რუსეთი ნატოს საქართველოს დათმობას თხოვს

რუსეთი ნატოს საქართველოს დათმობას თხოვს

რუსეთი აქტიურად ვაჭრობს და ნატოს-გან საქართველოს საკითხში დათმობას ითხოვს. მოსკოვში მოითხოვენ, რომ ცხინვალსა და აფხაზეთში რუსული ჯარების ყოფნა უკვე „შემდგარ ფაქტად“ აღიარონ. ექსპერტების თქმით, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი კაპიტულანტურ დოკუმენტს არასოდეს მოაწერს ხელს.  

ამარიკული გაზეთის The independent მტკიცებით, მოსკოვი ნატო-სათვის ავღანეთში დახმარების სანაცვლოდ, ალიანსისაგან რაკეტსაწინაღმდეგო სისტემების ევროპაში განლაგებისა და საქართველოს საკითხებში დათმობებს მოითხოვს . 

„ავღანეთში დახმარების სანაცვლოდ, მოსკოვს სურს, რომ ნატო-მ უარი თქვას ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგებასა და საქართველოში არსებული ვითარება, კერძოდ, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსული ჯარების ყოფნა უკვე შემდგარ ფაქტად აღიაროს“, - აღნიშნავს სტატიის ავტორი კიმ სენგუპტა. 

გამოცემა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ გრუშკოს განცხადების ციტირებას ახდენს, რომლის მიხედვითაც, „მოსკოვს ნატო-სთან სურს, გააფორმოს იურიდიული ძალის მქონე შეთანხმება შეიარაღების შესახებ, რომელშიც არ იქნება შეტანილი საქართველოსთან დაკავშირებული საკითხი“. 

ავტორის აზრით, მოსკოვი ნატო-ს იმასაც აგრძნობინებს, რომ ამგვარი დათმობების სანაცვლოდ, რუსეთი თავისი ტერიტორიის გავლით, ავღანეთში შესატანი შეიარაღების გარკვეულ ნაწილზე დაწესებულ აკრძალვაზე უარს იტყვის. 

გამოცემის ანალიტიკოსთა აზრით, ნატო საქართველოსადმი დახმარებას შეამცირებს, მაგრამ „ალიანსისთვის ძალიან ძნელი იქნება ასეთი რუსული სატყუარას გადაყლაპვა“.

The Independent-ის ინფორმაციით, რუსეთი ავღანეთის ომში მონაწილეობის შესახებ „დასავლეთის იმ სახელმწიფოების თხოვნას დასთანხმდა, რომლებიც 21 წლის წინ მოჯაჰედებს ავღანეთის ტერიტორიიდან საბჭოთა ჯარის განდევნაში დაეხმარნენ“. 

მისივე ცნობით, „მოსკოვი ავღანელი სამხედროებისა და პოლიციელების დანაყოფებისთვის ნარკოტიკებთან ბრძოლის წინააღმდეგ მეთოდების შესწავლაში მონაწილეობს, ასევე ნატო-ს ავღანეთში საკუთარი ვერტმფრენების გამოყენებაზე თითქმის დათანხმდა“. 

„როგორც ვარაუდობენ, კარდინალურად ახალი შეთანხმების შესახებ უკვე ლისაბონის ნოემბრის სამიტზე გაცხადდება, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დაესწრება. დასავლური მედია უკვე მსჯელობს იმაზე, დაისმება თუ არა ავღანეთში რუსული ჯარის დაბრუნების საკითხი, ქაბულის ქუჩებში კი რუსებს აუგად იხსენიებენ“, - წერს „InoPressa“. 

როგორც ჩანს ნატო–რუსეთის დიალოგი აქტიურ ფაზაში გადადის. ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი 5 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით რუსეთს ეწვევა. ამის შესახებ დღეს ბრიუსელში ნატო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

რასმუსენი ნატო-რუსეთის ლისაბონის სამიტის მზადების ფარგლებში გამართავს მოლაპარაკებებს, რომელიც 20 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი.

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში სოსო ცინცაძე რუსეთის მცდელობას, ნატო-სგან ალიანსის ახალი წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე „მნიშვნელოვანი საბრძოლო ძალების“ არგანთავსების ვალდებულების აღებას მიაღწიოს, უტოპიურად მიიჩნევს და აცხადებს, რომ „ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კაპიტულანტურ დოკუმენტს არასოდეს მოაწერს ხელს“.  

ამასთან, როგორც „პირWელს“ ცინცაძემ განუცხადა, რუსეთის მთავარ დიპლომატის სერგეი ლავროვის მიერ შემუშავებული დოკუმენტის პროექტის შესახებ ცნობილი იყო და ეს საკითხი ამასწინათ საფრანგეთის ქალაქ დოვილში რუსეთ-საფრანგეთ-გერმანიის ლიდერების სამმხრივი შეხვედრის დროსაც განიხილებოდა. 

„როგორც ჩანს, რუსეთმა ულტიმატუმის ენით დაიწყო საუბარი, რადგან იცის, რომ ალიანსისთვის ძალიან მძიმე დროა და სურს, მომენტით ისარგებლოს. მხედველობაში მაქვს ავღანეთში ნატო-ს ჯარების არცთუ წარმატებული ომი. არ გამოვრიცხავ, რომ დოვილის შეხვედრაზე სარკოზიმ და მერკელმა მედვედევს ამ დოკუმენტთან დაკავშირებით გარკვეული იმედები მისცენ. 

თუმცა აქ მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, ნატო-ს ხელ-ფეხის შეკვრას მხარს არ დაუჭერს. გარდა ამისა, თავად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უსაფრთხოების ახალ კონცეფციაში ბევრი რამ წერია ნატო-ს გეოგრაფიული არეალის გაფართოებაზე, ხოლო გაფართოებას სამხედრო ბაზების გარეშე უბრალოდ აზრი არ აქვს. როგორც ჩანს, კრემლი საკუთარ შესაძლებლობებს ობიექტურად ვერ აფასებს, რადგან ნატო კაპიტულანტურ დოკუმენტს ხელს არასოდეს მოაწერს და იმ ხაზს, რომელსაც ალიანსის დაარსებიდან ატარებს, უბრალოდ არ შეცვლის“, - განაცხადა ცინცაძემ.  

პოლიტოლოგი რუსეთის ავღანეთში დაბრუნებასაც გამორიცხავს. როგორც „პირWელს“ ცინცაძემ განუცხადა, „კრემლმა თავის დროზე ავღანეთში ისეთი გაკვეთილი მიიღო, რომ მისი დაბრუნება ამ ომში შეუძლებელია“. 

„ავღანეთში რუსეთის დაბრუნებას მოქმედი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მხარს არ დაუჭერს. კრემლში ავღანეთის ომი და მისი შედეგები ჯერ კიდევ ძალიან კარგად ახსოვთ. აქედან გამომდინარე, მათი იქ დაბრუნება უბრალოდ შეუძლებელია“, - განმარტავს ცინცაძე. 

ექსპერტის საგარეო საკითხებში ირაკლი მენაღარიშვილის აზრით კი, რუსეთი ნატო-სგან ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოების შეწყვეტის გარანტიების მიღებას ცდილობს და „აქტიურად ვაჭრობს“. ქართველი ექსპერტი აღნიშნულ ინფორმაციას „ბოლომდე არ ენდობა“, თუმცა არც მსგავსი ფაქტის არსებობას გამორიცხავს. 

„როგორც ობიექტურ ანალიტიკოსს, ძალიან მიკვირს, როგორ შეძლო კრემლმა ნატოს სახით მტრის ხატის შენარჩუნება. რუსეთი ნატო-სგან მოითხოვს, აღმოსავლეთით გაფართოება არ გაგრძელდეს და აქტიურად ვაჭრობს, რაც კრემლისთვის დამახასიათებელი, ტრადიციული მიდგომაა. ამ ვაჭრობით მოსკოვი ცდილობს, რაღაც მაინც მიიღოს, მაგრამ არ მგონია, ნატო-მ საკუთარ ფუნდამენტურ ღირებულებებს გადაუხვიოს და რუსეთთან მსგავს გარიგებაზე წავიდეს“, - აცხადებს მენაღარიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გაზეთ „კომერსანტის“ ინფორმაციით, რუსეთი ცდილობს, ნატო-სგან ალიანსის ახალი წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე „მნიშვნელოვანი საბრძოლო ძალების“ განთავსების აკრძალვას მიაღწიოს. მისივე ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიერ შემუშავებული საიდუმლო დოკუმენტის პროექტში, რომელიც ალიანსის ხელმძღვანელობას ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გადაეცა.

სტატიის ავტორი ირწმუნება, რომ დოკუმენტის თანახმად, რუსეთი ნატო-ს აღმოსავლეთ ევროპაში შეიარაღების განთავსების შეზღუდვას სთხოვს და დოკუმენტის ხელმოწერის შემთხვევაში ალიანსი აიღებს ვალდებულებას, რუსეთის საზღვრების სიახლოვეს საბრძოლო ძალები არ განალაგოს. 

მისი ინფორმაციით, რუსეთში იმედი აქვთ, რომ ახალ შეთანხმებას ლისაბონის ნოემბრისთვის დაგეგმილ სამიტამდე, კერძოდ, ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუენის მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში მოეწერება ხელი, რომელიც 5 ნოემბერს გაიმართება.