საგადასახადო რეფერენდუმის იდეა ჩანასახშივე ჩაახშეს

საგადასახადო რეფერენდუმის იდეა ჩანასახშივე ჩაახშეს



გადასახადების მხოლოდ რეფერენდუმის გზით გაზრდის ვალდებულება ნაცმოძრაობამ მომავალ ხელისუფლებას გადააბარა. ყოველ შემთხვევაში, შარშან პრეზიდენტის მიერ აფიშირებული გადაწყვეტილება ძალაში 2013 წლიდან შევა. ამ დროს კი ხელისუფლებაში ვინ იქნება, ჯერ კიდევ არავინ იცის. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას სხვა გამოსავალი არც ჰქონდა და ამ ნორმის დაკოსერვებისათვის მომავალ მთავრობასაც მოუწევს რაიმე გამოსავლის მოძებნა.


 


პრეზიდენტის შარშან გახმოვანებული იდეა, რომ გადასახადების გაზრდის საკითხი მხოლოდ რეფერენდუმის გზით უნდა წყდებოდეს, ჯერ ისევ პროექტის სახით არსებობს. გადასახადების მხოლოდ რეფერენდუმის გზით გაზრდის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილება პარლამენტს 111 ხმით, გასული წლის ბოლოს, პირველი მოსმენით აქვს მიღებული, თუმცა მას შემდეგ საკითხზე განხილვა აღარ შემდგარა.


მორიგი განხილვა კი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გუშინ შედგა და, როგორც კომიტეტის სხდომაზე გახდა ცნობილი, ცვლილება არა გამოქვეყნებისთანავე, არამედ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება.


 


ამასთან, აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის თანახმად, ხანგრძლივვადიანი სტაბილური ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვარს და ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად პრინციპებს საქართველოს შესაბამისი კანონი დაადგენს. ამასთან, საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადების შემოღება ან გაზრდა, ასევე, მათი დაბეგვრის ობიექტის დამატება ან გაფართოება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რეფერენდუმის გზით, რომლის დანიშვნის ინიციატივის უფლება მთავრობას ექნება.


 


მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ოპოზიცია გარკვეული იუმორითაც კი შეხვდა.


„ეს ის შემთხვევაა, რომ ხელისუფლების მოხერხებულობას ტაში უნდა დავუკრათ. გადასახადების გაზრდის რეფერენდუმის გზით გადაჭრის საკითხი რომ აბსურდია, ყველამ კარგად ვიცით და, როგორც ჩანს, მთავრობასაც ესმის, ცხადია, სააკაშვილის გარდა. ამ საკითხის მიღება წელიწადზე მეტი ამიტომაც გაჭიანურდა, რომ არ იცოდნენ, რა გამოსავალი ეპოვათ და, როგორც ჩანს, გამოსავალი საკითხის 2013 წლამდე გადავადებაში იპოვეს. მერე ან იქნებიან ან არა და გადაწყვეტილებასაც ამის მიხედვით მიიღებენ“, - აცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი.


 


აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ამ იდეის გაჟღერებისთანავე ექსპერტების მხრიდან საკმაოდ მწვავე კრიტიკა მოჰყვა. სააკაშვილის ეს იდეა ექსპერტებს ჯერ ხუმრობა ეგონათ. ვინაიდან, მსგავსი პრეცედენტი არცერთ ქვეყანაში არ არსებობს და ამასთან, ძალიან მცირე შანსია იმისა, რომ მოქალაქეებმა საკუთარი გადასახადების გაზრდას მხარი დაუჭირონ. მით უმეტეს, იმ სოციალური ფონის გათვალისწინებით, რაც ქვეყანაში არსებობს.


 


გასაგებია, რომ ეს საკითხი პრეზიდენტის მხრიდან დემოკრატიულობის საჩვენებლად გაჟღერდა და ამ თვალსაზრისით ცუდი მაგალითიც არ უნდა ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტს იმის თქმა ნამდვილად შეეძლება, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერს ხალხი წყვეტს. მაგრამ მეორე საკითხია ის ეკონომიკური შედეგი, რაც ამ იდეის განხორციელების შედეგად დადგება და უნდა ითქვას, რომ ექსპერტების პროგნოზი არცთუ დამამშვიდებელია.


 


ოპოზიციის ამ კრიტიკის გამო ხელისუფლებამ ექსპერტებიც და ოპოზიციაც, ლამის, მოღალატეებად მონათლა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში ამ იდეის ტრანსფორმირება ხდებოდა თავად ხელისუფლების მიერ.


თავდაპირეველად პროექტში ჩაწერილი იყო, რომ ეს ცვლილება უნდა შეხებოდა საერთო სახლემწიფოებრივ გადასახადებს, კერძოდ -  აქციზს და არა  - ქონების გადასახადს. თუმცა, მთავრობამ მალევე მოითხოვა, რომ შეხებოდა მხოლოდ ქონების გადასახადს და არა აქციზს.


 


ამის არგუმენტად კი ის ფაქტორი დასახლედა, რომ, მთავრობის შეხედულებით, აქციზით იბეგრება, ძირითადად, ფუფუნების ან ისეთი საგნები, რომლებიც ზიანს აყენებს ჯანმრთელობას ან გარემოს. შესაბამისად, საკონსტიტუციო ცვლილებაში აისახება, რომ აქციზის განაკვეთების გაზრდაზე გადაწყვეტილებას რეფერენდუმი არ დასჭირდება.


 


ექსპერტებს კი მიაჩნიათ, რომ ფასების ზრდას, ძირითადად, აქციზის და მსგავსი ტიპის გადასახადები იწვევს და თუკი საუბარია იმაზე, რომ ეს საკითხი რეფერენდუმით უნდა გადაწყდეს, მაშინ რეფერენდუმზე სწრედ ეს უნდა დადგეს.


 


სესიაზე საკითხის პირველი მოსმენით მიღებისას კი უმრავლესობამ ისიც მოითხოვა, რომ რეფერენდუმზე დაყენება ქონების გადასახადს არ უნდა შეეხოს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ბეჟან ბუცხრიკიძემ განაცხადა, საქართველოში ქონების გადასახადი თითქმის არ არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მოსახლეობას მძიმე ტვირთად არ დააწვეს. მისივე თქმით, თუ ხელისუფლება მომავალში მიიღებს ქონების გადასახადის გაზრდის გადაწყვეტილებას, ამ საკითხს რეფერენდუმზე მხარს არავინ დაუჭერს, ვინაიდან „არავინ დათანხმდება მისთვის ქონების გადასახადის გადახდის დაკისრებას“. შესაბამისად, მას მიაჩნია, რომ რეფერენდუმზე ქონების გადასახადის გაზრდის საკითხი არ უნდა დადგეს.


საბოლოოდ კი გადაწყდა, რომ საკითხის მეორე მოსმენით განხილვისას გადაწყდებოდა, რა გადასახადს უნდა შეხებოდა ეს პრინციპი და რას – არა.  


 


მაგრამ, მეორე მოსმენისთვის ეს საკითხი კი არა, ამოქმედების ვადა გაირკვა.


ექსპერტებს კი ეს ტენდენცია არ უკვირთ, ვინაიდან, როგორც ექსპერტი ლადო პაპავა აცხადებს, პრეზიდენტის ეს იდეა თავიდანვე შეცდომა იყო და ახლა მთავრობას ამ საკითხის შერბილება უწევს.


 


„გადასახადების საკითხი უკავშირდება ეკონომიკურ პოლიტიკას და არის მთავრობის პრეროგატივა, რომელიც უნდა შეათანხმოს პარლამენტთან. ეკონომიკური პოლიტიკა კი ცვალებადია და აქედან გამომდინარე, არ შეიძლება, გადასახადების შემოღება-არშემოღების, თუ გაზრდა-არგაზრდის საკითხი რეფერენდუმზე წყდებოდეს. რეფერენდუმზე იმ საკითხის გატანა, რომელზეც წინასწარ იცი, რომ პასუხი იქნება უარყოფითი, არ შეიძლება. შეუძლებელია, რეფერენდუმზე ვინმემ ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი დაუჭიროს. ამიტომ ამ საგადასახალო სისტემას მე დავარქვი „საგადასახადო სისტემის იეღოვიზაცია“. იცით, რატომ არის იეღოვიზაცია? იაღოველს როდესაც ეუბნებიან, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად სისხლის გადასხმაა საჭირო, სისხლის გადასხმაზე უარს იტყვის და არც ამ შეკითხვას აქვს აზრი ისევე, როგორც იმას, რომ ხალხს გადასახადების გაზრდა ჰკითხო. ხალხმა რომც იცოდეს, რომ გადასახადების გაზრდის გარეშე დაიღუპება, ხმას მაინც არ მისცემს,“ - აცხადებს ლადო პაპავა.