ვარსკვლავური ტურიზმი და სააკაშვილის 5-იანები

ვარსკვლავური ტურიზმი და სააკაშვილის 5-იანები

სააკაშვილის 5-იანი იმდენად უყვარს, რომ ყველაფერში ამ ციფრს ხედავს. მაგალითად, მისი ახალი შეკვეთაა 5 მილიონი ტურისტი და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები. 5 მილიონ ტურისტს ქაღალდზე როგორღაც “გამოიყვან”, მაგრამ სასტუმროებს რომ ბევრი ფული უნდა? და სხვათა შორის, მილიონობით ტურისტს 2 და 3-ვარსკვლავიანი ოტელები უფრო სჭირდება, ვიდრე სუპერთანამედროვე ნაგებობები.

სულ რაღაც რამდენიმე კვირაში ივნისში სტეფანწმინდაში 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო იხსნება. მსგავსი სასტუმროს გახსნა იგეგმება ბორჯომშიც. თუმცა, ყაზბეგი ოდენ 4-ვარსკვლავიანი ოტელის იმედად არ არის. რაიონის გამგებლის ვიქტორ სუჯაშვილის თქმით, აქ აშენდება სასტუმროები და მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა.

მისივე განმარტებით, ერთი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო უკვე 2013 წლის მაისში გაიხსნება. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი, სავარაუდოდ, გაისად დასრულდება.

თუკი სტეფანწმინდაში ელიტური სასტუმროების ასეთი ბუმია, სხვა რეგიონებმა რა დააშავა, რა თქმა უნდა, არაფერი. ჰოდა, ბორჯომშიც ორი ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო შენდება. ეს მდიდრული ოტელები, რომელიც, სავარაუდოდ “კემპინსკის” მსოფლიო ბრენდის ქვეშ იმუშავებს. სასტუმრო დამსვენებლებს 2013 წლიდან მიიღებს. ბორჯომში 100-ნომრიან სასტუმროს კი “ჰოლიდეი ინის” ოპერატორი “აჭარა გრუპი” ააშენებს.

ამ რამდენიმე თვის წინათ ყოვლად უქმ და უინტერესო კურორტ ანაკლიაში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა და მუშაობს კიდეც (თუ ამას მუშაობა ჰქვია). ანაკლიური “ოქროს საწმისის” მშენებლობაში წვლილი “საქართველოს ბანკმაც” შეიტანა და 2 მილიონი დოლარის მოცულობის სესხი გამოყო.

ამ ყველაფრის შემხედვარე ჩნდება ერთადერთი შეკითხვა - ვის რად უნდა საქართველოში ასეთი მაღალი დონის სასტუმროები, სადაც ერთი ღამის გათევა მინიმუმ 200 დოლარი ღირს, ხოლო ფინჯანი ყავის ფასი 10 ლარიდან იწყება? ადგილობრივი მოსახლეობა ასეთ ოტელებში ცხვირს არათუ ახლა, მრავალი წლის შემდეგაც ვერ შეყოფს.  საზაფხულოდ მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები იმას ცდილობენ საქართველოში როგორმე იაფად და თავისი ჯიბის შესაფერისად დაისვენონ. ამერიკელი, იაპონელი და ევროპელი შეძლებული ტურისტი აქ არ ჩამოდის და უცხოპლანეტელებიც არსად ჩანან.

არადა, ხელისუფლებას ამბციური გეგმები აქვს 5 მილიონი ტურისტთან დაკავშირებით (შარშან 3-მილიონი გეგმა ხომ შესრულდა და ამჯერად სააკაშვილის ახალ გეგმა-ვალდებულებაზე უნდა იზრუნონ). ასეთ პირობებში, წესით და რიგით, გათვლები არა 5-ვარსკვლავიან სუპერთანამედროვე სასტუმროებზე, არამედ 3 და 2-ვარსკვლავიან ოტელებზე უნდა გაკეთდეს.

“სააკაშვილი იმით ამაყობს, რომ ბათუმში “კემპინსკი” და “შერატონი” გვაქვს, სადაც დღე-ღამეში მომსახურება 300 ევროს შეადგენს, ასე ტურიზმი ვერ განვითარდება. თუმცა თუ ჩვენი ხელისუფლება გათვლებს ელიტურ ტურიზმზე აკეთებს, მაშინ მას სწორი გზა აქვს არჩეული”, - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი.

უცხოეთიდან ჩამოსულ ტურისტებს არა მაღალი კლასის სასტუმროები, არამედ 3-ვარსკვლავიანი, სუფთა, მოწესრიგებული და ფასის მხრივ ხელმისაწვდომი ოტელების სჭირდებათ. თანაც, დიდი რაოდენობით ტურისტების მიღება სასტუმროების სფეროში არაპროფესიონალი კადრების კომპენსირებას ვერ მოახდენს.

3 და 2-ვარსკვლავიანი სასტუმროების ნაკლებობას აღიარებენ “გლობალ სტარშიც”. როგორც კომპანიის დამფუძნებლმა დავით სუჯაშვილმა რადიო “კომერსანტს” განუცხადა, საქართველოში 20-მდე 3-ვარსკვლავიანი სასტუმროა მაშინ, როდესაც ქვეყანაში ამ ტიპის სასტუმროებზე მოთხოვნის 70%-ზე მეტი მოდის.

2 და 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების სიმცირეს ადასტურებენ საქართველოს რეგიონების ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებშიც და აცხადებენ, რომ ამ მხრივ ნაბიჯები უკვე იდგმება.