წვეთი ზღვაში

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციაზე დაახლოებით 30 000 ადამიანი იმყოფებოდა. 

ამასთან, უგულავას თქმით, ესენი იყვნენ ტელეკომპანიის რიგითი გულშემატკივრები და არა პარტიული აქტივი.

„რუსთავი 2“ არის მთავარი მედიაორგანიზაცია, რომელიც არ კონტროლდება ხელისუფლებისგან. ამ თვალსაზრისით, ეს არის თავისუფლების ბასტიონი და სწორედ აქ გადის თავისუფლების ხაზი. თუ „რუსთავი 2“-ზე მოხდა ის, რაც ხელისუფლებას და ივანიშვილს აქვს ჩაფიქრებული, მოხდება პოლიტიკის რადიკალიზაცია, სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბება. ეს დღეს იყო წვეთი ზღვაში. დღეს აქ იმყოფებოდა დაახლოებით 30 000-მდე ადამიანი და ვინც ითვლის ხოლმე სახურავიდან, მინდა ვუთხრა: ეს არ იყო პარტაქტივი. პარტაქტივი იყო მხოლოდ 20-25%“, - განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, „რუსთავი 2“-თან ერთად, ფსონი დევს სასამართლოზეც.

„სასამართლო პრაქტიკულად დანგრეულია. ეს ჩვენ კარგად გამოვცადეთ ამ ოთხი წლის მანძილზე. არც მანამდე არ იყო, სამწუხაროდ, დიდად თავისუფალ მდგომარეობაში, მაგრამ „რუსთავი 2“-ის საქმით დაინგრევა მთლიანად სასამართლოს პრესტიჟი, რომელსაც ქართული სახელმწიფო მომდევნო 10 წელი ვეღარ აღადგენს. იმ მოსამართლეების მინდა ვუთხრა - თქვენ ხომ კარგად იცით, მეგობრებო, რომ პროფესიულ სიკვდილს მოაწერთ ხელს? მეორე კურსელი იურისტიც კი გეტყვით, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც ურთმელიძემ მიიღო და შემდეგ ნაზღაიძემ დაამოწმა, სამართალთან, კონსტიტუციასთან არანაირ კავშირში არ არის“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერები თავიანთ მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტის შენობასთან გამართულ, „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობდნენ.