თუ საქართველოში არ იქნა თავისუფალი სიტყვა და კრიტიკული მედია, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი შვილები ვერ იცხოვრებენ ევროპულ საქართველოში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მე დღეს აქ არ მოვსულვარ „რუსთავი 2“-ისთვის, მე დღეს აქ მოვედი ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. თუ საქართველოში არ იქნა თავისუფალი სიტყვა და კრიტიკული მედია, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი შვილები ვერ იცხოვრებენ ევროპულ საქართველოში. „რუსთავი 2“-ის მხარდაჭერით მე მხარს ვუჭერდი საკუთარ თავისუფლებას“, - განაცხადა ბაქრაძემ.
რაც შეეხება იმას, როგორ ესახება მოვლენების განვითარება, ბაქრაძის თქმით, ხელისუფლებამ როგორც ჩანს, მიიღო გადაწყვეტილება ნებისმიერ ფასად ჩაიგდოს ხელში „რუსთავი 2“.
„ამიტომ დღეს გადამწყვეტი სიტყვა არის ქართულ საზოგადოებაზე. თუ ჩვენ ყველა ერთად დავანახებთ ხელისუფლებას, რომ ის ვერ შეძლებს „რუთავი 2“-ის წაღებას, ივანიშვილი ვერ შეძლებს „რუსთავი 2“-ის წაღებას. თუ ხელს ჩავიქნევთ, მაშინ ხელს ჩავიქნევთ საქართველოს უკეთეს მომავალზე და მაშინ ყველა არხზე გვეყოლება ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები პარლამენტის შენობასთან გამართულ, „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციას საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად შეუერთდნენ.